32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
20 და 21 ივნისს, ორდღიანი დატვირთული პროგრამის დასრულებისთანავე, 2017 წლის 21 ივნისს, სპმთპ-ის გენდერული თანასწორობის კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა სპმთპ-ის წყნეთის მასწავლებელთა სახლის ბაზაზე.

სპმთპ-ის გენდერული თანასწორობის კომიტეტის საქმიანობა სპმთპ-ის წესებისა და აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე რეგულირდება.

კომიტეტის სხდომის გახსნამდე, სპმთპ-ის გენდერული თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარი ალუღიშვილმა კომიტეტის წევრებს დღის წესრიგის პროექტი გააცნო დასამტკიცებლად.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე კომიტეტის წევრებს აღნიშნული კომიტეტის შექმნის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. წარადგინა ძირითადი ამოცანები, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სისტემაში გენდერული თანასწორობის თემების აქტუალიზაციას და მასწავლებლების როლის მნიშვნელობას გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული სტერეოტიპების დარღვევისა და ევროპული მიდგომების და ღირებულებების დანერგვის მიმართულებით.




სპმთპ-ის გენდერული თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომრის მოადგილემ გრიგოლ ბაკურაძემ კომიტეტის წევრებთან ერთად დეტალურად განიხილა დებულების მარეგულირებელი მუხლები, საქმიანობის წესები და უფლებამოსილებების ასპექტები.

დებულების შესაბამისად კომიტეტის საქმიანობის უფრო მოქნილი მუშაობის მიზნით, განხორციელდა კომიტეტის სათათბირო ორგანოს ფორმირება, რომლის შემადგენლობაში სპმთპ-ის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, აირჩიეს ყველა რეგიონის ერთი წარმომადგენელი.

მარი ალუღიშვილმა სხდომის დასასრულამდე კომიტეტის წევრებს წარუდგინა კომიტეტის საქმიანობის პროგრამის ძირითადი მიმართულებები, რომელიც სათათბირო ორგანოსა და კომიტეტის შემდგომი ჩართულობით უკვე აღმასრულებელ საბჭოს წარედგინება დასამტკიცებლად.