32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა

2006 წელს პირველად საქართველოში მასწავლებელთა საერთაშორისო დღის - 5 ოქტომბრის აღნიშვნა „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა“დაიწყო და უკვე არაერთი წელია სხვადასხვა ფორმით აღნიშნავს. სპმთპ-ის რაიონული/საქალაქო და ავტონომიური ორგანიზაციები ადგილობრივ დონეებზე აღნიშნავენ მასწავლებელთა სტატუსის მიხედვით დაფასების დღეს, რაც ერთგვარად ტრადიციული ხასიათის გახდა. წლევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რაკიღა შეზღუდულები ვიყავით მასობრივ თავყრილობებს, აქედან გამომდინარე, არ გვინდოდა საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის ეგზომ მნიშვნელოვანი დღე უყურადღებოდ დაგვეტოვებინა და ჩვენი წვლილი არ შეგვეტანა 5 ოქტომბრის აღნიშვნის პროცესში. ეს დღე, დამეთანხმებით, რომ განსაკუთრებით მგრძნობიარე და ძვირფასია იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც მრავალი წელია ემსახურებიან სკოლას და მომავალი თაობის აღზრდის პროცესს, რომლებმაც მთელი თავისი ენერგია, კვალიფიკაცია, გამოცდილება მომავალი თაობის აღზრდის პროცესში ჩადეს და ცხოვრება მიუძღვნეს სკოლას. სწორედ ასეთ ღვაწლმოსილ პედაგოგებზე მოვახდინეთაქცენტირება და საქართველოს მასშტაბით მოვიძიეთ 50 წლამდე მუშაობის სტაჟის მქონე პედაგოგები. დამეთანხმებით, რომ პროფესიონალიზმი, გამოცდილება და მოტივაცია ასაკს ამარცხებს. წარმატებულმა, ასაკოვანმა პედაგოგებმა სხვადასხვა ფორმაციაში დიდი გზა და გამოწვევები გაიარეს, წინ კიდევ არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან, მით უმეტეს პანდემია, მსოფლიო მასშტაბით, ჯერ კიდევ გადაულახავი პრობლემაა. ჩვენი მოკრძალებული წვლილით, რომელიც აღნიშნული ღვაწლმოსილი პედაგოგების საქმიანობის ორგანიზაციის გვერდზე წარმოჩინებით გამოიხატება (იმედია, არ გვიწყენთ, თუ ვერ შევძელით ყველა პედაგოგის წარმოჩენა); ინტერვიუს ფორმატით მთელს პედაგოგიურ საზოგადოებას გილოცავთ დღევანდელ დღეს! კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 5 ოქტომბრის დამფუძნებელთა გზავნილს: 5 ოქტომბერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მასწავლებელთა ხმები უნდა გაჟღერდეს, რათა მთავრობებს შევახსენოთ მათი ვალდებულებები, ამაღლდეს და დაფასდეს მასწავლებლის პროფესიის სტატუსი. p.s.საინტერესოა, წარმატებული, ასაკოვანი პედაგოგების მდგომარეობათანამედროვე რეფორმის გამოწვევების პირისპირ.

ამჟამად ჩვენი სტუმარია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ზესტაფონის N3 საჯარო სკოლის, მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი ნარგიზ გოცირიძე, სკოლაში მუშაობის ორმოცდაათწლიანი გამოცდილებით.

120453841 2736522109998879 112210670166790905 n

დავიბადე , ქუთაისში 1950 წელს. მქონდა შესანიშნავი ბავშვობა, ვიყავი ოჯახის ერთადერთი შვილი. ვსწავლობდი ქუთაისის მე-19 საშუალო სკოლაში. ზედა საფეხურზე კლასი მუშაობდა მათემატიკის გაძლიერებული პროგრამით, ჰყავდა შესანიშნავი პედაგოგები, აქტიურად ვიყავი ჩაბმული სასკოლო ცხოვრებაში, მივსდევდი სპორტს. 1964 წელს მოსკოვში ჩატარდა კალათბურთის შეჯიბრი 1950 წელს დაბადებულ ,,რკინიგზის სკოლისმოსწავლეებს შორის, სადაც ავიღეთ პირველი ადგილი. იმავე წელს არტეგში ჩატარდა საკავშირო ჩემპიონატი რესპუბლიკებს შორის მონაწილე 18 გუნდს შორის ავიღეთ მე-8 ადგილი. 1965 ოჯახური სტატუსის შეცვლის გამო სწავლა განვაგრძე ზესტაფონის საღამო-დაუსწრებელ სკოლაში, რომელიც დავამთავრე 1966 წელს, მყავდა მეუღლე ტოგო ხიჯაკაძე, რომელიც გარდაიცვალა 2016 წელს. იგი იყო ხარაგულის რაიონის გამორჩეული პიროვნება, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, მყავს სამი ვაჟი, სამივე დაიჯახებული. შმაგი ხიჯაკაძე დაბადებული 1966 წელს, ხარაგულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ნუგზარი ხიჯაკაძე დაბადებული 1969 წელს აუდიტორული ფირმა .. ,,კომპაუდისდამფუძვნებელი და ამავე კომპანიის დირექტორი. ბაქარი ხიჯაკაძე დაბადებული 1979 წელს იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი და ადვოკატი. მყავს 7 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი. აქედან 2 უმაღლეს დამთავრებული ერთი ექიმი, მეორე კი ეკონომისტ-ფინანსისტი, ერთიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი, ხოლო ერთი წელს გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი 100% გრანტით. დანარჩენი კი სკოლის მოსწავლეები.

გააცანით თქვენი რაიონი და სკოლა საზოგადოებას? რითია გამორჩეული და განსხვავებული სხვა სკოლებისგან?

ჩვენი სკოლა აგებულია იმ სკოლის ბაზაზე, რომელოც 1892 წელს ააგო ცნობილმა პიროვნებამ, პედაგოგმა და საზოგადო მოღვაწემ ბესარიონ კელენჯერიძემ, რომელიც შორაპნის მაზრაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ქუთაისის გიმნაზიაში მისაღებად ამზადებდა. ამ სკოლამ იარსება 1921 წლამდე. 1921 წელს სკოლა კერძო მფლობელს ჩამოერთვა, მოხდა მისი რეორგანიზაცია, დაერქვა „ტევრის ოთხწლედი“.1926 წელს სკოლა გადაკეთდა შვიდწლიან სასწავლებლად,ხოლო 1937 წელს ტევრის არასრული საშუალო სკოლა გამოცხადდა საშუალო სკოლად და დაიწყო ახალი შენობის მშენებლობა.1940 წელს სკოლა უკვე გადაკეთთა ვაჟთა სკოლად და ფუნქციონირება დაიწყო ახალ შენობაში. 1956 წელს ვაჟთა და ქალთა სკოლები გაერთიანდა და მას ეწოდა N3 საშუალო სკოლა.

1964-65 წლებში სკოლას მიაშენდა ახალი კორპუსი და იგი გადავიდა ერთცვლიან მეცადინეობაზე. N3 საშუალო სკოლა ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი შესანიშნავი პედაგოგიური კოლექტივით და მიღწევებით.

ბედნიერად ვთვლი თავს, რომ მომიწია მუშაობა ბევრ მათგანთან, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ჩემზე და დიდი წვლილი შეიტანეს ჩემი, როგორც პედაგოგის ჩამოყალიბებაში. ძნელია, მოიძებნოს მეორე სკოლა, რომელსაც თავის არსებობის მანძილზე, ამდენი ღირსეული ხელმძღვანელი და მასწავლებელი ჰყავდეს. ძველმა თაობამ ესტაფეტა გადმოგვცა ჩვენ, ჩემს თანამედროვეებს, რომლებმაც გააგრძელეს სკოლის ტრადიციები და დამსახურებულად, ვალმოხდილებმა დატოვეს სკოლა. მე ვაგრძელებ მუშაობას სკოლაში და ,მიხარია, ახალგაზრდა კოლეგების ცქერა. ისინი ძალღონეს არ იშურებენ, რომ ღირსეულად გააგრძელონ სკოლის ტრადიციები და შედეგებსაც აღწევენ, მოსწავლეთა სწავლა აღზრდის საპატიო საქმეში. სკოლის 32 მასწავლებლიდან - 14 წამყვანი მასწავლებლის სტატუსს ფლობს და 18 უფროსი მასწავლებლია. სკოლას ჰყავს ბევრი საამაყო კურსდამთავრებული, რომლებიც იღწვიან როგორც თავიანთ სამშობლოში, ასევე ქვეყნის საზღვრების გარეთაც.

120453470 3141672495960312 1341615907689558141 n

რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

მათემატიკას სკოლაში მასწავლიდნენ გამოცდილი პედაგოგები. ზედა კლასებში ჩემი მასწავლებელი იყო ისაკ ბალანჩივაძე, ქუთაისის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, ხოლო შემდეგ N19 საშუალო სკოლის დირექტორი და მათემატიკის მასწავლებელი,რომელიც იყო შესანიშნავი პიროვნება. მან დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ არჩევანში.

რა არის თქვენთვის წარმატება და რა გაძლევთ მოტივაციას?

ჩემთვის წარმატებაა, როდესაც სიხარულით და სიყვარულით მხვდებიან ჩემი ყოფილი მოსწავლეები და როცა აღტაცებით იხსენებენ სკოლაში გატარებულ წლებს და მათემატიკის გაკვეთილებს. მოტივაციას მაძლევს ჩემი ოჯახი, როცა ჩემი შვილები ჩემზე ლაპარაკობენ და ახსენებენ ჩემს ასაკს და ფარული სიამაყით უმატებენ, რომ მათი დედა მოქმედი, აქტიური პედაგოგია, რომელიც ყველა სიახლეებს და გამოწვევებს უმკლავდება.

ვისი მხარდაჭერა გაძლიერებთ?

მაძლიერებს სკოლის კოლექტივის მხარდაჭერა. არ ჩამითვალოთ გადაჭარბებად, სკოლა ჩემთვის ის ადგილია, სადაც ყველა იზიარებს ჩემს სიხარულსაც და გასაჭირსაც, სადაც მისვლა მიხარია, თავს კომფორტულად ვგრძნობ ჩემს საყვარელ ადამიანებს შორის.

თქვენს პროფესიაში რომელ თანამედროვე მიდგომებს და მეთოდებს გამოყოფთ, რომლებსაც სწავლებისას განსაკუთრებით იყენებთ?

ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ყველა დროის სკოლაში მიმუშავია. არასოდეს ვიყავი ავტორიტარიზმის მომხრე, ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ უკეთესი შედეგი მოაქვს ჰუმანურ მიდგომებს; თუმცა ეს არ ნიშნავს ყოველგვარი მოთხოვნების უარყოფას. რაც შეეხება მიდგომებს - ჩემი საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩემთვის ყველაზე მისაღები კონსტრუქტივიზმზე დაფუძნებული სწავლებაა, როცა ყოველი ახალი მასალის შესწავლა აგებულია ძველი მასალის ცოდნაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველი გაკვეთილი ერთი და იმავე მეთოდით უნდა ჩატარდეს.

რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის და როგორი უნდა იყოს თანამედროვე პედაგოგი?

თანამედროვე პედაგოგი მუდმივი სწავლისა და ძიების პროცესში უნდა იყოს. არ შეიძლება მასწავლებელი დაკმაყოფილდეს ერთხელ შეძენილი ცოდნით, მუდმივად უნდა იღრმავებდეს ცოდნას, არამარტო თავის საგანში, არამედ იმ სფეროებშიც, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესს წარმოადგენს. მას უნდა შეეძლოს მოსწავლეებთან მსჯელობა და დისკუსია, მათთვის საინტერესო საკითხებზე (მუსიკა, სპორტი, ლიტერატუტა და ა.შ)

რაც შეეხება პოპულარიზაციას - მასწავლებელი არა მარტო ცოდნის გადამცემია, არამედ აღმზრდელიც. ეს ყოველთვის უნდა ახსოვდეს მასწავლებელს და თავისი ცხოვრების წესით პატივისცემას უნდა იმსახურებდეს საზოგადოების მხრიდან. მასწავლებელთა პროფესიის პოპულარიზაციაზე ძალიან ცუდად მოქმედებს მედია სივრცეში, სოციალურ ქსელებში მასწავლებელთა შესახებ არაკომპეტენტური პირების მსჯელობა. ეს საკითხი ძალიან სენსიტიურია და ამას ,ჩემი აზრით, სხვაგვარი მიდგომა სჭირდება.

რა შეიძლება ჩაითვალოს უკანასკნელ წლებში სკოლაში გატარებული რეფორმების მთავარ მიღწევად და რა პრობლემები რჩება დარგის გამოწვევად ამ დროისთვის?

გატარებული რეფორმების მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს სწავლების ფორმების არატრაფარეტული ჩარჩოში მოქცევა. მასწავლებელს ეძლევა სრული თავისუფლება, ნებისმიერი გზით, ნებისმიერი მეთოდით მიიტანოს მასალა მოსწავლემდე. მას შეუძლია ერთი და იგივე საკითხი სხვადასხვა კლასში ახსნა სხვადასხვა მეთოდით და სხვადასხვა მოცულობით, იმ კლასის ცოდნის დონის გათვალისწინებით. მასწავლებელი თავისუფალი გახდა არჩევანში, ეს კი დიდი მიღწევაა.

პირადად ჩემს საგანში გვაქვს შესანიშნავი საიტი ინტერნეტში (Geogebra.org) რომლის გამოყენებით თვალსაჩინოდ შეიძლება ნახაზების, გრაფიკების აგება, გეომეტრიული ამოცანების გადაწყვეტა სხვადასხვა ხერხით. ამისათვის საჭიროა თითოეული კლასი აღჭურვილი იყოს საილუსტრაციო დაფით და პროექტორით, რაც ჯერჯერობით მიუღწეველია.

რა საგნის სპეციალისტები არიან სკოლაში განსაკუთრებით დეფიციტური და რატომ?

ჩვენს რაიონში დეფიციტურია ფიზიკის მასწავლებლები. კურსდამთავრებულთა უმცირესი რაოდენობა მიდის ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად, ეს განპირობებულია არამარტო იმით, რომ ფიზიკის შესწავლა მოითხოვს გარკვეული უნარების ქონას, არამედ იმითაც რომ ფიზიკა ისწავლებოდა ინტეგრირებულად სხვა საგნებთან ერთად, რამაც გარკვეული უარყოფითი შედეგი გამოიღო ფიზიკის მასწავლებელთა ახალი თაობის ჩამოყალიბებაში.

ორმოცდაათწლიანი მოღვაწეობის გადმოსახედიდან, როგორ შეაფასებდით განვლილ წლებს. რა მეთოდებით ხელმძღვანელობდით განვლილ წლებში და რა სურათია დღეს?

როცა განვლილ წლებზე ვფიქრობ და იმ მეთოდებზე, რომლებიც ადრეულ წლებში ხელაღებით იყო მიღებული სკოლაში, ვერ ვიტყვი, რომ მაშინ ყველაფერი ცუდი იყო. თუმცა ასეთ მიდგომას ხშირად ვხვდები, როგორც პრესაში, ასევე საინფორმაციო საშუალებებში.

იყო ბევრი რამ, რომელიც ძალიან კარგი იყო (მშობლებისა და ბავშვების დამოკიდებულება სწავლისადმი, მშობლების დამოკიდებულება სკოლისადმი, ბავშვების პატივისცემა უფროსებისადმი, ბულინგის არარსებობა, ან არსებობა ძალიან მცირე ზომით).

ცუდი იყო ზედმეტი ავტორიტარიზმი. მასწავლებლის სიტყვა არ ექვემდებარებოდა განსჯას , მოსწავლეთა თავისუფალი აზრის არარსებობა. ახალი სკოლისთვის ყველაზე დამახასიათებელი მოსწავლეთა თავისუფალი აზრია, რაც ნამდვილად დიდი მიღწევაა. მათ შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე გამოთქვან თავიანთი აზრი და ჩაებან კამათში საკუთარი აზრის დასაცავად. თანამედროვე მოსწავლეებში ბევრად უფრო მაღალია პატრიოტიზმის ხარისხი, ხოლო ნაკლია უფლება-მოვალეობის კავშირის არცოდნა.

როგორც პედაგოგი ძალიან ბევრი სიახლის მომსწრე იქნებოდით. სწავლების დასაწყისში ტექნოლოგიები ასე განვითარებული არ იქნებოდა.ახლა ყველაფერი გაციფრულდა, დისტანციური გახდა- სასწავლო პროცესიც კი. თანამედროვე პედაგოგს ამ ყველაფერთან ადაპტირება მოუწია. თქვენ როგორ გადაეწყეთ როგორც პედაგოგი ამ მიმართულებით?

მიუხედავად ასაკისა, ძალიან მიყვარს სიახლეები. სულ ვცდილობ არ ჩამოვრჩე ცხოვრებას. როგორც კი გაჩნდა თანამედროვე ტექნოლოგიები, თანმიმდევრობით ვცდილობდი ამ ტექნოლოგიებში გარკვევას, ამიტომ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას პირადად ჩემთვის პრობლემები არ შეუქმნია, თუმცა უპირატესობას მაინც სწავლების ჩვეულებრივ ფორმას ვანიჭებ.

სწავლებისას ძირითადად რა პრობლემებს აწყდებით? როგორია თანამედროვე ახალგაზრდობა? რამდენად მოტივირებულები არიან სწავლა/სწავლების პროცესის დროს და წინა თაობის ახალგაზრდებისგან რითი გამოირჩევიან ?

სწავლის პროცესში, განსაკუთრებით საბაზო საფეხურზე, ნაკლებია მშობელთა უმეტესობის დაინტერესება შვილის სწავლისადმი. მთელი ეს პროცესი მინდობილი აქვთ სკოლისათვის. სკოლას მშობლის დაუხმარებლად უჭირს თავისი მოვალეობის პირნათლად შესრულება. ამას ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიები - კომპიუტერი და ტელეფონი. როგორც ყველაფერს, ამ სიკეთესაც ორი მხარე აქვს: დადებითიც და უარყოფითიც. მთელი რიგი მოსწავლეები, დღის უმეტეს ნაწილში, დაკავებულნი არიან კომპიუტერული თამაშებით. ინტერნეტში ვერ ხერხდება მთელი რიგი ასაკისთვის შეუსაბამო საიტების კონტროლი. მშობელთა უმეტესობა ან არ არის სახლში, ან არის და ავტორიტეტის ნაკლებობის გამო ვერ უწევს კონტროლს შვილს, რასაც ძალიან ცუდ შედეგამდე მივყავართ. ვფიქრობ, ეს საერთო სენია ყველა სკოლისათვის.

როგორ შეაფასებდით სწავლების ძველ და ახალ მიდგომებს: ახალი სკოლის მოდელს, სქემას, სწავლების ინტერაქციას, ერთიან ეროვნულ გამოცდებს... მიმდინარე 2020 წლის ეროვნულმა გამოცდებმა აჩვენა, რომ გამოცდა ორიენტირებული იყო არა წმინდა პროგრამული კუთხით, არამედ აქცენტი კეთდებოდა მოსწავლის თავისუფალ აზროვნებასთან. თქვენეული მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებითაც.

ძველი სისტემით უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების ჩანაცვლება ახლა ერთიანი ეროვნული გამოცდებით სწავლების ახლებური მიდგომების ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევაა. ძველი ტიპის გამოცდები ორიენტირებული იყო მხოლოდ აკადემიურ ცოდნაზე, ახალი ტიპის გამოცდები, განსაკუთრებით კი 2020 წლის გამოცდებში, აკადემიურ ცოდნასთან ერთად ძირითადად აქცენტირებულია თავისუფალ და ლოგიკურ აზროვნებაზე, რაც ნამდვილად მისასალმებელია. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სრულად გაქრა კორუფცია და ნეპოტიზმი, რაც ყვაოდა ,,ძველ დროში“. არა მხოლოდ უმაღლეს სასწავლებლებში, არამედ ეროვნული გამოცდების სიტემა დაინერგა პროფესიულ სასწავლებლებში, რამაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო

რამდენად ხშირად ირჩევენ თქვენი მოსწავლეები სამომავლო პროფესიად მათემატიკას?

მოსწავლეები, რომლებიც ირჩევენ მათემატიკის მასწავლებლის სპეციალობას - ბევრი არ არის, მაგრამ მრავლადაა მოსწავლეები, რომელთა არჩეული ფაკულტეტები საჭიროებს მათემატიკის გამოცდის ჩაბარებას და ჩემი მოსწავლეები არჩევით საგნად ,ძირითადად, უპირატესობას მათემატიკას ანიჭებენ.

პანდემიის ფონზე , რეალური საკლასო ოთახი ჩაანაცვლა ვირტუალურმა. რამდენად გადაეწყვეთ ახალ რეალობასთან? რა ისწავლეთ ამ პერიოდში და რა პრობლემებს წააწყდით ამ მიმართულებით.

პანდემიის დროს, ონლაინ რეჟიმში გადასვლამ მრავალი პრობლემა წარმოშვა, როგორც ყველასთვის, ასევე ჩემთვისაც. ყველაზე მტკივნეული მაინც იყო ის, რომ მოსწავლეთა მცირე ჯგუფი ვერ ამყარებდა კავშირს მასწავლებლებთან, საკომუნიკაციო ტექნიკის უქონლობის გამო. გაცდენილის ანაზღაურება ამ მოსწავლეებისათვის ძნელად, მაგრამ მაინც შესაძლებელია. ის ტრამვა კი, რომელიც მათ მიიღეს იმით, რომ თავისი ამხანაგებისაგან განსხვავებით არ აქვთ ტელეფონი ან კომპიუტერი დიდხანს გაჰყვებათ. ონლაინ რეჟიმში გადასვლამ თვალნათლივ დაგვანახა, რომელი მშობელი უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება შვილის სწავლას; ისიც გასათვალისწინებელია, რომ შემდგომში ონლაინ, სასწავლო პლატფორმებმა უფრო გამართულად და ეფექტურად იმუშაოს, სერვერის გადატვირთვის გამო ხშირად იყო შეფერხება. ძალიან მომეწონა ,,პირველი არხის“ მიერ შემოთავაზებული ტელეგაკვეთილები, რომელიც ნამდვილად დროული იყო.

მასწავლებლის აკადემიური თავისუფლება, გუნდურობის პრინციპი და ერთი ნიშნით გაერთიანებული ადამიანების ერთობა როგორ გესახებათ და თქვენეული დამოკიდებულებასაქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთანდაკავშირებით. პირადად თქვენ რა მოგცათ აღნიშნულმა ორგანიზაციამ? რა გაკეთდა სპმთპ-ის ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის დახმარებით პედაგოგიური საზოგადოებისთვის თქვენს რაიონში?

ჩემი აზრით, ყოველთვის საჭიროა ერთი ნიშნით გაერთინებულ ადამიანთა ერთობა, მით უმეტეს ახლანდელ დროში, როცა ელვის სისწრაფით იცვლება დამოკიდებულება ადამიანებს შორის, როცა ამდენი კერძო საწარმოა, სადაც დასაქმებულთა უფლებები საკმაოდ ხშირად ირღვევა. საჭიროების შემთხვევაში, ადამიანი უნდა გრძნობდეს, რომ მის ზურგს უკან დგას ორგანიზაცია, რომელიც მას დაიცავს. ამის საუკეთესო მაგალითად უნდა ჩაითვალოს "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის" დიდი მხარდაჭერა იმ მასწავლებლების მიმართ, რომლებსაც სასერტიფიკაციო გამოცდებში მოგროვებული ჰქონდათ 1,2,3 ან 4 ქულა. ამ მასწავლებლებს მხოლოდ ამ ორგანიზაციის მხარდაჭერით და ძალისხმევით ჩაეთვალათ ეს კრედიტები.

რას ეტყოდით იმ პედაგოგებს, რომლებსაც სურთ სპმთპ-ში გაწევრიანება. რატომ უნდა გაწევრიანდნენ ? რა პრივილეგიებითა და გარანტიებით ისარგებლებენ? რას ურჩევთ პოტენციურ პროფწევრებს?

ადამიანების ერთ-ერთი მოთხოვნილებაა დაცულობის შეგრძნება. დაცულობის გარანტი კი სამსახურში პროფესიული კავშირებია.

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა.თქვენიმილოცვა და სურვილები პედაგოგიურ საზოგადოებას.

ვულოცავ ყველა მოქმედ და ყოფილ მასწავლებელს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს! ვუსურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერებას, გახარებული ყოფილიყვნენ თავიანთი შრომის შედეგით, რათა ყოველი გარჯა შედეგით ფასდება. მუდამ ეამაყოთ თავიანთი აღზრდილების კარგი ადამიანობით და მათი მიღწევებით.

დაბოლოს დაასრულეთ ფრაზა: მინდა რომ... მინდა, რომ მშვიდობიან, ბედნიერ, გამთლიანებულ საქართველოში ეცხოვროს ჩვენს მომავალ თაობას.

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა