32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

ამჟამად ჩვენი რუბრიკის სტუმარია ქეთი გილაური, ქალაქ თბილისის 202-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი. იგი საქართველოში ერთადერთი უსანათლო ბავშვების საჯარო სკოლის მასწავლებელია, დიდი ცხოვრებისეული გამოწვევებით და ძალიან საინტერესო ბიოგრაფით. პედაგოგი, რომელმაც ბავშვობაში დაკარგა მხედველობა, არ შეუშინდა ამ მდგომარეობას, ღირსეულად შეხვდა ამ ყოველივეს, დედის დახმარებით შეძლო საჯარო სკოლის წარჩინებით დასრულება და უნივერსიტეტის კარიც შეაღო, სადაც ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტიც იყო და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გახდა კვალიფიცირებული ინგლისური ენის პედაგოგი, ხოლო სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების შემდეგ კი სტატუსით უფროსი მასწავლებელი. ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა, მთავარია, სულიერად გაძლიერდე, იყო ნიჭიერი, დაისახო მიზანი და წინ ვერაფერი დაგიდგება. მოხარული ვარ, რომ ჩემი რესპონდენტია ქეთი გილაურია და მიწევს მასთან ამ კონტექსტში მუშაობა. დიდი მადლობა ორგანიზაციის პრეზიდენტს ქალბატონ მაია კობახიძეს, რომელმაც მომცა საშუალება ასეთი ძლიერი ადამიანი გამეცნო და მასთან ამ რაკურსით მემუშავა.

168516784 1746796245502789 1494462521044312681 n

დოსიე:დავიბადე 1979 წელს 29 დეკემბერს ქალაქ თბილისში. ექვსი წლის ასაკში შევედი პირველ ექსპერიმენტულ საშუალო სკოლაში.  10  წლის ასაკში  დავკარგე მხედველობა და ამის გამო, მიწევდა სკოლის შეცვლა. სწავლა უნდა გამეგრძელებინა უსინათლო ბავშვთა სკოლაში  რაც ძალიან არ მინდოდა.  ვერ ვეგუებოდი იმ ფაქტს, რომ სხვა რეალობაში მომიწევდა სწავლის გაგრძელება. როდესაც პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა გაიგო ამის შესახებ, დაგვიბარა მე და დედა და გვითხრა: ქეთის შეუძლია ამ სკოლაში გააგრძელოს სწავლა თავის თანაკლასელების გვერდით. ასეც მოვიქეცი. ვსწავლობდი, ჩვეულებრივად არ შემქმნია რაიმე პრობლემა, მხოლოდ წერით დავალებებს ვერ ვასრულებდი, მაგრამ ამ ყველაფერს ზეპირად ვაბარებდი. ოთხმა წელმა მასე განვლო. მე-10 კლასში, რომ გადავდიოდით კლასი დაიშალა, რადგან მაშინ დიფერენცირებული სწავლება იყო. მეც მომიწია ამ სკოლის დატოვება, რადგან მიზნად მქონდა დასახული უმაღლესში სწავლის გაგრძელება, რისთვისაც მჭირდებოდა ბრაილის შრივტის შესწავლა. პირველად რომ მივედი ჩემ ახალ სკოლაში, ძალიან განვიცადე მიჭირდა შეგუება იმ გარემოსთან, მაგრამ ჩემი მიზნის მისაღწევად აუცილებელი იყო იმ სკოლაში სწავლა. ორი წელი ვისწავლე უსინათლო ბავშვთა სკოლაში, შევისწავლე ბრაილის შრივტი და სკოლა, რომ დავამთავრე იმავე წელს ჩავირიცხე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპული ენების ფაკულტეტზე, 2001 წელს წარმატებით დავამთავრე უნივერსიტეტი. პრაქტიკების გავლა მომიწია უსინათლო ბავშვთა სკოლაში და ამის შემდეგ ისე მოხვდა, რომ 2002 წლის გაზაფხულს დავიწყე ამავე სკოლაში, ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობა. პარალელურად ვმუშაობ   სსიპ შემოსავლების სამსახურში. ვარ დაოჯახებული და მყავს   ქალიშვილი ბარბარე.

გააცანით თქვენი სკოლა საზოგადოებას, კერძოდ რითია გამორჩეული და განსხვავებული სხვა სკოლებისგან?

თბილისში, გუთნისა და ქურხულის ქუჩების სამკუთხედში საგულდაგულოდ გაკეთებულ ფერდობზე უბნის თვალივით დგას 121 წლის წინათ წითელი აგურით მკვიდრად ნაგები სამსართულიანი ლამაზი შენობა, ეს მყუდრო სავანე თბილისის უსინათლო ბავშვთა საშუალო სკოლა-ინტერნატია (თბილისის უსინათლო ბავშვთა 202-ე საჯარო სკოლა-პანსიონი). იგი ერთ-ერთი მძლავრი და ძირძველი სასწავლებელია, რომელსაც წლეულს (1989) დაარსებიდან ას ოცდათორმეტი წელი უსრულდება. თბილისის უსინათლო ბავშვთა სკოლა-ინტერნატის ჭიშკარზე 132 წლის წინათ გაკეთებული მემორიალური დაფა გვაუწყებს, რომ სასწავლებელი დაარსდა 1889 წელს, ხოლო ეს დიდებული შენობა აიგო 1900 წელს. ამასვე ადასტურებს ოფიციალური ცნობები, რომლებიც უხვად მოიპოვება კავკასიისა და თბილისის უსინათლოთა სამზრუნველოების ოქმებსა და ცენტრისადმი გაგზავნილ ანგარიშებში, იმპერატრიცა მარია თედორეს ასულის პირად წერილებში მოტანილი ფაქტები. ამავე მასალებიდან დგინდება, რომ ამ საქმის ინიციატორი ყოფილა ქართველ ქველმოქმედთა ჯგუფი, რომლის მიერ წამოწყებული კეთილი საქმისათვის დიდი შემწეობა გაუწევია ახლადდაარსებული თბილისის უსინათლოთა სამზრუნველო საბჭოს თავმჯდომარეს . . შერემეტიევას. სასწავლებლის პირველი დირექტორი ყოფილა დიდად განათლებული ქართველი ქალი ნინო ალექსანდრეს ასული აბაშიძე-ბუგაევსკაია, რომელიც თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში თავდადებით ემსახურებოდა უსინათლო ბავშვთა სწავლა-აღზრდის კეთილშობილურ საქმეს.

  ზემოთ აღნიშნული მასალებიდანვე დასტურდება, რომ იმ დროისათვის უსინათლოთა სასწავლებლებს ჰქონდათ მტკიცედ ჩამოყალიბებული წესდება და დებულება, სასწავლო გეგმები და პროგრამები, მრავალფეროვანი შრომითი პროფილები, კარგად განსაზღვრული დღის რეჟიმი და სხვა. დიდი ყურადღება ექცეოდა მოსწავლეთა ესთეტიკურ, ზნეობრივ და რელიგიურ აღზრდას, მათ სამედიცინო მომსახურებას. ეკონომიურად ხშირად უჭირდა სასწავლებელს, რომლის ყოფნა-არყოფნა ქველმოქმედთა გულმოწყალებაზე იყო დამოკიდებული. ზოგჯერ მასწავლებლები იძულებული ხდებოდნენ, აღსაზრდელები ქუჩაში გაეყვანათ მოწყალების სათხოვნელად.

  30-იან წლებში მკვეთრად შეიცვალა უსინათლოთა სკოლების სტრუქტურა, სასწავლო გეგმები, პროგრამები, სწავლა-აღზრდის მიზნები და მეთოდები. 50-იანი წლების დამლევს თბილისის უსინათლო ბავშვთა ცხრაწლიანი სასწავლებელი საშუალო სკოლა-ინტერნატად გადაკეთდა. გამოჩნდა ბრაილის შრიფტით ნაბეჭდი პირველი ქართული სახელმძღვანელო.

  1958 წელს თბილისის უსინათლო ბავშვთა საშუალო სკოლა-ინტერნატის პირველმა კურსდამთავრებულებმა დატოვეს სკოლის კედლები. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მათმა საერთო რაოდენობამ 200 კაცს გადააჭარბა. სკოლა-ინტერნატის პედკოლექტივი ამაყობს აღზრდილთა წარმატებებით. დავასახელებ ზოგიერთ მათგანს: გიორგი ჭუმბურიძე, ნოდარ მამაცაშვილი, გიგო სვანიძე, სიმონ გოგიძე, რევაზ ტატალაშვილი, მურთაზ ჯანჯღავა, ნანა თამაზაშვილი, დონარა ცხადიაშვილი, ცირა ვეფხვაძე და სხვები, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

  1966 წელს სკოლა-ინტერნატის ბაზაზე შეიქმნა სუსტადმხედველ ბავშვთა კლასები, რომელიც 1974 წელს გამოეყო მას, როგორც დამოუკიდებელი სკოლა.

თუ გადავხედავთ სკოლის ისტორიას, 1955  წლის 1 სექტემბერს სკოლაში დაკომპლექტდა მეათე კლასი,  ხოლო 1958 წელს სკოლამ თავისი ისტორიის განმავ-ლობაში პირველად გამოუშვა სიმწიფის ატესტატებით ხელდამშვენებული 21 უსინათლო, რომელთა ნაწილიც იმავე წლის სექტემბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.

სკოლა 1987 წლიდან 11-წლიანი სწავლებიდან 12-წლიან სწავლებაზე გადავიდა

.168130105 155443109812267 917582367091045909 n

რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ჩვენს სკოლაში სწავლობენ უსინათლო და მცირე მხედველი ბავშვები. საქართველოში ეს ერთადერთი სკოლაა,  სადაც ბავშვები რეგიონებიდან ჩამოდიან, რათა მიიღონ საშუალო განათლება. სკოლას დამატებით აქვს პანსიონის სტატუსი.

მოსწავლეები ბრაილის შრივტით კითხულობენ და წერენ. ისინი უზრუნველყოფილნი არიან  ყველა საჭირო  რესურსით, რათა მიიღონ სრულყოფილი განათლება. დღესდღეობით სკოლაში 45-მოსწავლე ირიცხება, აქედან 15 სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეა, რომლებიც ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლობენ. ჩვენი სკოლადამთავრებულები წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს და აგრძელებენ სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში. ასევე  202-ე   სკოლის მოსწავლეები იღებენ სხვადასხვა კონკურსებში აქტიურ მონაწილეობას,  არაერთ მოსწავლეს მიუღია მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში და აშშ-ის სკოლებში უსწავლია ერთი წლის განმავლობაში. აგრეთვე ჩვენი ბავშვები ხმოვანი პროგრამის საშუალებით კარგად ეუფლებიან კომპიუტერულ პროგრამებს.

 

რამ განაპირობა თქვენი მასწავლებლის პროფესიაში შესვლა და პროფესიული არჩევანი? რა გამოწვევების წინაშე იდექით თუნდაც უნივერსიტერტში ჩაბარების დროს?

 ძალიან მიყვარს ბავშვები და მათთან ურთიერთობა. როდესაც პირველ  ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი, მყავდა არაჩვეულებრივი ინგლისური ენის მასწავლებელი, რომელმაც ძალიან შემაყვარა ინგლისური ენა  და გამიჩნდა სურვილი მეც გავმხდარიყავი   მასწავლებელი. მისი ჩატარებული გაკვეთილები  ყოველთვის გამორჩეული იყო. მაშინ ინგლისური ენის  სწავლას მე-5 კლასიდან ვიწყებდით, მე უკვე ამ დროს მხედველობა აღარ მქონდა, მაგრამ კარგად მახსოვს ლინგოფონის ოთახში გვასმენინებდა ინგლისურ ენაზე მასალას და ყოველთვის ცდილობდა ჩემს აქტიურ ჩართვას გაკვეთილზე. ძალიან ნაყოფიერი და ამავე დროს სახალისო გაკვეთილები ჰქონდა.

ვიცოდი, რომ უმაღლესში  სწავლა ჩემთვის რთული იქნებოდა, რადგანაც იმ  დროს არ იყო ხელმისაწვდომი კომპიუტერები და ხმოვანი პროგრამები უსინათლოებისათვის, მაგრამ ამისათვის მზად ვიყავი. მთელი ხუთი წლის განმავლობაში    დედა მეხმარებოდა. იგი მიკითხავდა სასწავლო მასალას, მე ვიწერდი ბრაილით, შემდეგ კი ამ ყველაფერს ვსწავლობდი, დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი დავალებებს, ბევრი ღამეც გამითენებია, რათა არ მივსულიყავი ლექციაზე მოუმზადებელი. 

რას სწავლობთ სწავლების პროცესში? როგორია თქვენი გაკვეთილი და რითი განსხვავდება ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესისგან?

ვცდილობ, ყველა გაკვეთილი იყოს სახალისო, საინტერესო და სხვადასხვა აქტივობებით დატვირთული, ვითვალისწინებ ჩემი მოსწავლეების შესაძლებლობებს და აქედან გამომდინარე, ვარჩევ ისეთ აქტივობებს, რომლებიც იქნება თითეულ მოსწავლეზე  მორგებული, რათა ყველა მოსწავლემ შეძლოს გაკვეთილზე აქტიური ჩართვა.

168361153 449721582917553 6142429109362334569 n

რა არის თქვენთვის წარმატება და რა გაძლევთ მოტივაციას?

ჩემთვის წარმატება, პირველ რიგში, ჩემი მოსწავლეების წარმატებაა, მათი წინსვლა და ცხოვრებაში ჩემგან მიღებული ცოდნის გამოყენება.

სწავლების დროს საინტერესოა რა ტიპის ინსტუმენტებით ხელმძღვანელობთ, რა ტიპის სახელმძღვანელოებით ასწავლით და რამდენად გაციფრულებულია სწავლა/სწავლების პროცესი?

ძირითადად გაკვეთილზე სახელმძვანელოს ვიყენებ საკლასო ოთახში კომპიუტერის უქონლობის გამო, დამატებით რესურსად  კი მობილურ ტელეფონს აუდიო მასალის მოსასმენად, ასევე   თვალსაჩინოებებს გარკვეული აქტივობების დროს.

როგორ შეაფასებდით სწავლების ძველ და ახალ მიდგომებს: ახალი სკოლის მოდელს, სქემას, სწავლების ინტერაქციას, ერთიან ეროვნულ გამოცდებს... მიმდინარე 2020 წლის ეროვნულმა გამოცდებმა აჩვენა, რომ გამოცდა ორიენტირებული იყო არა წმინდა პროგრამული კუთხით, არამედ აქცენტი კეთდებოდა მოსწავლის თავისუფალ აზროვნებასთან. თქვენეული მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებითაც.

თანამედროვე ეპოქა გვაძლევს საშუალებას მივიღოთ ყველა ის სიახლე და გამოწვევა რაც მას თან ახლავს.

ახალი მიდგომები და სასწავლო მეთოდების გამოყენება  ჩვენს  სამუშაო პრაქტიკაში უფრო ეფექტურს და ხარისხიან ხდის სასწავლო პროცესს, მაგრამ არ გვაქვს უფლება დავივიწყოთ ის ძველი, რამაც აქამდე მოგვიყვანა და რაშიც ბევრი სასარგებლო რამ მოიძებნება.

რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, ვფიქრობ, სასკოლო და საგამოცდო პროგრამა თანხვედრაში უნდა იყოს. სკოლაში მიღებული ცოდნა მოსწავლეებმა გამოცდაზე უნდა აჩვენონ, ამით უკეთ გავიგებთ თუ რა დონით იძლევა ცოდნას სკოლა. აქცენტი არ უნდა კეთდებოდეს მხოლოდ თავისუფალ აზროვნებაზე, რადგან ვფიქრობ, ყველას არ გააჩნია ამის უნარი.

როგორ შეაფასებდით თანამედროვე ახალგაზრდობას? რამდენად მოტივირებულები არიან სწავლა/სწავლების პროცესის დროს?

დღესდღეობით ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი ციფრულ ტექნოლოგიებზეა მიჯაჭვული და დროის უმეტეს ნაწილს უსარგებლოდ ფლანგავს.

ახალმა ტექნოლოგიებმა გამოიწვია, როგორც პროგრესი, ასევე რეგრესი მათ განვითარებაში.

სწორად ამან განაპირობა ახალგაზრდების განათლების და  განვითარების დონის დაქვეითება, ხოლო ნაწილი ამას თავიანთი კეთილდღეობისათვის და ცოდნის მიღების მარტივ საშუალებად იყენებს, რათა გაიადვილოს სწავლის გზები და მიაღწიოს დასახულ მიზნებს.

ჩემს მოსწავლეებს, რომლებსაც გააზრებული აქვთ, რომ სწავლა მნიშვნელოვანია მათი მომავალი ცხოვრებისათვის და აქვთ დასახული მიზნები ეს ყველაფერი მათ აძლევთ მოტივაციას ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში. 

168310417 1848982821930907 960728440621530340 n

გლობალურმა პანდემიამ  ინტერნეტტექნოლოგიების ფლობის საჭიროების წინაშე დაგვაყენა. მით უმეტეს, რეალური საკლასო ოთახი ჩაანაცვლა ვირტუალურმა.როგორ შეძელით დისტანციურ საქმიანობაზე გადასვლა და როგორ შეაფასებდით ამ პროცესს?

დღევანდელმა რეალობამ და პანდემიამ გვაიძულა დისტანციურ სწავლებაზე გადავსულიყავით, რაც ჩვენთვის ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და მოუმზადლებლები შევხვდით.

დისტანციური სწავლებისათვის როგორც იცით  თიმსის და ზუმის საშუალებით, ატარებენ მასწავლებლები გაკვეთილებს. იმის გამო, რომ ხმოვანი პროგრამა მაინც და მაინც არ მუშაობს სრულყოფილად ამ ორ პროგრამაზე, ჩვენ გადავწყვიტეთ  facebook მესენჯერის საშუალებით ჩაგვეტარებინა გაკვეთილები, ყველა კლასისათვის შევქმენით ჯგუფები, ჩემი გაკვეთილები 45-წუთს მოიცავდა. ბავშვები ხალისით და მონდომებით ესწრებოდნენ და ისმენდნენ გაკვეთილებს. წერით დავალებებს ისინი მიკითხავდნენ და მე თითოეულს ვუსწორებდი, ვასწრებდით ახალი მასალის ახსნასაც და გამოკითხვასაც, დამატებით მასალებს ვუგზავნიდი, რასაც ბავშვები ისმენდნენ და შემდეგ გაკვეთილზე განვიხილავდით. მომწონდა ის, რომ მშობლებიც გვესწრებოდნენ და ისინიც აქტიურად ერთვებოდნენ თავისი შვილების სწავლის პროცესში, აქედან უკეთ იგებდნენ თავიანთი შვილების შესაძლებლობლებს და ცოდნის დონეს. იყო ასეთი შემთხვევაც, რომ ერთ-ერთი მოსწავლე დისტანციური  სწავლების დროს  უფრო აქტიური იყო და მონდომებული სწავლაში - ვიდრე სკოლაში სწავლისას. პირადად დადებითად შევაფასებ ამ პროცესს, რადგან ბავშვებს სწავლის მხრივ არაფერი არ დაკლებიათ. ერთადერთი მინუსი შეიძლება იყოს ის, რომ ბავშვებს უშუალო  კონტაქტი უნდოდათ თანაკლასელებთან და მასწავლებელთან.

მასწავლებელი-კრიზისის მართვისა და მომავლის ხედვის ლიდერი. როგორ გესახებათ საგანმანათლებლო სფეროში მასწავლებლის როლი კრიზისის მართვის პროცესში და რაში გამოიხატება აღნიშნული ლიდერობა?

კრიზისის მართვის პროცესში, პედაგოგი არ უნდა დაიბნეს და გამოიჩინოს დიდი გულისხმიერება საქმისადმი და გამოიყენოს ყველა რესურსი და შესაძლებლობა, რათა მოსწავლეებისათვის ეფექტური და უმტკივნეულო იყოს დისტანციური სწავლის პროცესი. ლიდერმა მასწავლებელმა, ასეთ დროს უფრო მეტად უნდა გაამრავალფეროვნოს გაკვეთილები, რათა მოსწავლისათვის ეს პროცესი არ იყოს სტრესული და დამღლელი.

მასწავლებლის აკადემიური თავისუფლება, გუნდურობის პრინციპი და ერთი ნიშნით გაერთიანებული ადამიანების ერთობა როგორ გესახებათ და თქვენეული დამოკიდებულებასაქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთანდაკავშირებით. პირადად თქვენ რა მოგცათ აღნიშნულმა ორგანიზაციამ?

ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ორგანიზაცია არსებობს, სადაც არაჩვეულებრივი გუნდი მუშაობს მისი პრეზიდენტის ქალბატონი მაია კობახიძის ხელმძღვანელობით.

იგი უზომოდ გულისხმიერია თავის საქმის მიმართ, მუდმივად ცდილობს გვერდში დაუდგეს და უანგაროდ დაეხმაროს თითოეულ პედაგოგს.

როდესაც პრობლემის წინაშე დავდექი და არ ვიცოდი, თუ როგორ მოვქცეულიყავი, მივმართე ქალბატონ მაიას. მან გულთან ახლოს მიიტანა ჩემი პრობლემა, უდიდესი თანადგომა გამიწია, დაიცვა ჩემი უფლებები და საბედნიეროდ ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ დასრულდა, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი მას და მის თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისათვის.

რას ეტყოდით იმ პედაგოგებს, რომლებსაც სურთ სპმთპ-ში გაწევრიანება.რატომ უნდა გაწევრიანდნენ ? რა პრივილეგიებით და გარანტიებით ისარგებლებენ?რას ურჩევთ პოტენციურ პროფწევრებს?

ყველა პედაგოგს ვურჩევდი გამხდარიყვნენ ამ ორგანიზაციის წევრები, რადგან პირველ რიგში, ერთი პროფესიული ნიშნითა და ინტერესით გაერთიანებული ადამიანების ერთობაა, რომელიც პროფესიული კუთხით ყველა საკითხს მოიცავს და აერთიანებს. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი პედაგოგებს იცავს უფლებრივად, ეხმარება მათ პროფესიულ განვითარებაში, აქტიურად ერთვება განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებში, განათლების სამინისტროსთან და მასთან არსებულ კომისიებთან წარადგენს პედაგოგებისთვის საჭირო ინიციატივებს და აქტიურად იბრძვის ამ ინიციატივების განხორციელებისათვის.როგორც ვიცი, სპმთპ არის განათლების სამინისტროს სოციალური პარტნიორი დარგობრივი შეთანხმების საფუძველზე.მიხარია, რომ მასწავლებელთა ინტერესების დამცველ და წარმომადგენლობით ორგანიზაციას - პროფკავშირს, ალტერნატივა არ გააჩნია კოლექტიური მოლაპარაკებების მიმართულებით.ორგანიზაცია საერთაშორისო მასშტაბითაც აღიარებული და მიღებულია, ეს კი ძალიან საამაყოა თითოეული პედაგოგისთვის.

გარკვეული წლების მერე როგორ ხედავთ თავს პროფესიაში? როგორია თქვენი სამომავლო პერსპექტივები? როგორ შეაფასებდით განვლილ წლებს?

განვლილ წლებში მუშაობამ გარკვეული სამუშაო გამოცდილება შემძინა.

ჩემმა საქმიანობამ მომცა მოტივაცია მეტად მემუშავა საკუთარ თავზე და გავზრდილიყავი პროფესიული კუთხით, ასევე განვლილმა წლებმა დამანახა საკუთარი შესაძლებლობა პედაგოგიურ საქმიანობაში.

მასწავლებლობა ისეთი პროფესიაა, რომელიც არ გაძლევს მოდუნების საშუალებას.

იგი ყოველთვის ითხოვს პროფესიულ განვითარებას და ახალი მეთოდების დაუფლებას.

ვფიქრობ, ბავშვებთან ურთიერთობა უკვე პრესპექტივაა პედაგოგისთვის, თუმცა ეს ყველაფერი ჩემთვის საკმარისი არ არის, ვგეგმავ მომავალში მეტად გავიზარდო ჩემს პროფესიაში ჩემი კარიერული წინსვლისათვის, რაც საშუალებას მომცემს მეტად ეფექტური და ხარისხიანი გავხადო ჩემი სამუშაო პროცესი. 

თქვენ ინგლისურის  მასწავლებელი ბრძანდებით.  პროფესიული წარმატების გზაზე ალბათ ბევრი დაბრკოლება შეგხვდათ, რომელსაც გაუმკლავდით. რომელი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

განსაკუთრებული, რაიმე დაბრკოლება არ მახსენდება, თუმცა, როგორც ყველა ახალბედა პედაგოგს მეც შემხვედრია უმნიშვნელო წინაღობა, მაგრამ მარტივად და შეუმჩნევლად გადამილახავს და მომიგვარებია.

როგორია თქვენი ყოველდღიურობა? პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად, როგორც ვიცი, ძალიან კარგი კულინარიც ბრძანდებით. ორიოდე სიტყვა ამასთან დაკავშირებითაც.

ძალიან მიყვარს კულინარია და სამზარეულოში ფუსფუსი. კარგად გამომდის ცომეულის მომზადება და ნამცხვრების ცხობა. ვცდილობ, კერძებში შევიტანო რაიმე სიახლე, რათა გავამრავალფეროვნო მათი გემო.როდესაც ცომს ვზელ, ვეფერები და ვეალერსები, რათა კარგად ამოვიდეს და ამოფუნფულდეს, სიყვარული და ზრუნვა ხომ ყველას და ყველაფერს სჭირდება.გარშემომყოფებს უკვირთ როგორ ვაკეთებ ამ ყველაფერს პასუხი კი ესაა: დიდი სიყვარული და მომდომება საქმისადმი!  ნებისმიერ საქმეს გაართმევ თავს თუ მასში სიხალისეს, სიყვარულს და მონდომებას ჩადებ.

172529783 2903438379926630 7459230745167384133 n

რას გააუმჯობესებდით თქვენს სკოლაში სწავლა/სწავლების პროცესში?

როგორც იცით, მაღალ კლასებში ინგლისური ენა მხოლოდ 2-საათი ისწავლება, ეს ძალიან ცოტაა იმ მოსწავლეებისათვის, რომელთაც სურთ ეროვნული გამოცდების ჩაბარება. მათ მშობლებს არც ფიზიკურად და არც ფინანსურად შეუძლიათ ბავშვების დამატებით მომზადება.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ კარგი იქნება სკოლაში იყოს ინგლისური ენის შესასწავლი წრე, სადაც ყველა მსურველ მოსწავლეს შეეძლება დასწრება და ცოდნის გაღრმავება, ასევე შეძლებს ეროვნული  გამოცდებისათვის მომზადებას.

დაბოლოს დაასრულეთ ფრაზა: მინდა, რომ...

მინდა, ჩვენი მომავალი თაობები აღიზარდონ ბედნიერ, მშვიდობიან და გაბრწყინებულ საქართველოში!

      მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა