32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი პედაგოგთა, პროფწევრთა მხარდამჭერი მძლავრი ორგანიზაციაა. მხარდაჭერისა და პატივისცემის ერთგვარი გამოხატულებაა ელექტრონული რუბრიკა „პროფწევრები განსხვავებული რაკურსით“, რომლის მიზანია პროფწევრების საქმიანობის წარმოჩენა და მათი დანახვა განსხვავებულ რაკურსსა და ამპლუაში, რესპონდენტის როლში.

რუბრიკამ მასშტაბური ხასიათი მიიღო და არაერთი წარმატებული პედაგოგი და სკოლის ლიდერი წარმოაჩინა.

ამჟამად ჩვენი რუბრიკის სტუმარია მთვარისა ფიფია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ეწერის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი, ღირსების მედალოსანი, 2008-2009 წელს საქართველოს პრეზიდენტის სასწავლო წლის სტიპედიანტი, ოცდათვრამეტწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობით.

დავიბადე 1961 წლის 1 ნოემბერს წალენჯიხის სოფელ ეწერში. ვსწავლობდი ამავე სოფლის სკოლაში. ეს წლები განსაკუთრებული იყო, ძალიან ნაყოფიერი, ლაღი, თავისუფალი. მასწავლიდნენ არაჩვეულებრივი მასწავლებლები, პროფესიონალები, მე ვიტყოდი,ნორატორები, ალბათ, ამან განაპირობა ჩემი პროფესიაც. 1978-1982 წლებში ვსწავლობდი მ.გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დავამთავრე ფილოლოგიის ფაკულტეტი, კვალიფიკაციით-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 1982-83 წლებში ვმუშაობდი წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუშის რვაწლიან სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის მასწავლებლად. 1983 წლიდან დღემდე ვმუშაობ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, ასევე სხვადასხვა დროს ვმუშაობდი რელიგია და კულტურის, საოჯარო ეთიკა და ფსიქოლოგიის , ისტ-ს მასწავლებლად , დირექტორის მოადგილე კლასგარეშე და სკოლისგარეშე აღმზრდელობითი მუშაობის დარგში. 2010 წელს ჩავაბარე საგნობრივი და პროფესიული კომპენტეციის დამადასტურებელი გამოცდები, მომენიჭა მასწავლებლის უფლება, გავხდი უფროსი მასწავლებელი. 2011 წელს ჩავაბარე ინტეგრირებული გამოცდა (ისტ და ინგლისური ენა)და მომენიჭა საუკეთესო სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი. 2015 წელს ჩავაბარე ქართული ენა და ლიტერატურა I-VI კლასი, 2019 წელს ქართული ენა და ლიტერატურა მათემატიკა და ბუნებისმეტყველება I-IV კლასი. 2019 წელს მომენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, 2008 წელს გავხდი საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი , 2012 დამაჯილდოვეს ღირების მედლით. აქტიურად ვიყავი ჩართული მთელი ეს წლები სხვადასხავა სასკოლო ღონისძიებაში, რაიონულ და რესპუბლიკურ კონკურსებში. ჩემი მოსწავლეები წარმატებით გამოდიოდნენ რესპუბლიკურ კონფერენციებზე,ოლიმპიადებზე, კონკურსებში. 2015 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, წარმატებით ვმონაწილეობით კონკურშში ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“, ჩამოყალიბებული მყავდა ორი ჯგუფი პატარების - მე-5 -მე-8 და დიდების მე-9 – 12 კლასების, ეს იყო ძალზე საიტერესო პროექტი, გავხდით ფინალისტებიც და როგორც ფინალისტებმა მოვილოცეთ საპატრიარქოს დაფინანსებით შიდა ქართლი .2016-2017 წელს მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების მიზნით, შევქმენი ეკოკლუბი ,,ხემხვაიე “ და აქტიურად ვმონაწილეობდით და დღესაც აქტიურად ვართ ჩართული CEEN-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ 2017 , 2018 , 2019, 2020 , 2021 , 2017 წელს გავხდით ფინალისტები, დამაჯილდოვეს სპეციალური პრიზით და საჩუქრად გადმომეცა ,, Apple ipad 9.7 “ ამ კონკურსის ფარგლებში ვიმოგზაურეთ ნიკო კეცხოველის წიგნის ,, მეცხრე მთაც გადავიარეთ და ,,არსიანიდან მოვდივართ მოგვიხარიას„“ კვალდაკვალ . ამ მოგზაურობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში სხვადასხვა უნარ-ჩვევის , კომპეტენციების განვითარებას, უპირველეს ყოვლისა, მათში ეკოლოგიური და გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლებას, მოიხილეს საქართველოს სხვადასხვა კუთხე , ვეცნობოდით სხვადასხვა კუთხის ეკოლოგიურ პროვბლენებს , იქ გავრცელებულ მცენარეთა ჯიშებს, გვქონდა ურთიერთობა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან . პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ მრავალი პროექტი ( მაგ . ,,წინათ ვაზიც იცინოდა"), აქციები, აქტივობები , კლუბს აქვს თავისი ინტერნეტგვერდი, ბლოგი . ხელნაწერი გაზეთი ,, ოჩოპინტრე “. პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილებები მოსწავლეებმა გამოიყენეს სხვადასხვა კონფერენციებზე თემების წარდგენისას. ვთვლი, რომ არაფორმალურ განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეების სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. 2017-2018 , 2018 – 2019 წლებში ვატარებდი თავისუფალ გაკვეთილებს. 2017 -2018 წარვმართავდი პროექტს ,,კინო სკოლაში“. 2018-2019 სასწავლო წელს შევქმენი კინოკლუბი ,,სიზმარა „“ მე-5 - მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის. მოსწავლეთა ესთეთიკური განვითარების მიზნით, შევქმენი წრე ,,თეატრი სკოლაში“ დავდგით სპექტაკლი ,,ტყის ზღაპარი “- ჩემი პიესა და ,,ხუმლა კოჩი „ -დანიელ ფიფიას არაკი , თეაქტრალური გემოვნების , აქტიური მაყურებლის ჩამოყალიბების მიზნით ვესწრებოდით სპექტაკლებს , ვხვდებოდით მსახიობებს : ლეო ანთაძე , მურმან ჯინორია, შ. დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრის მსახიობები .

რამ განაპირობა თქვენი მასწავლებლის პროფესიაში შესვლა და პროფესიული არჩევანი?

გურწფელად გეტყვით, მიყვარდა და მიყვარს ბევრი პროფესია, ყველაში ვეძებ რომანტიკას. სკოლის დამთავრებისას არჩევანის წინაშე ვიყავი,მაგრამ ყველაფერს მაინც პოეზიამ აჯობა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ასე შემაყვარეს ქართული ენა და ლიტერატურა (ნელი ქობალია, ნანა ზარიძე, მანანა მოლაშხია). მადლობას გადავუხდი ჩემს მშობლებს, რომლებიც პატივს სცემდნენ ჩემს არჩევანს და მუდმივად მედგნენ მხარში ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში და კარიერული წინსვლის დროს.

ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი ბრძანდებით და აქტიურ პედაგოგიურ ცხოვრებას ეწევით. რომელ სკოლაში მუშაობთ და რა ნიშნით გამოარჩევთ მას სხვა სკოლებისგან? გააცანით თქვენი რაიონი და სკოლა საზოგადოებას?

ჩემი რაიონი გამორჩეულია თავისი ბუნებით, სქურის უნიკალური ხეობით, ტობა ვარჩხილით, უძველესი საუკუნოვანი ტრადიციებით, ციხე- სიმაგრეებითა და ტაძრებით, სწორედ წალენჯიხის ფერისცვალების ტაძარში გადაიწერა, სავარაუდოდ, მამუკა თავაქარაშვილის ცნობილი ხელნაწერი ,,ვეფხისტყაოსნისა“, წალენჯიხის ტაძრებიდან წაბრძანებული ხატები ამშვენებს ქალაქ ზუგდიდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ოქროს ფონდს. რაიონი, სადაც დაიბადა ტერენტი გრანელი, ნიკოლოზ შენგელაია, ლეო ქიაჩელი, ეგნატე ფიფია, ბიქტორ გუჩუა, კალისტრატე სამუშია, ჩემი სოფელი, სადაც აღიზარდნენ ცნიბილი ადამიანები: ენათმეცნიერი აკადემიკოსი მამანტი ძაძამია, პროფესორი გვანჯი მანია…საუკუნოვანი ღრმა ტრადიციებისა და დიდი კულტურით გამორჩეული რაიონი. მიყვარს ეს ყველაფერი და ვამაყობ.ვასწავლი სკოლაში, სადაც აღვიზარდე, ამიტომაც განსაკუთრებულად მიყვარს იგი. ჩვენს სკოლას დიდი ტრადიციები აქვს. იგი დაარსდა 1892 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელი სახოგადოებრის მიერ სოფლეში არსებულ წმინდა გიორგის ეკლესიასთან. სკოლამ თავისი არსებობის მანძილზე რთული გზა გამოიარა, ეს საუკუნოვანი სკოლა დიდებულმა ადამიანებმა, ღირსეულმა პედაგოგებმა შექმნეს . სკოლის კედლებში ბევრი ღირსეული პიროვნება აღიზარდა ასე გრძელდება დღესაც. მეამაყება ჩემი სკოლის კურსდამთავრებულები, მასწავლებლები, ჩემი კოლეგები მათი დიდი ღვაწლის შედეგად სკოლა ღირსეულად ემსახურება ახალი თაობის აღზრდის საქმეს და დგას წარმატებული სკოლების რიგებში.

რას სწავლობთ სწავლების პროცესში? როგორია თქვენი გაკვეთილი და რითი განსხვავდება ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესისგან?

სკოლა ცოცხალი ორგანიზმია, მუდმივად მზარდი, ცვალებადი. თაობები მიდიან და შორიდან შეიძლება ჩანდეს, რომ მასწავლებელს უწევს ერთსა და იმავეს გამეორება და ეს ყველაფერი მოსაბეზრებელია, მაგრამ ეს ასე არ არის. არასდროს არ ჰგავს გაკვეთილი ერთმანეთს, როგორც მოსწავლეები, თაობები არ ჰგვანან ერთმანეთს. მუდმივად რაღაც იცვლება, მიყვარს ცვალებადობა, სიახლეები... ბევრს ეს აშინებს, სკეპტიკურად უყურებს ახალს. მსიამოვნებს მოსწავლეების გაბრწყინებული თვალები, ვცდილობ, გაკვეთილები იყოს ხალისიანი, მრავალფეროვანი აქტივობებით... განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს მოსწავლის ფსიქოლოგიაზე, მის პიროვნულ ღირსებებზე. ჩემს გაკვეთილზე ბოლოში არავინ დგას, ყველა წინ არის თავისი პიროვნული თავისებურებებით. როცა მოსწავლე თავისუფლად გრძნობს თავს გაკვეთილზე, იქვე იბადება ახალი იდეები, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში პროექტებად იქცევა. მიყვარს, როცა რწმენას ვუნერგავ მოსწავლეს, ვაჯერებ საკუთარ ძალებში, ვეხიდები და ერთად მივიწევთ წინ.

თქვენს პროფესიაში რომელ თანამედროვე მიდგომებს და მეთოდებს გამოყოფთ, რომლებსაც სწავლებისას განსაკუთრებით იყენებთ?

დღეს სწავლა/სწავლების უამრავი მეთოდი არსებობს, თუმცა მეთოდების ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, რა დროს და როგორ გამოვიყენებთ მას. მოსწავლემ უნდა იცოდეს რას სწავლობს და რატომ. ახალი სკოლის მოდელი, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლის შემოქმედებითი, შემეცნებითი და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაზე აუცილებლობა იყო. უმჯობესია, ცოტა წაიკითხო და ბევრი იფიქრო, ვიდრე ბევრი წაიკითხო და ცოტა იფიქრო. მეტი შემოქმედებითობა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა...თემები და მასალები ისე უნდა შეირჩეს, რომ მოსწავლეს მიეცეს საშუალება თავად შექმნას საგაკვეთილო მასალაზე დაყრნობით ახალი, თავად გააკეთოს დასკვნები დამოუკიდებლად ან ჯგუფში. მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმისთვის, აუცილებელია, ინტერაქტიული სწავლება, რომელიც ორიენტებულია არამხოლოდ მზა ცოდნის მიღებაზე, არამედ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. სწავლების პროცესისადმი ეს ახალი მიდგომა ეყრდნობა მნიშვნელოვან საგანმანათლებლო მიმდინარეობას – კონსტრუქტივიზმს. ვასწავლოთ მოსწავლეებს ძველი და ახალი ცოდნის შედარების მეშვეობით ახალი ინფორმაციის შეგროვება, დასკვნების დამოუკიდებლად გამოტანა, დამოუკიდებლად აზროვნება, ცოდნის კონსტრუირება – შენება. მოსწავლეებს მოსწონთ, როდესაც სწავლება ხდება თანამშრომლობით. ამისათვის ვიყენებ სასწავლო პროექტს, კვლევას, დაკვირვებას, პრეზენტაციას, როლურ თამაშებს. დიდ ყურადღებას ვაქცევ სასწავლო ვიზიტებს, ეს არაჩვეულებრივი გზაა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების, მოსწავლესთან დაახლოების, სხვადასხვა კომპეტენციების განვითარების. ასევე სასწავლო პროცესის წარმატებით განსახორციელებლად, ადამიანურ რესურსთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მატერიალურ რესურსებს. სასწავლო გარემო უნდა იყოს უზრუნველყოფილი სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით.ფორმალური განათლების გვერდით აქტიურად უნდა იყოს არაფორმალური განათლება, სადაც მისწრაფებების მიხედვით ერთიანდებიან მოსწავლეები. ძალიან ხშირად მივმართავ განათლების ამ ფორმას. იგი მონაწილეთა უნიკალურ საჭიროებებზეა მორგებული და ფორმალური სკოლის სისტემის გარეთ ხორციელდება. იგი მიმართულია განსაზღვრული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განვითარებისკენ.

რა არის თქვენთვის წარმატება და რა გაძლებთ მოტივაციას?

ჩემი წარმატებული მოსწავლეები არის ჩემი წარმატებაც.მათი ბედნიერი სახეები წინსვლის ძალას გაძლევს. როდესაც ჩემი მოსწავლეები კონკურსის ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას “ ფინალისტები გახდნენ, უბედნიერესი ვიყავი ... ასეთი წარმატებებისგან შედგება ჩემი ცხოვრება და ეს მაძლევს ძალას, მოტივაციას. აქვე ვიტყვი, ერთ- ერთი უმთავრესი არის ჩემი ოჯახი, რომელიც მუდმივად ჩემს გვერდითაა და ჩემი და ჩემი მოსწავლეების გულშემატკივარია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მშობლებს. როცა მასწავლებელსა და მშობელს შორის კეთილი დამოკიდებულება და ნდობაა, მოსწავლეთა წარმატება არ დააყოვნებს. მუდმივად ვგრძნობ მათ მხარდაჭერას, სიყვარულს. მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს , რომლებიც მუდმივად არიან ჩემს გვერდით.

სწავლებისას ძირითადად რა პრობლემებს აწყდებით? როგორია თანამედროვე ახალგაზრდობა? რამდენად მოტივირებულები არიან სწავლა/სწავლების პროცესის დროს და წინა თაობის ახალგაზრდებისგან რითი გამოირჩევიან ?

საერთოს ყველა პრობლემას ღრმა ფესვები აქვს. ზედაპირულად კი შეიძლება სხვანაირად ჩანდეს . ყველა დროს იყო მეტ-ნაკლებად მოტივირებული მოსწავლეები .ცხოვრების ტემპი ზოგადად არის ძალიან დაჩქარებული, მობილური. ახალმა ტექნოლოგიებმა თითქოს ახალი სირთულეები შექმნა, ახალი თაობა მიეჯაჭვა ამ ტექნოლოგიებს და წიგნი განზე დარჩა. სწორედ ეს არის ცხოვრებისგან მიღებული სიახლე, ცვლილება, რომელიც გარდუვალობაა, მაგრამ ამ ტემპს ვერ მიჰყვა სკოლა, ახალმა ტექნიკურმა განვითარებამ აუცილებელი გახადა, რომ სკოლა და მასწავლებელიც უნდა იყოს აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. იგი უნდა გამოიყენოს აქტივობების რეალიზებისთვის. ეს ტექნოლოგიები აქტივობების მრავალფეროვნების საშუალებებს იძლევა, მოსწავლეებსაც მოსწონთ ეს. ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, მაგრამ თუ სწავლება ინფორმაციის გადაცემით შემოიფარგლა, ამისთვის მოსწავლეს ინტერნეტი აქვს, რომელსაც შეუძლია მასწავლებელი ჩაანაცვლოს... ჩვენ ისეთი რამ და ისე უნდა მივაწოდოთ, რომ დაინტერესდეს. დღევანდელი თაობის ახალგაზრდები არიან ძალიან ნიჭიერები, არაჩვეულებრივები, უფრო ძლიერები, თვითდაჯერებულები, თამამები, უშუალონი, უყვართ დამოუკიდებელი ცხოვრება - მიყვარს ეს თვისებები. ეს არის გამორჩეული თაობა. როცა მოსწავლე ,,ვეფხისტყაოსნის “ დღეს მოგილოცავს, ამაზე დიდებული რა უნდა იყოს. მთავარია, ამ ნიჭიერი თაობის უსაზღვრო ძალებს როგორ წარვმართავთ და როგორ აღვზრდით. 12 წლის ნესტან -დარეჯანი ქვეყნის მართვაზე ფიქრობდა , ჩვენ ეს ფიქრი წავართვით ახალ თაობას. ჩვენს ეპოქაში კი 18 წლისას კიდევ ბავშვი ჰქვია. განათლების სისტემაში ამ მხრივ რაღაც ცვლილება აუცილებლობაა.

როგორ შეაფასებდით სწავლების ძველ და ახალ მიდგომებს: ახალი სკოლის მოდელს, სქემას, სწავლების ინტერაქციას, ერთიან ეროვნულ გამოცდებს... მიმდინარე 2020 წლის ეროვნულმა გამოცდებმა აჩვენა, რომ გამოცდა ორიენტირებული იყო არა წმინდა პროგრამული კუთხით, არამედ აქცენტი კეთდებოდა მოსწავლის თავისუფალ აზროვნებასთან. თქვენეული მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებითაც.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ახალი სკოლის მოდელი ეს არის ახალი საუკუნის შესაბამისი. შეუძლებელი იყო მიდგომები სწავლებისადმი, რაც არსებობდა აქამე, ასე გაგრძელებულიყო. ადრე ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოში მოცემული ყველა მასალა უნდა გესწავლებინა,ნაკლები ყურადღება ექცეოდა ცნებებს, უნარ -ჩვევებს. გამოცდებმა უნდა აჩვენოს მოსწავლის ფაქტობრივი ცოდნაც, მაგრამ უმთავრესი მაინც ანალიტიკური აზროვნებაა. ტესტები არ უნდა იყოს, როგორც აბიტურიენტები იტყვიან, ,,გარტყმაზე “ ორიენტირებული. ლიტერატურის გამოცდაზე ორმოცქულიან ფაქტობრივ ცოდნაზე ორიენტირებული კითხვები ჩემთვის მიუღებელია .

როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგისთვის, რამდენად მოტივაციის შემცველია ის ფაქტი, რომ ეროვნულ გამოცდებში ყველა მიმართულებით, პირველ სავალდებულო საგნად ჩასმულია ქართული. რა უნდა გაკეთდეს ქართული ენის უფრო მეტად პოპულარიზაციისთვის?

მშობლიური ენა საყრდენია ჩვენი ცნობიერების, მასზე წინ რა უნდა დადგეს? ეს არის საგანი, რომელიც უპირველესია მოსწავლის ანალიტიკური, შემოქმედებითი, ლოგიკური აზროვნების განვითარებისთვის. ახალს ვერაფერს ვიტყვი, ქართული სახელმწიფო ენაა, კონსტიტუციის მორჩილება კანონის უზენაესობაა, ამიტომ ეროვნულ გამოცდებზე საქართველოს მკვიდრი ყველა აბიტურიენტი უნდა აბარებდეს ქართულ ენას და ლიტერატურას.უნდა აღვნიშნო, ჩემი გულისტკივილი - დაწყებით საფეხურზე ქართული ენა და ლიტერატურა 6, 7 საათით არის წარმოდგენილი, ეს დაუშვებელია, ამ საფეხურზე წერითი მეტყველების განვითარებისთვის ცალკე საათი უნდა იყოს დათმობილი. კითხვის,ზეპირი და წერითი მეტყველების განვითარებისთვის ეს ძალზე მცირეა.

ქართული ენა /ლიტერატურის ცოდნის საფუძველი სკოლიდან იწყება. როგორ ინტერესდებიან თქვენი მოსწავლეები ამ საგნით სამომავლო პროფესიის არჩევისას და ქართულის, როგორც ჰუმანიტარული საგნის ცოდნა რეალურ ცხოვრებაში რაში გვეხმარება?

გავიმეორებ გურამ დოჩანაშვილის სიტყვებს: ,,ყოველი წაკითხული წიგნის მერე ხდები ცოტათი უკეთესი ვიდრე ხარ“. ლიტერატურა -ეს ჩვენი ცხოვრებაა. მიყევით მარად თანამედროვე წიგნს ,,ვეფხისტყაოსანს„ და ნახავთ, როგორი მშვენიერი იქნება სამყარო, თქვენი და ჩვენი ცხოვრება. სადაც იწყება ფიქრი, იქ იწყება ცხოვრება და ამის დიდი ბერკეტები ლიტერატურის ხელშია.

პანდემიის ფონზე , რეალური საკლასო ოთახი ჩაანაცვლა ვირტუალურმა. რამდენად გადაეწყვეთ ახალ რეალობასთან? რა ისწავლეთ ამ პერიოდში და რა პრობლემებს წააწყდით ამ მიმართულებით.

ყველაფერში ვეძებ დადებითს. ცხოვრებამ გამოწვევის წინაშე დაგვაყენა, ეს იქნებ საჭიროც იყო. დედამიწამ ცოტათი დაისვენა, ჩვენ ღირებულებები გადავაფასეთ. შევეცადე ახალი რეალობა საინტერესო, სახალისო გამეხადა. მშობლების დიდი თანადგომით და მხარდაჭერით ამ პერიოდმა დადებითად ჩაიარა. უფრო მეტი მასწავლებელი და მშობელი დაგვაახლოვა. ონლაინ გაკვეთილები რომ სახალისო ყოფილიყო, შევეცადე საინტერესო აქტივობები შემეთავაზებინა. წიგნი და გარემო ერთმანეთისთვის ისე შემეთავსებინა, რომ სახლი აქტიური საგაკვეთილო არეალი ყოფილიყო. შეიქმნა უჩვეულო პროექტები, შევქმენი ინტერნეტმუზეუმი ,,ხარათია “, მის მუშაობაში მოსწავლეები აქტიურად ჩავრთე , შევქმენი ლიტერატურული გვერდი ,,აივენგო“, აღვნიშნეთ ,, ვეფხისტყაოსნის “ დღე , მეგრული ენის დღე და სხვა მრავალი, შევქმენით ხელნაწერი წიგნი ,, ხილთა ქება “, პროექტი სპა -ჯარი და სხვა, აქტიურად მუშაობლა ეკოკლუბი ,, ხემხვაიე “, რომელმაც ონლაინ ათეულობით პროექტი აქცია და სხვა აქტივობა განახორციელა. ჩავატარე ონლაინ კონკურსი ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“. მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად შევქმენი მათი წარმატებების, აქტივობების შესაბამისი დიპლომები, სიგელები...პრობლემა, რომელსაც ტექნიკური მხარე ქმნიდა, ვცდილობდით დაგვეძლია. მიწევდა ერთი გაკვეთილის თიმსით, ფეისბუქით რამდენიმე ეტაპად ჩატარება, მაგრამ ვთვლი, რომ ეს ჩემი ვალდებულება იყო ჩემი მოსწავლეების, მათი მშობლების, ქვეყნის წინაშე. ეს მცირე რამ იყო, რაც უნდა გააკეთოს მამულიშვილმა ( მიყვარს ეს სიტყვა). საერთოდ ონლაინ სწავლებამ ახალი იდეები გაგვიჩინა, დაფარული შესაძლებლობები წარმოაჩინა. ვიტყვი, მე და ჩემმა მოსწავლეებმა ვიხალისეთ, ვიშრომეთ , პოზიტიურად ჩაიარა ონლაინ ურთიერთობამ.

რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის და როგორი უნდა იყოს თანამედროვე პედაგოგი?

სულ ,, მცირედი “ ერთი პარლამენტარი მასწავლებელი ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს ?

გლობალურმა პანდემიამ ინტერნეტტექნოლოგიების ფლობის საჭიროების წინაშე დაგვაყენა. როგორ შეძელით დისტანციურ საქმიანობაზე გადასვლა და როგორ შეაფასებდით ამ პროცესს?

ინტერნეტტექნოლოგიები დიდი ხანია, რაც შემოვიდა. როგორც აღვნიშნე, მიყვარს სიახლეები, ამ მხრივ პრობლემები არ მქონია. ვფლობ, ჩემი პროფესიისთვის საჭირო კომპიუტერულ პროგრამებს, შევქმენი ინტერნეტსავარჯიშოები, ინტერნეტგვერდები, ბლოგები და ეს ყველაფერი აქტიურად გამოვიყენე ვირტუალურ საგაკვეთილო ოთახში. საერთოდ ამ მხრივ პრობლემები არ უნდა ყოფილიყო, კომპიუტერული განათლება ცხოვრების აუცილებლობაა და მისი არცოდნა მიუღებელია. უფრო მეტი, იგი ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობებს სთავაზობს და აქტიურად უნდა იქნეს გამოყენებული ცხოვრებაში, მით უფრო სასკოლო ცხოვრებაში .

გარკვეული წლების მერე როგორ ხედავთ თავს პროფესიაში? როგორია თქვენი სამომავლო პერსპექტივები?

ვაკეთებ და ვემსახურებ იმ საქმეს, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს. მიყვარს ჩემი მოსწავლეების აწმყო და მომავალი...მაისის თვეში მიყვარს ფოთოლთა სიხასხასე , მარადიულ სიცოცხლეს რომ გაგრძნობინებს, ეს სიხასხასეა სკოლა , აქ არ ბერდები, არ იღლები ...წყაროს წყალივითაა, მოსანატრებელი, ჰამო...ჩემი ადგილი აქ არის ,ახალი იდეებით, ხალისიანი გაკვეთილებით, მოგზაურობებით, პროექტებით...

კიდევ განვმეორდები,თქვენ წამყვანი მასწავლებელი ბრძანდებით. ეს ერთ-ერთი მაღალი სტატუსია სასკოლო ცხოვრებაში. პროფესიული წარმატების გზაზე ,ალბათ, ბევრი დაბრკოლება შეგხვდებოდათ, რომელსაც გაუმკლავდით. როგორ შეაფასებდით განვლილ წლებს.

მუდმივი ძიება, სიახლე, მეთოდებსა და სტრატეგიებში ცოტა ავანტურაც, დადებითი შედეგებით ( როდესაც ქართული ენა , როგორც დამოუკიდებელი საგანი, გაქრა საწავლო ბადიდან, მე მაინც კვირაში ორ საათს ვუთმობდი ამისთვის სათანადოდ შერჩეული წიგნებით, ჩემი სავარჯიშოებით, წლების მერე კი ხედავთ, ენა ისევ იბრუნებს თავის ადგილს სასწავლო დისციპლინებში ).დღეს აქტიურად მიმდინარეობს ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში კომპლექსური დავალებების საკითხი. უნდა გითხრათ, ის მიდგომები რაც არსებობდა სწავლა/ სწავლების პროცესში , ბევრი რამ ჩემთვის მიუღებელი იყო. ჩემთვის უმთავრესი იყო არა ცოდნის უბრალოდ მიწოდება, არამედ მოსწავლის შემოქმედებითობის, ძიების, ლოგიკური აზროვნების განვითარების აუცილებლობა, ამიტომაც შემქონდა საგაკვეთილო პროცესში მინითეატრი, პრესკონფერენციები, ბრიფინგები, რეპორტაჟები, პრეზენტაციები, სწავლება ხდებოდა კეთებით, დიდი აქცენტი მქონდა გაკეთებული სასწავლო ვიზიტებზე, არაფორმალურ განათლებაზე. ვიყენებდი და დღესაც ვიყენებ ჩემს საავტორო მეთოდს: ღრუბლის ეფექტი , დიაგრამა დონი , შევქმენი თამაშობები და პროექტები ,,ბიქილა „ , კაფე -ბარი „ და ეს ყველაფერი ხდებოდა ჩემი მოსწავლეების საჭიროებიდან გამომდინარე და მათი წარმატებისთვის. კარიერული წინსვლის გზაზე მუდმივად ვგრძნობდი ჩემი მეგობრების (განსაკუთრებით აღვნიშნავ ჩემს თანაკურსელებს), კოლეგების თანადგომას. შეუძლებელი იქნებოდა სხვადასხვა კლუბების , საგნობრი წრის, პროექტების , სასწავლო ვიზიტების წარმატებით განხორციელება, რომ არა დიდი მხარდაჭერა სკოლის დირექციის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, რესურსცენტრის, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მარტო ბოლო რვა წლის განმავლობაში 46 სხვადსხვა პროექტის ფარგლებში განხორციელებული სასწავლო ვიზიტი ვერ შედგებოდა რომ არა კოლეგების , სკოლის ადმინისტაციის, რაიონის ხელმძღვანელობის, კეთილი ადამიანების, მშობლების დიდი თანადგომა და სიყვარული-ასე მოვდივარ 38 წელია...მიყვარს განვლილი წლები, წარმატებები და დაბრკოლებებიც.

თქვენ, როგორც ქართულის პედაგოგი, კარიერული წინსვლის გზაზე რა დაბრკოლებებს გადააწყდით? ახალი სქემის ფარგლებში აქტიურად საუბრობდნენ პედაგოგების კრედიტებზე, დამატებით აქტივობებზე, ელექტრონულ ჟურნალზე, „ქაღალდომანიაზე“, სერტიფიცირებაზე. თქვენეული დამოკიდებულება ყოველივე ამასთან დაკავშირებით?

ჩვენი პროფესია სპეციფიურია, ეს მუდმივ ცვალებადობასა და სიახლებზეა ორიენტირებული, გახდი წამყვანი და კი არ დასრულდა რაღაც, რა პროექტიც შარშან განვახორციელე, როგორი გაკვეთილები ჩავატარე, რაში გამოადგა ჩემს ახალ კლასს, მათთვის რას გავაკეთებ, რა აქტივობებს, პროექტებს, როგორი იქნება მათი ყოველდღიური საგაკვეთილო პროცესი ეს არის მათთვის მთავარი. ეს შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ ეს რეალობაა, ეს პროფესიის სპეციფიკაა . დამსახურებებისთვის კი უნდა არსებობდეს სხვა ფორმები, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს ფულად ჯილდოებს. ასეა სხვა პროფესიებში. ამ მხრივ გამონაკლისი არც ეს პროფესია უნდა იყოს. ისე ცოდვა გამხელილი სჯობს, არავინ საუბრობს სქემის, კრედიტების დადებით მხარეზე, რომელმაც ბევრს აუმაღლა კვალიფიკაცია. სასურველი იქნებოდა წამყვანობისა და მენტორობის დამადასტურებელი გამოცდები არ შეფერხებულიყო. მე მენტორობისთვის საჭირო კრედიტქულები ავტვირთე ჩემს პროფესიულ საქაღალდეში, მაგრამ, სამწუხაროდ, სქემა ამ მხრივ შეჩერდა, უფროსებსა და პრაქტიკოს მასწავლებლებს მიეცათ წინსვლის საშუალება, წამყვანებს კი არა. მე ჩემი პროფესია მიყვარს და ყოველთვის ვაკეთებდი და ახლაც ასე ვარ , ვაკეთებ ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს. მიყვარს და ასე გავაგრძელებ გზას - სიახლეები, ცვლილებები ცხოვრების კვალდაკვალ , ინოვაციები და ცოტა ავანტურაც, ( გინახავთ, ალბათ, ზოგჯერ ხე უცნაურად დაიღვარჭნება , გადაიხრება , არასტანდარტულად იზრდება , მაგრამ საოცრად ლამაზია , მიმზიდველი თავისი უცნაური ფორმით და გიზიდავს , გაკვეთილებიც შეიძლება არ ჰგავდეს ზოგჯერ სტანდარტულს , მაგრამ საინტერესო , მიმზიდველი , ხალისიანი , დამაინტრიგებელი -ვინმე თუ ყოფილა მთელ საქართველოში ღამით მუზეუმში არ ვიცი, მე და ჩემი მოსწავლეები კი. ეს საოცრება იყო, დაუვიწყარი. გინდა სამშობლო შეაყვარო , სახიფათო გზებიც უნდა მოატარო , ,,გიყვარდეს “- კი არ უნდა უთხრა, ციხის ქონგურებიდან უნდა გამოახედო, ხიხანის ციხიდან ზღაპრული საქართველო დაანახო, გულგოროზი მთებივით ამაყი ხდება და უნებურად უყვარდება ეს ყველაფერი ) შედეგად ჩემი მოსწავლეების წარმატებები .

მასწავლებლის აკადემიური თავისუფლება, გუნდურობის პრინციპი და ერთი ნიშნით გაერთიანებული ადამიანების ერთობა როგორ გესახებათ და თქვენეული დამოკიდებულება „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან“ დაკავშირებით. პირადად თქვენ რა მოგცათ აღნიშნულმა ორგანიზაციამ?

პროფესიული გაერთიანება ცივილიზებული, კულტურული საზოგადოების ერთ-ერთი ატრიბუტია, ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ დამოკიდებულება არასახარბიელოა.პირადად მე ამ გაერთიანების წევრი ვარ დაარსებიდან. ეს პროფესიული უსაფრთხოების გარანტია. უნდა აღვნიშნო , რომ მუდმივად ვგრძნობ მხარდაჭერას. ძალიან სასიამოვნო იყო წამყვანობის სტატუსის მინიჭებისთან დაკავშირებით გამართული შეხვედრა, მადლობა ამისთვის სპმთპ-ის წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს თამარ კაკაჩიას. საყურადღებოა, რომ ორგანიზაციის დახმარებით, თანადგომით ინტენსიურად ტარდება ტრენინგები პედაგოგებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ბევრი პედაგოგის კვალიფიკაციის ამაღლებაში მათი ლომის წილია .ვფიქრობ, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში აუცილებლად უნდა გაწევრიანდნენ, რადგან წევრებისთვის მაქსიმალური კეთდება. ამჟამად მიმდინარეობს ტრენინგები ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში, რომლებიც გამოირჩევა ტრენერთა მაღალი კვლიფიკაციით, ორგანიზებულობით.

იხ. ლინკი: https://spark.adobe.com/page/6Md1opXKXhzJT/

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა