32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა

2006 წელს პირველად საქართველოში მასწავლებელთა საერთაშორისო დღის - 5 ოქტომბრის აღნიშვნა „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა“დაიწყო და უკვე არაერთი წელია სხვადასხვა ფორმით აღნიშნავს. სპმთპ-ის რაიონული/საქალაქო და ავტონომიური ორგანიზაციები ადგილობრივ დონეებზე აღნიშნავენ მასწავლებელთა სტატუსის მიხედვით დაფასების დღეს, რაც ერთგვარად ტრადიციული ხასიათის გახდა. წლევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რაკიღა შეზღუდულები ვიყავით მასობრივ თავყრილობებს, აქედან გამომდინარე, არ გვინდოდა საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის ეგზომ მნიშვნელოვანი დღე უყურადღებოდ დაგვეტოვებინა და ჩვენი წვლილი არ შეგვეტანა 5 ოქტომბრის აღნიშვნის პროცესში. ეს დღე, დამეთანხმებით, რომ განსაკუთრებით მგრძნობიარე და ძვირფასია იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც მრავალი წელია ემსახურებიან სკოლას და მომავალი თაობის აღზრდის პროცესს, რომლებმაც მთელი თავისი ენერგია, კვალიფიკაცია, გამოცდილება მომავალი თაობის აღზრდის პროცესში ჩადეს და ცხოვრება მიუძღვნეს სკოლას. სწორედ ასეთ ღვაწლმოსილ პედაგოგებზე მოვახდინეთ აქცენტირება და საქართველოს მასშტაბით მოვიძიეთ 50 წლამდე და მეტი მუშაობის სტაჟის მქონე პედაგოგები. დამეთანხმებით, რომ პროფესიონალიზმი, გამოცდილება და მოტივაცია ასაკს ამარცხებს. წარმატებულმა, ასაკოვანმა პედაგოგებმა სხვადასხვა ფორმაციაში დიდი გზა და გამოწვევები გაიარეს, წინ კიდევ არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან, მით უმეტეს პანდემია, მსოფლიო მასშტაბით, ჯერ კიდევ გადაულახავი პრობლემაა. ჩვენი მოკრძალებული წვლილით, რომელიც აღნიშნული ღვაწლმოსილი პედაგოგების საქმიანობის ორგანიზაციის გვერდზე წარმოჩინებით გამოიხატება (იმედია, არ გვიწყენთ, თუ ვერ შევძელით ყველა პედაგოგის წარმოჩენა); ინტერვიუს ფორმატით მთელს პედაგოგიურ საზოგადოებას გილოცავთ დღევანდელ დღეს! კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 5 ოქტომბრის დამფუძნებელთა გზავნილს: 5 ოქტომბერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მასწავლებელთა ხმები უნდა გაჟღერდეს, რათა მთავრობებს შევახსენოთ მათი ვალდებულებები, ამაღლდეს და დაფასდეს მასწავლებლის პროფესიის სტატუსი. p.s.საინტერესოა, წარმატებული, ასაკოვანი პედაგოგების მდგომარეობა თანამედროვე რეფორმის გამოწვევების პირისპირ.

ამჟამად ჩვენი სტუმარია გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ წითელუბნის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი იულია ტატიური, ორმოცდათორმეტწლიანი პედაგოგიური გამოცდილებით.

120188246 173679554294561 5954461397193456241 n

დოსიე: დავიბადე გორის რაიონის, სოფელ კოშკაში - მუშის ოჯახში. დაწყებითი განათლება მივიღე კოშკას დაწყებით სკოლაში, ხოლო საშუალო - სოფელ მერეთის საშუალო სკოლაში 1963 წელს. ამავე წელს სწავლა გავაგრძელე სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი დავამთავრე 1968 წელს. განაწილებით მოვხვდი არაქართულენოვან( სომხურ) სკოლაში, სადაც სამი სასწავლო წელი ვიმუშავე. 1971 წელს დავიწყე მუშაობა გორის რაიონის, სოფელ წითელუბნის სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ძველი სკოლის ნანგრევებში მოვედი. ჩემს თვალწინ აშენდა ახალი და სწავლა განახლდა 1974 წელს. ტოტალური შრომა მაქვს გაწეული, როგორც პედსაბჭოს მდივანს (7 წელი ვიმუშავე (მაშინ ყველა სახის დოკუმენტი ხელით იწერებოდა), როგორც ადგილკომის თავმჯდომარეს, როგორც ორგანიზატორს და, რაც მთავარია, როგორც საგნის მასწავლებელს, როგორც დამრიგებელს. არ გამომიტოვია რაიმე მნიშვნელოვანი თარიღი გამოხმაურების გარეშე; ვამუშავებდი ბავშვებს და გამყავდა შემოქმედებით კონფერენციებზე გორის და თბილისის მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლეში. ბავშები იმსახურებდნენ სიგელებს, დიპლომებს. მე კი - მადლობის ბარათებს. დოკუმენტი ხელით იწერებოდა. 2018 წლის მაისში,(სწორედ იმ წელს, როცა პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წელი მისრულდებოდა, ნერვიულობის ნიადაგზე ინსულტი დამემართა. ამ დროისთვის სასერტიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული მქონდა მხოლოდ საგანში, 2017 წელს უნდა ჩამებარებინა პროფესიული უნარების სასერტიფიკაციო გამოცდა, მაგრამ...ხელი შემეშალა. აი, სწორედ ეს გარემოება იყო ჩემი ნერვიულობის მიზეზი, რის გამოც წნევამ დამარტყა და ინსულტი დამემართა.გამიჩერდა მარცხენა ხელ -ფეხი, მაგრამ არ დავნებდი, ასეთი მდგომარეობით გავედი გამოცდაზე 2019 წელს და 2017 წელს რომ მოვემზადე, იმ ცოდნით ჩავაბარე გამოცდა... ასე, რომ მაინც დავიმსახურე უფროსი მასწავლებლის სტატუსი. ახლა ვმუშაობ მხოლოდ 10 საათის დატვირთვით, თუმცა...

გააცანით თქვენი რაიონი და სკოლა საზოგადოებას?რითია გამორჩეული და განსხვავებული სხვა სკოლებისგან?

სოფელი წითელუბანი შიდა ქართლში, ტირიფონის ველზე მდებარეობს. საკმაოდ დიდი სოფელია. ამ სოფელში საქართველოს მთიანი ზონიდან ჩამოსახლებული მხოლოდ ეთნიკურად ოსი ეროვნების მოსახლეობა ცხოვრობდა. აი, ამ სოფლის რვაწლიან სკოლაში დავიწყე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობა 1971 წელს. ყველა ოჯახი ოსურად მეტყველებდა, ქართული ენა ბავშვებმა არ იცოდნენ და, ამდენად, მეტად რთული იყო მათთან მუშაობა. თუმცა ეს გარემოება დიდ სტიმულს მაძლევდა იმ მხრივ, რომ მე უნდა მესწავლებინა მათთვის მართლწერა და მართლმეტყველება. მეტად გულთბილი ხალხი ცხოვრობდა სოფელში, კეთილი, მოსიყვარულე, ბავშვებიც ჩემს გარშემო ტრიალებდნენ. ( ქირით ვცხოვრობდი). ვურჩევდი საკითხავ ლიტერატურას, ვმეგობრობდი, მზრუნველობას ვიჩენდი, მიყვარდა თითოეული მათგანი... 90 -იანი წლების ავადმოსაგონარი ამბების მერე სოფელი თითქმის განახევრდა, ჩრდილო კავკასიაში, ორჯონიკიძეში, გადასახლდნენ. ჩემი ნამოწაფარი ადამიანების მეტი წილი ამჟამადაც იქ ცხოვრობს, მაგრამ დიდი სიყვარული ისევ გვაკავშირებს ერთმანეთთან. ინტერნეტის საშუალებით ვესიყვარულებით ერთმანეთს. ჩემი ნამოწაფრებიდან ვინც წითელუბანში ცხოვრობენ, ახლა მათ შვილიშვილებს ვასწავლი სკოლაში. პაპებისა და ბებიების სიყვარული ახლა მათზე გადმოვიტანე...

რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

ბავშვობაში ჩემს ოჯახში ყოველთვის პატივს სცემდნენ მასწავლებლის პროფესიას. დედა, მართალია, პროფესიით პედაგოგი არ იყო, მაგრამ აღზრდის მეთოდები მეტად მისაბაძი ჰქონდა. დედამ შთამაგონა ჩემი მომავალი პროფესიის პატივისცემა და სიყვარული... ლამაზად ვიხსენებ 1961 წელს( სოფ. მერეთის საშუალო სკოლის მე -9 კლასში ვიყავი). სკოლაში ვაჟა -ფშაველას დაბადებიდან 100 წლისთავის საიუბილეო ღონისძიებაზე ხანდაზმული პოეტი იოსებ გრიშაშვილი გვყავდა მოწვეული. მე საკუთარი ლექსი წავიკითხე, ვაჟა -ფშაველასადმი მიძღვნილი. პოეტმა გრიშაშვილმა მომიწონა ლექსი, შემაქო... სიხარულით მეცხრე ცაზე დავფრინავდი, ძალიან მეამაყებოდა... სწორედ მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, მასწავლებელი გავმხდარიყავი...

როგორც ღვაწლმოსილი პედაგოგი როგორ შეაფასებდით განვლილ წლებს?

მე მახარებს, ძალიან მახარებს, რომ ნახევარი საუკუნის მოღვაწეობის შემდეგაც ახალგაზრდული შემართებით,ენთუზიაზმით, პროფესიონალიზმით ვაგრძელებ მუშაობას.როგორც აღვნიშნე, მქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, ინსულტი დამემართა და ახლა ხელჯოხით გადავადგილდები. მინდა ვთქვა, რომ ისევ ახალგაზრდულ ენერგიას ვგრძნობ... ისევ ძლიერად კი არა, უფრო ძლიერად მახარებს მოსწავლეთა ანთებული თვალების ხილვა... ჩემი მოსწავლეები გრძნობენ, რომ თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს... მეც ვგრძნობ მათგან დიდ სიყვარულს, პატივისცემას, თანაგრძნობას. ( თანაგრძნობას იმიტომ, რომ მე ხომ ხელჯოხიანი მასწავლებელი ვარ ახლა). აი, სწორედ ეს მაძლევს მოტივაციას - მოსწავლეთა უსაზღვრო სიყვარული!

120040728 172964297699420 2821259510292652311 o

ვისი მხარდაჭერა გაძლიერებთ?

ფიზიკურად დაზარალებული ადამიანი ვარ და პირველ რიგში, მეუღლის და ქალიშვილის ზრუნვა მასულდგმულებს. ჩემი ნამოწაფრების ( ბევრი მათგანი ჩრდილო ოსეთში ცხოვრობს.) ყურადღება მაძლიერებს. ამ დროს ვგრძნობ, რომ გაწეულ ამაგს უკვალოდ არ ჩაუვლია.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ დიდად მეიმედება "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი", რომელიც მხარდამჭერია პედაგოგებისა, რომელიც იცავს და ადუღაბებს პედაგოგთა ურთიერთობებს. მეიმედება საამაყო, ზეინტელექტუალური, ღირსეული წინამძღოლი თავისუფალი პროფკავშირისა, ქალბატონი მაია კობახიძე. მადლობა მას! იგი ხომ გზის გამკაფავია პედაგოგებისა, პროფესიული სიახლეების მოძიება-ათვისების საქმეში! მადლობა მას, რომ არც უფროსი თაობის პედაგოგებს გვტოვებს ყურადღების, მხარდაჭერის გარეშე! უფალს შევთხოვ, ასეთი ადამიანები გვიმრავლოს ქ ვ ე ყ ა ნ ა შ ი!

თქვენი პროფკავშირული გზა და გამოცდილება.

დასამალი არ არის, რომ საჭოთა სკოლიდან მოვდივარ, მაგრამ ზოგიერთი რამ მაშინდელიც რომ მისაღებია და გასათვალისწინებელი, გამოცდილებამ მიჩვენა. ჩემს სკოლაში წლების მანძილზე ვასრულებდი ადგილკომის თავმჯდომარის მოვალეობას...(ადგილკომი" მაშინ ეწოდებოდა პროფკავშირს). მართალია, დღევანდელ პროფკავშირს ვერაფრით შეედრებოდა, მაგრამ როგორც დღეს, მაშინაც იყო ზრუნვა პედაგოგთა კეთილდღეობაზე, ორგანიზაცია მატერიალურადაც კი ეხმარებოდა იმ დაბალხელფასიან პედაგოგებს, ვინც დახმარებას საჭიროებდა; საჭიროების მიხედვით დასასვენებელ სახლებში ან სანატორიუმებშიც გზავნიდნენ; შემეცნებითი ხასიათის საინტერესო ექსკურსიები ეწყობოდა საბჭოთა კავშირის მასშტაბით.

52 წელია, მასწავლებელი მქვია და ამ ხნის განმავლობაში სკოლის, ბავშვების სიყვარული მასულდგმულებს... ეს ლამაზი დღე მინდა მივულოცო საქართველოს ყველა პედაგოგს! პედაგოგი ხომ ადამინებში ინტელექტის მთესველია... სიკეთის მარცვალი კი უთვალავია, უთვალავი... თითოეულ პედაგოგს ვუსურვებ, ყოველთვის მოემკოს განათლების ბარაქიანი მოსავალი. .. ყოველ მათგანს დახვეწილი პედაგოგიური სიბრძნე, რაც პურივით სჭირდებათ ჩვენს მოსწავლეებს!

იხ.ლინკი:https://spark.adobe.com/page/woeQB3zt0Xiwo/

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა