32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
მიმდინარე წლის 18-19 ნოემებრს, სპმთპ-ის წყნეთის სასწავლო ბაზაზე, სპმთპ-ის პრეზიდენტის, მაია კობახიძის ინიციატივით, ამერიკის სოლიდარობის ცენტრის ფინანსური მხარდაჭერითა და სპმთპ-ის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნაირა ქააძის ორგანიზებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლების საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის სპეციალური პროგრამა განხორციელდა.

პროგრამის პირველ ნაწილში პანკისის ხეობაში მდებარე სოფლების: ბირკიანის, დუისის, ომალოს, ჯოყოლოს საჯარო სკოლების პედაგოგებსა და შირაქის ველზე მდებარე ახმეტის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლის მთლიან პედკოლექტივს პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ ტრენერმა, თამარ ჭელიძემ ტრენინგი - ,,პროფესიული უნარები“ - ჩაუტარა.

პროგრამის მეორე ნაწილი სპმთპ-ის საქმიანობის და პროფკავშირის მიზნის, ამოცანებისა და აქტივობების გაცნობას, ასევე, პედაგოგების შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ, პროფესიულ და სამართლებრივ საკითხებს დაეთმო. სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე პედაგოგებს ორგანიზაციის ძირითად საქმიანობებზე, მიღწევებსა და შედეგებზე ესაუბრა. პედაგოგებს შესაძლებლობა მიეცათ დისკუსიის ფორმატში მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საფინანსო დარგში, ნათია კორძაძემ დეტალურად ისაუბრა საჯარო სკოლებში დასაქმებულებისთვის აქტუალურ თემებზე - ხელფასების დაანგარიშების, ჯანმრთელობის დაცვის, დროებითი შრომისუუნარობისა და დეკრეტული შვებულებების საკითხებზე. ხოლო სპმთპ-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, მარი ალუღიშვილმა სპმთპ-ის დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. ამასთან, პედაგოგები კითხვა-პასუხის რეჟიმში თავისუფლად გამოხატავდნენ საკუთარ შეხედულებებს და მათი რეგიონისთვის საჭირბოროტო თემებზე მსჯელობდნენ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლის პედკოლექტივმა, მათივე ინიციატივით, ერთი ლამაზი საღამო გაატარეს თბილისში.

დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ პანკისის ხეობის სკოლის პედაგოგებს სიურპრიზი ელოდათ - სპექტაკლი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

სპმთპ-ის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, რაიონული ორგანიზაციის სახელით განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტს მაია კობახიძეს აღნიშნული საინტერესო პროგრამის ორგანიზებისთვის. ღონისძიებას, აგრეთვე, ესწრებოდა სპმთპ-ის უხუცესი დელეგატი, ლიზა ბასილაშვილი, რომელიც მრავალი წელია გვერდში უდგას ახმეტის რაინულ ორგანიზაციასა და ახმეტელ პედაგოგებს.

პროგრამის მონაწილეებმა, სპმთპ-ის კითხვარების მეშვეობით, დეტალურად აღწერეს მათი რეგოინისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები. ასევე, მათი მიდგომები და მოლოდინები ორგანიზაციის მიმართ, რაც ხელს შეუწყობს პროგრამის შემდგომ განვითარებასა და მდგრადობას.