32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
11216566 964471996943636 5091702018569897262 n 14 ნოემბერს სასტუმრო ,,ჰოტელ კოსტეში’’ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ,,სპმთპ ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისათვის“ პროექტის ფარგლებში მორიგი მრგვალი მაგიდა გაიმართა, თემაზე: ,,სკოლა და საზოგადოებრივი გაერთიანებები”, რომელშიც თბილისის საჯარო სკოლების პედაგოგებმა და ტექ-პერსონალმა მიიღეს მონაწილეობა. 
მრგვალ მაგიდაზე მთავარი მომხსენებლები იყვნენ სპმთპ–ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, აღმასრულებელი ვიცე–პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი და სპმთპ–ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბაკურაძე.

მრგვალი მაგიდა სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ გახსნა, რომელმაც მონაწილეებს საქართველოში 5 დღიანი ვიზიტით მყოფი ,,ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის“ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯოანა ბრემენი წარუდგინა. ჯოანა ბრემენმა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მოკლედ გააცნო მისი საქართველოში ვიზიტის მიზანი, აგრეთვე ისაუბრა სპმთპ-ისა და AFT-ეს მრავალწიანი პარტნიორობისა და სპმთპ-ის მიღწევების შესახებ.
მაია კობახიძემ თავის მოხსენებაში ორგანიზაციის მხრიდან მასწავლებელთა და ტექნიკური პერსონალის სოციალურ-ეკონომიკური საკითხების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა მიმოიხილა. აგრეთვე, ისაუბრა ორგანიზაციის ახალი ინიციატივების შესახებ და მადლობა გადაუხადა მასწავლებელთა საზოგადოებას ნდობისა და მხარდაჭერისთვის. მან წევრებს მოუწოდა უფრო აქტიური ჩართულობისკენ, რაც ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტურობის განმსაზღვრელია. მაია კობახიძემ აღნიშნა, რომ პროფკავშირის როლი ქვეყნაში დემოკრატიული პროცესების განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაშინ როდესაც მასწავლებელთა საზოგადოების მხარდაჭერა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მათ ხელშია. 
უჩა ბაკურაძემ, სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების სამართლებრივ საფუძვლებზე ისაუბრა. დისკუსიის ფორმატში დამსწრე საზოგადოებას მიეცა საშუალება მიეღოთ სამართლებრივი კონსულტაციები საჯარო სკოლებში მიმდინარე საკითხებთან მიმართებაში. 
სპმთპ-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარი ალუღიშვილმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა სპმთპ-ის პროექტული მუშაობის სპეციფიკა, მათ შორის როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივ დონეზე ორგანიზაციის მიერ განხორციელებული აქტივობების შედეგები.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა დისკუსიის ფორმატში ორგანიზაციის ხელმძღვანელს საჯარო სკოლაში არსებული პრაქტიკული მაგალითები გააცნეს, ერთად ჩამოაყალიბეს ის სარეკომენდაციო წინადადებები, რომლის ლობირებაც პროფკავშირის აქტიური ჩართულობით არის შესაძლებელი.
მრგვალი მაგიდის მონაწილეების სადისკუსიო თემებს წარმოადგენდა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მოთხოვნების შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის დროული უზრუნველყოფა, ასევე შესაბამისად საჯარო სკოლებში საკლასო ოთახების ტექნიკური აღჭურვის შესაბამისი მოწყობა, ტექ-პერსონალის და ადმინისტრაციის წარმომადგენლების სამუშაო პირობების გათვალისწინებით მათი ღირსეულ ანაზღაურებაზე ზრუნვა. პედაგოგებმა ასევე ისაუბრეს კონკრეტულ ფაქტებზე, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში პედაგოგებს ქართულის კათედრაზე არ აქვთ სრული დატვირთვა, დირექტორმა ღია კონკურსი გამოაცხადა და ახალი პედაგოგი მიიღო. ასევე, მოსწავლეთათვის უფასო სახელმძღვანელოების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ბიბლიოთეკარის ფიზიკური დატვირთვა გაიზარდა, ხოლო ანაზღაურება კვლავ დაბალია. ასევე არადამაკმაყოფილებელი ანაზღაურება აქვს საქმისმწარმოებლებსაც. მრგვალ მაგიდაზე პედაგოგებმა წამოჭრეს სხვა პრიორიტეტული საკითხებიც, კონკრეტულად თვითშეფასების კითხვარის შევსების ვადებთან დაკავშირებით. დაფიქსირდა ისეთი ფაქტებიც, როცა საჯარო სკოლების დირექტორებმა ინდივიდუალური აქტის საფუძველზე კითხვარის შევსების ბოლო ვადად 30 ნოემბერი გამოაცხადეს. ოფიციალურად კი კითხვარის შევსების ბოლო ვადად 30 დეკემბერი ითვლება. პედაგოგებმა ისაუბრეს დანამატებზეც. კერძოდ, იმ საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს რომელთაც ჩაბარებული აქვთ პრაქტიკული ნაწილი, აქვთ მისი დამადასტურებელი სერტიფიკატი და მიეცემოდათ დანამატი, ახალი სქემის ამოქმედების შემდეგ ზემოაღნიშნული დანამატი არ შეუნარჩუნდათ.
მრგვალი მაგიდები სპმთპ-ის ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროექტის ,,სპმთპ- ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისათვის” ფარგლებში” იმართება რომლის მიზანია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარეკომნდაციო წინადადებების წარდგენა.