32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
მიმდინარე წლის 23 აპრილს, გლდანის რაიონის ტექნოლოგიურ კოლეჯში გამართულ სპმთპ-ის გლდანის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე, 52 დელეგატმა სპმთპ-ის გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვიქტორია ბალავაძე ერთხმად აირჩია.კონფერენციას სპმთპ-ის პრეზიდენტი, მაია კობახიძე, სპმთპ-ის განათლებისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი, თეიმურაზ კიკნაძე, გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე, გამგებლის მოადგილე, ნანა ციმაკურიძე, საქართველოს პარლამენტის წევრის, გლდანის რაიონის მაჟორიტარის ბიუროს წარმომადგენელი, გვანცა ღამბაშიძე, საბავშვო ბაგა-ბაღებისა და საჯარო სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.

დელეგატებსა და სტუმრებს მიესალმა სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე. მან მადლობა გადაუხადა გლდანის რაიონის გამგებელს, ბექა მიქაუტაძეს, გამგებლის მოადგილეს ნანა ციმაკურიძეს, დირექტორებს მხარდაჭერისთვის, მასწავლებელთა და პროფკავშირის მიმართ მათი დემოკრატიული მიდგომებისთვის. ასევე მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს მობრძანებისთვის.

სპმთპ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, პედაგოგთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, შრომითი და სამართლებრივი უფლებების დაცვის, პროფესიული განვითარების, მასწავლებელთა პროფესიული პრესტიჟის ამაღლების კუთხით მიღწეულ წარმატებებზე. მაია კობახიძემ, ასევე, ისაუბრა ორგანიზაციის პრიორიტეტებზე, რომელთა მიღწევაც სპმთპ-ის მთავარ გამოწვევად რჩება. განსაკუთრებული აქცენტი გააკეთდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე და რეფორმაზე, რომლის ამოქმედებაც იწყება. მაია კობახიძემ კონფერენციის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა.

მონაწილეებს მიესალმა გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე. მან მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტს საინტერესო გამოსვლისთვის, მნიშვნელოვანი თემების განხილვისთვის. ასევე მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ვიქტორია ბალავაძეს აქტიური საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა მომავალში.

სპმთპ-ის გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ვიქტორია ბალავაძემ კონფერენციის მონაწილეებს ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და სამოქმედო გეგმა გააცნო.

კონფერენციაზე დელეგატებმა სპმთპ-ის გლდანის რაიონული საბჭოს შემადგენლობა და სპმთპ-ის რიგით მე-9 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატებიც აირჩიეს.