32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა

2006 წელს პირველად საქართველოში მასწავლებელთა საერთაშორისო დღის - 5 ოქტომბრის აღნიშვნა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმადაიწყო და უკვე არაერთი წელია სხვადასხვა ფორმით აღნიშნავს. სპმთპ-ის რაიონული/საქალაქო და ავტონომიური ორგანიზაციები ადგილობრივ დონეებზე აღნიშნავენ მასწავლებელთა სტატუსის მიხედვით დაფასების დღეს, რაც ერთგვარად ტრადიციული ხასიათის გახდა. წლევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რაკიღა შეზღუდულები ვიყავით მასობრივ თავყრილობებს, აქედან გამომდინარე, არ გვინდოდა საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის ეგზომ მნიშვნელოვანი დღე უყურადღებოდ დაგვეტოვებინა და ჩვენი წვლილი არ შეგვეტანა 5 ოქტომბრის აღნიშვნის პროცესში. ეს დღე, დამეთანხმებით, რომ განსაკუთრებით მგრძნობიარე და ძვირფასია იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც მრავალი წელია ემსახურებიან სკოლას და მომავალი თაობის აღზრდის პროცესს, რომლებმაც მთელი თავისი ენერგია, კვალიფიკაცია, გამოცდილება მომავალი თაობის აღზრდის პროცესში ჩადეს და ცხოვრება მიუძღვნეს სკოლას. სწორედ ასეთ ღვაწლმოსილ პედაგოგებზე მოვახდინეთ აქცენტირება და საქართველოს მასშტაბით მოვიძიეთ 50 წლამდე მუშაობის სტაჟის მქონე პედაგოგები. დამეთანხმებით, რომ პროფესიონალიზმი, გამოცდილება და მოტივაცია ასაკს ამარცხებს. წარმატებულმა, ასაკოვანმა პედაგოგებმა სხვადასხვა ფორმაციაში დიდი გზა და გამოწვევები გაიარეს, წინ კიდევ არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან, მით უმეტეს პანდემია, მსოფლიო მასშტაბით, ჯერ კიდევ გადაულახავი პრობლემაა. ჩვენი მოკრძალებული წვლილით, რომელიც აღნიშნული ღვაწლმოსილი პედაგოგების საქმიანობის ორგანიზაციის გვერდზე წარმოჩინებით გამოიხატება (იმედია, არ გვიწყენთ, თუ ვერ შევძელით ყველა პედაგოგის წარმოჩენა); ინტერვიუს ფორმატით მთელს პედაგოგიურ საზოგადოებას გილოცავთ დღევანდელ დღეს! კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 5 ოქტომბრის დამფუძნებელთა გზავნილს: 5 ოქტომბერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მასწავლებელთა ხმები უნდა გაჟღერდეს, რათა მთავრობებს შევახსენოთ მათი ვალდებულებები, ამაღლდეს და დაფასდეს მასწავლებლის პროფესიის სტატუსი. p.s.საინტერესოა, წარმატებული, ასაკოვანი პედაგოგების მდგომარეობა თანამედროვე რეფორმის გამოწვევების პირისპირ.

ამჟამად ჩვენი სტუმარია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, სოფელ საჩინოს N1 საჯარო სკოლის ფიზიკის მენტორი მასწავლებელი ლია ზანთარაია, რომელსაც სკოლაში მუშაობის ორმოცდაექვსწლიანი გამოცდილება აქვს.

120606827 620720272143531 912550110321437158 n

დოსიე: დავიბადე 1954 წელს აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში პედაგოგის ოჯახში. 1960 -1970 წლებში ვსწავლობდი სოფელ ოტობაიის საშუალო სკოლაში. 1970 წელს ჩავირიცხე სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელიც დავამთავრე 1974 წელს.ფაკულტეტი-ფიზიკა-მათემატიკის, სპეციალობა-ფიზიკის. მუშაობა დავიწყე 1974 წელს საჩინოს საშუალო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად. 1979 წელს ჩავირიცხე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, დავამთავრე 1984 წელს .ფაკულტეტი-სატრანსპორტო, სპეციალობა- მიმოსვლის გზათა მშენებელი ინჟინერი.ყოველთვის აუცილებლად მიმაჩნდა პროფესიული განვითარება. ბოლო პერიოდში ჩემი მიღწევები ასე გამოიყურება: ფიზიკის მასწავლებლის სერთიფიკატი 2011 წელი; სერთიფიკატი ფიზიკის ექსპერიმენტულ ნაწილში 2012 წელი; მათემატიკის მასწავლებლის სერთიფიკატი (VII_XII) 2014 წელი; სერთიფიკატი ტრენერთა მომზადების ზოგად კურსში( ,,ტრენერთა კომპეტენციის ჩარჩოთიგანსაზღვრული ტრენინგების ჩატარების უფლება) 2016 წელი;წამყვანი მასწავლებლის სტატუსი 2018 წელი;მენტორის სტატუსი 2019 წელი. მაქვს გამოქვეყნებული სტატიები საგანმანათლებლო საკითხებში, სისტენატურად ვმონაწილეობდი კონფერენციებში, ვატარებდი ტრენინგებს პედაგოგიურ უნარებში...

გააცანით თქვენი რაიონი და სკოლა საზოგადოებას? რითია გამორჩეული და განსხვავებული სხვა სკოლებისგან?

წალენჯიხის რაიონი ეკუთვნის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს. ქალაქი წალენჯიხა და მიმდებარე სოფლები მნახველს ატყვევებს სილამაზით. რაიონის ერთ-ერთი გამორჩეული სოფელია საჩინო, მდიდარი ბუნებით და შრომისმოყვარე, გამტანი, პირდაპირი ადამიანებით. სოფელში ორი საჯარო სკოლაა. ჩემი სკოლა საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაა. სკოლაში სამი მენტორი მასწავლებელია, უმეტესობა უფროსი მასწავლებლის სტატუსითაა; მათი დიდი ნაწილი ემზადება წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად. სკოლის თითოეული მასწავლებელი მთელი მონდომებით იღწვის სწავლა-სწავლების პროცესის სრულყოფისთვის. მასწავლებლებისთვის კოლეგიალობა, თანამშრომლობა, გუნდურობა პრიორიტეტია.

რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

გავიზარდე პედაგოგის ოჯახში; მამა პედაგოგი იყო, შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე, მაგრამ ყოველთვის თავს თვლიდა პედაგოგად. ოჯახის თითოეული წევრი ძალიან აფასებდა მასწავლებლის პროფესიას - ეს შევისისხლხორცე ბავშვობაში. შეიძლება ეს იყო ჩემი არჩევანის მიზეზი. აუცილებლად დავუმატებ ჩემი მასწავლებლების პირად მაგალითს, რომლებმაც სითბოთი და სიყვარულით აავსეს ჩემი სამყარო. სულ ვფიქრობ, რამდენად გავამართლე მათი ნდობა და მოლოდინები.

რა არის თქვენთვის წარმატება და რა გაძლევთ მოტივაციას?

სკოლა მოსწავლეს აძლევს აკადემიურ ცოდნას, უყალიბებს უნარებს, ასწავლის ურთიერთობებს. თუ შევძელი, ჩემს მოსწავლეებს მივაწოდო ცოდნა, დავაინტერესო საგნით, ვასწავლო დამოუკიდებელი მუშაობა, გავუღვივო კვლევა-ძიების ინტერესი, ჩამოვუყალიბო უნარები, რომლებიც დასჭირდება ცხოვრებაში, დავეხმარო ადამიანური ურთიერთობების, სირთულეების თანამდევი პრობლემების დაძლევაში, ვფიქრობ, ეს წარმატების საწინდარია; ვცდილობ, ეს გამომივიდეს. ჩემი მოტივატორი მოსწავლეების თვალებში დანახული ცნობისმოყვარეობა და ნდობაა და კიდევ, დიდი სიყვარული და ურთიერთგაგება, რომლის გარეშეც ,ალბათ, ძალიან გამიჭირდებოდა.

1896940 259519827560091 2003454256 n

ვისი მხარდაჭერა გაძლიერებთ?

ყოველთვის მქონდა ოჯახის მხარდაჭერა. არასოდეს არ გაუპროტესტებია მეუღლეს პროფესიულ განვითარებაზე დახარჯული დრო; შეეძლო საათობით დამლოდებოდა ტრენინგზე თუ კონფერენციაზე მყოფს. ასევე, ყოველთვის მქონდა სკოლის ადმინისტრაციის და კოლეგების მხარდაჭერა. ხდება ხოლმე, რაიონის რესურს ცენტრის წარმომადგენლები და პროფკავშირი დისტანცირებულია პედაგოგებისგან; ჩვენ ეს არ გვიგრძვნია. ნებისმიერ ღონისძიებაზე ისინი ჩვენი მხარდამჭერები და გულშემატკივრები არიან.


თქვენს პროფესიაში რომელ თანამედროვე მიდგომებს და მეთოდებს გამოყოფთ, რომლებსაც სწავლებისას განსაკუთრებით იყენებთ?

თანამედროვე მიდგომების გარეშე დღეს სწავლა-სწავლების პროცესი წარმოუდგენელია. ბევრ მეთოდს და მიდგომას ვიყენებ, მაგრამ გამოვყოფ ხშირად გამოყენებულ მიდგომებს: ვებ-ძიება, სიმულაციები, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, მმმ სტრატეგია(მტკიცება, მტკიცებულება, მსჯელობა), ,,ამოიცანი და ახსენი“(გრაფიკებზე, დიაგრამებზე მუშაობა).

რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის და როგორი უნდა იყოს თანამედროვე პედაგოგი?

მასწავლებლის პროფესია საპასუხისმგებლო და შრომატევადია. ის დღენიადაგ უნდა ზრუნავდეს პროფესიული ზრდისთვის, ეცნობოდეს სიახლეებს, თანამშრომლობდეს კოლეგებთან, შესაბამისად, მას ამისი პირობები უნდა ჰქონდეს. ბოლო პერიოდში მასწავლებლის ხელფასების ზრდამ და პროფესიის პოპულარიზაციისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა გამოიწვია ახალგაზრდობის დაინტერესება პროფესიაში შემოსვლით. სოციალურ ქსელში შექნმილი ჯგუფებიდან ვიგებ, რომ ნიჭიერი ახალგაზრდები მობრუნდნენ სკოლისკენ ( ფიზიკაში ეს განსაკუთრებით საჭირო და აუცილებელი იყო). იმედია, ეს პროცესი გაგრძელდება. თანამედროვე პედაგოგს უნდა ჰქონდეს საგნის ცოდნა, იცნობდეს და აქტიურად იყენებდეს სწავლების სხვადასხვა მეთოდებს, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, უყვარდეს თავისი პროფესია, მოსწავლეები, იყოს კომუნიკაბელური, კეთილგანწყობილი, გულწრფელი. ჩემი ოცნებაა - საგანში გამოჩნდნენ ნიჭიერი ახალგაზრდა კადრები, რომლებიც მაღალ დონეზე ასწევენ ფიზიკის სწავლების საკმაოდ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს.

სწავლებისას ძირითადად რა პრობლემებს აწყდებით? როგორია თანამედროვე ახალგაზრდობა? რამდენად მოტივირებულები არიან სწავლა/სწავლების პროცესის დროს და წინა თაობის ახალგაზრდებისგან რითი გამოირჩევიან ?

თანამედროვე ახალგაზრდობა საზოგადოდ ძალიან ინფორმირებულია, აქვთ ხელმისაწვდომობა ტექნოლოგიებთან, შეუძლიათ იაზროვნონ, იმსჯელონ, გამოიტანონ დასკვნები; მაგრამ ხშირად ვერ ახერხებენ დროის მენეჯმენტს, საშიშია, არ ექცეთ დამოკიდებულებად ხშირი წვდომა ინტერნეტთან. უმეტესად ნაკლები დრო რჩებათ სასკოლო დავალებების შესასრულებლად. წინა თაობა მოკლებული იყო ტექნოლოგიებს. ეს შეიძლება შემაფერხებელი იყოს მოსწავლის განვითარებისთვის, მაგრამ ისინი მეტად კითხულობდნენ წიგნებს, მეტ დროს ატარებდნენ ბუნებაში, თამაშობდნენ სუფთა ჰაერზე. მიუხედავად განსხვავებისა, წინა თაობაშიც და ახალ თაობაშიც იყვნენ და არიან მოტივირებული მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ მიზანი და შრომობენ მიზნის მისაღწევად.

როგორ შეაფასებდით სწავლების ძველ და ახალ მიდგომებს: ახალი სკოლის მოდელს, სქემას, სწავლების ინტერაქციას, ერთიან ეროვნულ გამოცდებს... მიმდინარე 2020 წლის ეროვნულმა გამოცდებმა აჩვენა, რომ გამოცდა ორიენტირებული იყო არა წმინდა პროგრამული კუთხით, არამედ აქცენტი კეთდებოდა მოსწავლის თავისუფალ აზროვნებასთან. თქვენეული მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებითაც.

სწავლების ახალი მიდგომებით მოსწავლე სასწავლო პროცესის ცენტრშია, აქტიურია, მოტივირებულია და ეს უდავოდ კარგია; ძალიან მომწონს ინტერაქციაც, დიფერენცირებული სწავლებაც, რომელიც ყველა მოსწავლეს აძლევს თავისი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას, ახალი სკოლის მოდელიც დროში გამოიცდება, ალბათ. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ფიზიკასა და მათემატიკაში არ იყო დიდი ცვლილება. თავისუფალი და ლოგიკური აზროვნების გარეშე მაინც შეუძლებელია ამ საგნების სიღრმისეული შესწავლა. აზროვნება კი სკოლის პერიოდში უნდა ისწავლოს მოსწავლემ. უნდა ითქვას, რომ სკოლაში ფიზიკის საათების შემცირება დადებითად ვერ აისახება ეროვნულ გამოცდებზე ამ საგანში მიღწეულ შედეგებზე.

თანამედროვე სასკოლო განათლება თუ პასუხობს უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების სტანდარტებს ?

მოსწავლემ სკოლაში მიღებული ცოდნით უნდა დაძლიოს ეროვნული გამოცდები. საჯარო სკოლაში ამის მიღწევა ფიზიკაში ძნელია. არათანაბარ პირობებში არიან საჯარო სკოლის და სპეციალური ფიზიკა-მათემატიკის პროფილის სკოლის მოსწავლეები.

ფიზიკის ცოდნის საფუძველი სკოლიდან იწყება. როგორ ინტერესდებიან თქვენი მოსწავლეები ამ საგნით სამომავლო პროფესიის არჩევისას და ფიზიკის,როგორც საბუნებისმეტყველო საგნის ცოდნა რეალურ ცხოვრებაში რაში გვეხმარება?

მოსწავლის დაინტერესებისთვის მასწავლებელმა მას უნდა აჩვენოს საგნის ავთენტურობა; ყოველ გაკვეთილზე განიხილოს საკითხის კავშირი ცხოვრებასთან, ადამიანის პრაქტიკულ საქმიანობასთან. ნებისმიერი ცხოვრებისეული პრაქტიკული საკითხის გადაწყვეტისას ფიზიკაში მიღებული ცოდნის გამოყენების საშუალება ეძლევათ. გლობალური საკითხების გააზრებისას ხდება მოსწავლეთა მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება, საკუთარი როლის გაცნობიერება პროცესებში.

პანდემიის ფონზე , რეალური საკლასო ოთახი ჩაანაცვლა ვირტუალურმა. რამდენად გადაეწყვეთ ახალ რეალობასთან? რა ისწავლეთ ამ პერიოდში და რა პრობლემებს წააწყდით ამ მიმართულებით.

ცნობილია, რომ ონლაინ სწავლებისას სრულიად იცვლება სასწავლო გარემო. გარემოს კი დიდი მნიშვნელობა აქვს სასწავლო განწყობის შექმნისთვის. არ არის ადვილი ამ დროს მოსწავლეთა ყურადღების მობილიზება, ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება, არ არის ცოცხალი ურთიერთობები და ა.შ. ვერ ვიტყვი, რომ იდეალურად, მაგრამ შეძლებისდაგვარად დავძლიეთ ეს სირთულეები. ადაპტაციის პერიოდის გავლის შემდეგ, მოსწავლეებმა შეძლეს თავიანთი წილი პასუხისმგებლობის აღება, გავააქტიურეთ მშობლები. მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად, ვიყენებდი პრეზენტაციებს, სიმულაციებს. დავრწმუნდი, რომ მოსწავლეებზე პასუხისმგებლობის გადანაწილება შედეგის მომტანია.

ცერნის ლაბორატორია მსოფლიოში უდიდესი ბირთვული ლაბორატორიაა, რომელიც ფიზიკური კვლევების ექსპერიმენტული ლაბორატორიაა, სადაც 35 ქართველი მეცნიერი მუშაობს.თქვენ აღნიშნულ ლაბორატორიაში თეორიულ საკითხებზე მომუშავე მეცნიერმა გია დვალმა მიგიწვიათ. რას იტყოდით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

2013 წელს განათლების სამინისტროს და მასწავლებლის სახლის მიწვევით ფიზიკის მასწავლებელთა ჯგუფი ვიყავით ცერნში. CERN-ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციაა. ძირითადი ფუნქციაა ნაწილაკების ამაჩქარებლების და სხვა ისეთი ობიექტების ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, რომელიც ,აუცილებელია, მაღალი ენერგიების ფიზიკაში კვლევებისთვის. შექმნის მიზანი:,სტანდარტული მოდელის ექსპერიმენტული დადასტურება; ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა; დიდი აფეთქების თეორიის ექსპერიმენტული მოდელირება. ცერნის მისიაა - ინოვაციები, გამოკვლევები, სწავლა(განათლებასთან ურთიერთობა). მიზანი-ხალხის გაერთიანება. ცერნი ინტერნეტ

ტექნოლოგიების დანერგვის პიონერია. უმნიშვნელოვანესი მიღწევა, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, ჰიგსის ბოზონის აღმოჩენაა. დიდი მიღწევებია მედიცინის დარგში დიაგნოსტირება-თერაპიის მიმართულებით. ყველა დროში მუშაობდა 120 ქართველი, ამჟამად-35. თეორიულ ფიზიკაში ლექციები წაგვიკითხა ცნობილმა თეორეტიკოსმა გია დვალმა. პრაქტიკულ ნაწილში მეგზურობას გვიწევდნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები. ცერნში ყოფნის პერიოდი იყო სწავლით, გამოცდილების ურთიერთგაზიარებით, შთაბეჭდილებებით დატვირთული ერთი კვირა.

მასწავლებელი-კრიზისის მართვისა და მომავლის ხედვის ლიდერი. როგორ გესახებათ საგანმანათლებლო სფეროში მასწავლებლის როლი კრიზისის მართვის პროცესში და რაში გამოიხატება აღნიშნული ლიდერობა?

პანდემიის პირობებში, დისტანციურმა სწავლებამ უამრავი პრობლემის წინაშე დააყენა მასწავლებელი. ყველა მოსწავლისთვის ხელმისწვდომი არ იყო ინტერნეტი, პროგრამებში ჩართვას ვერ ახერხებდნენ მოსწავლეები და ა. შ.მაგრამ მასწავლებლებმა შეუძლებელი შეძლეს. ყველა სა შუალება გამოიყენეს მოსწავლეებთან კომუნიკაციის დასამყარებლად და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ კრიზისის მართვის და მომავლის ხედვის ლიდერები არიან.

მასწავლებლის აკადემიური თავისუფლება, გუნდურობის პრინციპი და ერთი ნიშნით გაერთიანებული ადამიანების ერთობა როგორ გესახებათ და თქვენეული დამოკიდებულებასაქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთანდაკავშირებით. პირადად თქვენ რა მოგცათ აღნიშნულმა ორგანიზაციამ?

პროფკავშირი მშრომელთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა, რომლის მიზანია წევრების შრომითი, სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა. ადამიანთა ჯგუფის თვითორგანიზების სურვილი აბსოლუტურად გასაგებია. ადამიანები ხედავენ პროფკავშირის დაცვის ქვეშ ყოფნის ლოგიკურ საჭიროებას, ხედავენ მასში დასაყრდენს, უფლებების დამცველს და დამხმარეს კარიერული წინსვლის პროცესში. წევრებს შორის ინფორმირებულობა, თანადგომა, იდეების გაზიარება ამ ორგანიზაციას მიმზიდველს ხდის.

 რას ეტყოდით იმ პედაგოგებს, რომლებსაც სურთ სპმთპ-ში გაწევრიანება. რატომ უნდა გაწევრიანდნენ ? რა პრივილეგიებითა და გარანტიებით ისარგებლებენ? რას ურჩევთ პოტენციურ პროფწევრებს?

პედაგოგთა პროფესიული კავშირი გვერდში უდგას პედაგოგებს ყველა პრობლემური საკითხის გადაწყვეტაში, იცავს მათ უფლებებს, ხელს უწყობს შემდგომი განათლების მიღებასა კვალიფიკაციის ამაღლებაში. ერთად უფრო ადვილად დაძლევადი ხდება სირთულეები და შესალებელი განათლების სისტემის გაძლიერება-განვითარება.

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. რას ეტყოდით პედაგოგებს ამ დღესთან დაკვშირებით.თქვენი მილოცვა და სურვილები.

მასწავლებლობა ძალიან რთული, მაგრამ ამავე დროს, ძალიან საინტერესო და საპატიო საქმეა. მეამაყება, რომ ღირსეული ადამიანების მხარდამხარ ვშრომობდი. დღეგრძელობა, ჯანის სიმრთელე, შრომის სურვილი, მიღწეული შედეგით მინიჭებული სიხარული, წარმატებები არ მოგკლებოდეთ.

დაბოლოს დაასრულეთ ფრაზა: მინდა რომ...

მინდა, რომ ჩემი საქართველო ამაყობდეს თავისი პედაგოგებით და ბრწყინავდეს განათლებული, ჭკვიანი, შრომისმოყვარე, ქვეყნის სიყვარულით გულანთებული და მისი მომავლისთვის მზრუნველი ახალგაზრდებით.

იხ.ლინკი: https://spark.adobe.com/page/dfOWthWGGgsJR/

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა