32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
12919792 1043920295665472 7171430087386390694 n საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) ინიციატივით მასწავლებლებმა  საგნის „მე და საზოგადოება“ შემოღების მიზანშეწონილობის საკითხი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული საგნობრივი სტანდარტის პროექტი განიხილეს. შეხვედრას, ქვეყნის მასშტაბით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 416 პედაგოგი ესწრებოდა
მონაწილეებს მიესალმა სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე: ,,ყველა იმ სიახლეს, რაც ხელს შეუწყობს ეროვნულ ღირებულებებსა და პრინციპებზე დაყრდნობით, პიროვნულად თავისუფალი, დემოკრატიული აზროვნების მქონე თაობების აღზრდას, ჩვენ მხარს დავუჭერთ. „მე და საზოგადოების“ სწავლების ეფექტიანობა ბევრად იქნება დამოკიდებული სახელმძღვანელოზე და პედაგოგთა სათანადო გადამზადებაზე. მიგვაჩნია რომ, ეროვნული ღირსებისა და ტრადიციების დაცვით შეგვიძლია მოსწავლეს ჩამოვუყალიბოთ თანამედროვე მსოფლმხედველობა და ეს უნდა გახდეს სახელმძღვანელოების ძირითადი ლაიტმოტივიც“ - განაცხადა მაია კობახიძემ. ერთიანი გადაწყვეტილების მისაღებად მან პედაგოგებს მოუწოდა თამამად გამოეხატათ თავიანთი მოსაზრებები. 
,,მე და საზოგადოება“ სტანდარტის პრეზენტაცია წარმოადგინეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა: მარიამ ჩიქობავამ და ნიკო სილაგაძემ. მასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში ემსჯელათ სტანდარტის შესახებ და შეკითხვებით მიემართათ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებისათვის. 
,,ვერაფერს ვხედავთ სტანდარტში ტრაგიკულსა და მიუღებელს“, ,,ამ საგნის შემოღება დროულია, ჩვენ ისედაც ვიტვირთეთ მორალურ, ზნეობრივ ღირებულებებზე დაყრდნობით თაობების აღზრდა“, ,,საგნის სწავლება ხელს შეუწყობს ბავშვის ცნობიერების ამაღლებას“, ,,რატომ ყოყმანობს განათლების სამინისტრო გაუგებარია, ლიბერალიზმსსა და დემოკრატიულ პრინციპებს მივესალმებით. ვურჩევთ ოპონენტებს წაიკითხონ ილიას, ვაჟას და აკაკის პუბლიცისტური წერილები“, ,,სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბების პროცესშია, 1887 წელს შეიმუშავა ევროპამ ეს სტანდარტი და ასეთი საგნის სწავლებას საბავშვო ბაღიდან დავიწყებდი“, ,,მივესალმები საგნის სწავლებას, ეს 21–ე საუკუნის გამოწვევაა, 21–ე საუკუნის საგანია. თანასწორობა უნდა იყოს ყველგან და ყოველთვის", ,,ზნეობრივი კატეგორიები ყველა საზოგადოებას აქვს სხვადასხვა და უნდა დაკონკრეტდეს ეს საგანი ჯდება თუ არა ქართულ, ეროვნულ ტრადიციებში", ,,ვინ ასწავლის ახალ საგანს, დაწყებითი კლასის მასწავლებელი, თუ სამოქალაქო განათლების პედაგოგი?“, ,,სახელმძღვანელოს დამტკიცებამდე უნდა მოხდეს მისი განხილვა პრაქტიკოსი პედაგოგებების წრეებში“-ეს იყო პედაგოგთა ძირითადი მოსაზრებები და მოთხოვნები.
შეხვედრის მონაწილე პედაგოგებმა განხილული საკითხების ირგვლივ მიმართვა შეიმუშავეს  საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ. 
,,აღნიშნული საგანი, თანამედროვეობის გამოწვევების შესაბამისად, ხელს შეუწყობს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულყოფას და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ბავშვის ფორმირების საქმეში, ხელს შეუწყობს ბავშთა ცნობიერების ამაღლებასა და მათ ინტეგრირებას საზოგადოებაში, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ ღირსების, პასუხისმგებლობის, ზნეობრივი პრინციპების მქონე პიროვნებებად.
ვერ გავიზიარებთ ახალი საგნის დანერგვასთან მიმართებაში ოპონენტების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული საგნის სწავლება კონფლიქტში შევა ეროვნულ, რელიგიურ და ოჯახურ ტრადიციებთან. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჰუმანიტარული და სხვა საგნის პედაგოგებიც პრაქტიკულ საქმიანობაში ყოველთვის ვხელმძღვანელობთ და მომავალშიც ვიხელმძღვანელებთ იმ პრინციპით, რომ ეროვნულ ტრადიციებზე დაყრდნობით აღვზარდოთ თავისუფალი, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი თაობები. ანალოგიური პრინციპით ვიხელმძღვანელებთ ახალი საგნის ,,მე და საზოგადოება“ სწავლების პროცესშიც. 
მიუღებელია და შეურაცხმყოფელი პედაგოგთა კორპუსის პატრიოტიზმისა და ეროვნული ღირებულებების უსაფუძვლოდ ეჭვქვეშ დაყენება. 
საგნის „მე და საზოგადოება“ წარმატებით სწავლება ბევრად იქნება დამოკიდებული სახელმძღვანელოებზე. გამოვხატავთ ყველა პედაგოგის აზრს, რომ 2011 წელს გრიფირებული სახელმძღვანელოები ხშირ შემთვევაში ვერ პასუხობენ იმ ამოცანებს, რაც გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმით. ეს გარემოება მიგვაჩნია ერთ-ერთ ძირითად ნაკლოვანებად სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში. 
ახალი საგნის მიზნებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, შეიქმნას საგნობრივი სახელმძღვანელოები ეროვნულ ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაყრდნობით. ამასთანავე, უარვყოფთ სხვა ქვეყნების სახელმძღვანელოების თარგმნისა და დანერგვის წლების განმავლობაში დამკვიდრებულ პრაქტიკას“-ნათქვამია მიმართვაში.