32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
as21 აპრილს სპმთპ-ს წარმომადგენლებისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების ერთობლივი ორგანიზებით საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორებს, აღმზრდელებსა და სხვა დასაქმებულებთან შეხვედრა გაიმართა.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ უწყვეტი განათლების განვითარების ხელშეწყობასა და სკოლამდელი დაწესებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,, ჩვენ გაგებით ვეკიდებით იმ ფაქტს, რომ ჯგუფებში ბავშვთა ოპტიმიზაცია დამოკიდებულია სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაციაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვაზე, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობასთან. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს 4-წლიანი გეგმა, სადაც განისაზღვრება შესრულების კონკრეტული ვადები და 2020 წლამდე შესაძლებელი გახდება ეტაპობრივად გადაიჭრას ისეთი პრობლემები, რაც ჯგუფებში ბავშვთა ოპტიმიზაციას უკავშირდება.“- განაცხადა მაია კობახიძემ. მან კანონპროექტის დადებით მიმართულებებზე ისაუბრა, რომლის თანახმად აღმზრდელებს დაუბრუნდებათ უკანონოდ ჩამორთმეული პედაგოგის სტატუსი, შემუშავდება ერთიანი სახელფასო სისტემა და საგანმანათლებლო სტანდარტები.
საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა ქალბატონმა ლელა თევდორაშვილმა ძირითადი აქცენტი გააკეთა სამუშაო დღის ხანგრძლივობაზე და განმარტა, რომ ,,ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების“ შესახებ კანონი ამ საკითხს დაარეგულირებს. ასევე, ქალბატონმა ლელამ ისაუბრა საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ ორგანიზებულ, აღმზრდელთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე და განაცხადა, რომ მათი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი აღმზრდელთა პროფესიული განვითარებისათვის ზრუნვაა. ლელა თევდორაშვილმა განსაკუთრებულად აღნიშნა პროფკავშირებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა, დასაქმებულთა შრომითი, სოციალური უფლებების დაცვა და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ გურჯაანის მუნიციპალიტეტის დადებითი ტენდენციები.
სპმთპ-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარინა ალუღიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს  ადრეული განათლების ერთიანი სტანდარტის შესახებ საერთაშორისო გამოცდილება გააცნო.
სპმთპ-ის ვიცე პრეზიდენტი ნათია კორძაძე კი შრომითი ხელშეკრულებების მოთხოვნებს შეეხო და აღნიშნა, რომ დასაქმებულის უფლებებს უპირველესყოვლისა შრომითი ხელშეკრულება უნდა იცავდეს. გამომდინარე აქედან, სპმთპ გამოვიდა ინიციატივით ,,ადრეული აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონპროექტს დაემატოს ნორმა, რომლის თანახმად პროფკავშირთან თანამშრომლობით შემუშავდება საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების პირობები. აღნიშნულ ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა პირველივე საკომიტეტო მოსმენაზე დაუჭირა მხარი.
შეხვედრაში მონაწილე 18 ბაგა-ბაღის წარმომადგენლებმა ერთხმად გამოხატეს სპმთპ-ის მხარდაჭერა და მასში გაწევრიანების სურვილი რის საფუძველზეც კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმდა.
შეხვედრის ბოლოს, მაია კობახიძემ შეხვედრის მონაწილეებთან წარადგინა გურჯანიის რაიონული ორგანიზაციის კოორდინატორი, ქალბატონი ესმა არსენიშვილი და წევრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
სპმთპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიმართ კონსტრუქციული და კანონის მოთხოვნების ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობისათვის  მადლიერებას  გამოხატავს.