32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

 

logo ka 200

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) არის პროფესიული ნიშნით, საერთო ინტერესებით დაკავშირებულ პირთა ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც განათლების სისტემაში დასაქმებულებს აერთიანებს. 

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი საერთაშორისო ორგანიზაცია - განათლების ინტერნაციონალის (EI), ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტისა  (ETUCE) და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (GTUC) წევრია.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) ორიენტირებულია სოციალურ სამართლიანობაზე,დემოკრატიულ პრინციპეპბზე, ხარისხიან განათლებასა და წევრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე;


საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) თავის მისიას ახორციელებს ორი მნიშვნელოვანი მიმართულებით:
 
დაიცვას პედაგოგთა და საგანმანათლებლო/სასწავლო დაწესებულებებში დასაქმებული დამხმარე პერსონალის შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი უფლებები;
იზრუნოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიულ განვითარებაზე; 
თითოეული ამ მიმართულებით ორგანიზაცია მუდმივი განვითარების პროცესშია, რაც ემყარება წევრებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან აქტიურ თანამშრომლობას. 
 
სპმთპ-ის მიზნები და ამოცანები
 
განათლებისა და მეცნიერების მუშაკთა სოციალური სტატუსის აღიარების ხელშეწყობა; 
წევრთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებებისა და ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა; ზრუნვა წევრთა შრომითი და სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის; 
ზრუნვა საჭირო გარემოსა და პირობების შესაქმნელად ხარისხიანი და ეფექტური განათლებისათვის;
ზრუნვა თითოეული ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების მიღების უზრუნველყოფისთვის.

თავისი მიზნების მისაღწევად სპმთპ
 
აწარმოებს სოციალურ დიალოგს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან წევრთა ინტერესების დაცვისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით;
წარდგება კოლექტიური დაცვისა და მოლაპარაკების მხარედ ყველა ინსტანციაზე, მათ შორის სასამართლოში;
ხელს უწყობს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფესიულ განვითარებას  უზრუნველყოფისთვის.   
 
სპმთპ–ის საკანონმდებლო ბაზა

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ორგანული კანონის – შრომის კოდექსის, საქართველოს კანონის პროფესიული კავშირების შესახებ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად.
სპმთპ არის საქართველოში არსებული სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და სამეცნიერო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკურ უფლებათა და თავისუფლებათა დამცველი დამოუკიდებელი, ნებაყოფლობითი, საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც იცავს თავის წევრთა ინტერესებს და ხელს უწყობს განათლების დემოკრატიზაციას.
სპმთპ თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, დამსაქმებელთა, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი გაერთიანებებისა თუ რელიგიური მოძრაობებისაგან, არ არის მათ წინაშე ანგარიშვალდებული და არ ექვემდებარება მათ კონტროლს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. წევრთა ინტერესებიდან გამომდინარე, სპმთპ მათთან ურთიერთობას ახორციელებს თანასწორუფლებიანობის, სოციალური პარტნიორობის, ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთსანაცვლო უფლებებისა და ვალდებულებების საფუძველზე.
სპმთპ დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის ორგანიზაციულ-სამართლებრივ სტრუქტურას, ირჩევს მართვის ორგანოებს და წევრთა სოციალურ-ეკონომიკური, შრომითი და სამართლებრივი ინტერესების დაცვის მიზნით, დამოუკიდებლად შეიმუშავებს სამოქმედო პროგრამას საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

სპმთპ არ ქმნის და არ მიეკუთვნება არც ერთ პოლიტიკურ პარტიასა და რელიგიურ გაერთიანებას.
სპმთპ წარმოადგენს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. აქვს ბეჭედი, ტიტულიანი ფურცელი, ემბლემა და ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ფლობს ქონებას, გააჩნია ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, უფლებამოსილია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში და არბიტრაჟში.
სპმთპ თავისი საწესდებო მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
სპმთპ შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.