32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

„საქართველოს პედაგოგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“ პედაგოგთა, პროფწევრთა მხარდამჭერი მძლავრი ორგანიზაციაა. მხარდაჭერისა და პატივისცემის ერთგვარი გამოხატულებაა ელექტრონული რუბრიკა „პროფწევრები განსხვავებული რაკურსით“,რომლის მიზანია პროფწევრების საქმიანობის წარმოჩენა და მათი დანახვა განსხვავებულ რაკურსსა და ამპლუაში, რესპონდენტის როლში.

ამჟამად ჩვენი რუბრიკის სტუმარია ქალაქ ბათუმის № 2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და გეოგრაფიის მასწავლებელი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტი და საზოგადოებრივი მეცნიერებების უფროსი მასწავლებელი ანა ანუშიძე.

დოსიე: გახლავართ საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტი, საზოგადოებრივი მეცნიერებების უფროსი მასწავლებელი.

ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტის, სახელმწიფო მართვის სკოლაში, საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამაზე.

2015 წელს წარჩინებით დავასრულე სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, დიპლომატიის და საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე. მომენიჭა დიპლომატიის და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2013 წელს წარჩინებით დავასრულე სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე. მომენიჭა საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2009 წელს წარჩინებით დავასრულე სწავლა ქ. ბათუმის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია. გადმომეცა საქართველოს წარჩინებული მოსწავლის ოქროს მედალი.

ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა იწყება 2013 წელს, საჯარო ლექციების კითხვით. შპს. კავკასიურ სახლში, „კავკასიოლოგიური სახალხო უნივერსიტეტის“ პროგრამის ფარგლებში, სადაც 2013 – 2014 წლებში წავიკითხე რამდენიმე საჯარო ლექცია კონფლიქტების მოგვარების თეორიების შესახებ.

2014 წელს ჩავაბარე ჩემი პირველი, მასწავლებლის სასერტიფიკაციო, გამოცდა სამოქალაქო განათლებასა და პროფესიულ უნარებში. სწორედ ამ დროიდან დავიწყე აქტიური პედაგოგიური საქმიანობა სკოლაში. აღნიშნულ გამოცდებს კი ეტაპობრივად შეემატა: გეოგრაფიის (2016 წ.) ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის და ბუნებისმეტყველების - დაწყებითი საფეხურის (2018 წ.) რუსული ენის (2019 წ.) ინგლისური ენის (2019 წ.) წარმატებულად (თითოეული გამოცდა მაქსიმალური 10 კრედიტიანი შეფასებით) ჩაბარებული გამოცდები.

ვმუშაობ სსიპ ქ. ბათუმის № 2 საჯარო სკოლაში, ვასწავლი გეოგრაფიას და სამოქალაქო განათლებას. სკოლაში მუშაობისას აქტიურად ვწერ და ვახორციელებ სასწავლო პროექტებს და ტრენინგ კურსებს დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის. მაქვს შესაბამისი სერტიფიკატები, დიპლომები და მადლობის სიგელები. დისტანციური სწავლების პერიოდში კი აღნიშნული საქმიანობა გადმოვიტანე ონლაინ სივრცეში, მასთან შევქმენი ვიდეო რესურსები მოსწავლეებისთვის და სასწავლო კურსი „სწავლების და განვითარების თეორიებში“ მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. დავასრულე მუშაობა დამხმარე სახელმძრვანელოებზე: „ქართველი მწერლების და საზოგადო მოღვაწეების პუბლიცისტური წერილები“ და „ამოცანების, სავარჯიშოების და დავალებების ნიმუშები“.

რაც შეეხება აკადემიურ საქმიანობას, 2014 წლიდან ვმუშაობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტში, აზერბაიჯანის დეპარტამენტში, მეცნიერ თანამშრომლად. პერიოდულად ვამზადებ სტატიებს და ვღებულობ მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.

დავიბადე 1991 წლის 2 თებერვალს. მყავს მშობლები, რომლებიც ყოველთვის არიან ჩემს გვერდით და მხარს მიჭერენ ყოველ ახალ წამოწყებაში. ისინი არიან საუკეთესო მაგალითი კეთილსინდისიერების, პასუხისმგებლიანობის, სამართლიანობის და წარმატებული ოჯახის , ამიტომ ვფიქრობ , ღვთის ყველაზე დიდი წყალობა ჩემთვის ჩემი მშობლებია.

რამ განაპირობა თქვენი მასწავლებლის პროფესიაში შესვლა და პროფესიული არჩევანი?

ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, ჩემთვის როგორც სწავლის ისე სწავლების პროცესი იყო განასკუთრებულად მნიშვნელოვანი, საინტერესო და აღმაფრთოვანებელი. ჩემი ინტერესი სწავლა - სწავლების პროცესის მიმართ კიდევ უფრო გაღრმავდა უნივერსიტეტში, ხოლო გადაწყვეტილება, რომ გავხდებოდი მასწავლებელი/ლექტორი/ტრენერი მივიღე მაშინ, როდესაც წავიკითხე ჩემი პირველი საჯარო ლექცია კავკასიურ სახლში 2013 წ. კონფლიქტების მოგვარების თეორიებში.

მასწავლებელი და თანამედროვე ტექნოლოგიები.რა დამოკიდებულება გაქვთ ინტერნეტ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით და რამდენად იყენებთ პროფესიულ საქმიანობაში?

წინსვლა და განვითარება 21 - ე საუკუნეში ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია, არა მხოლოდ მასწავლებელის, არამედ ზოგადად ნებისმიერი სფეროსთვის.

პირადად მე ყოველთვის ვცდილობ შევიტანო სიახლე სწავლა - სწავლების პროცესში. სკოლა განათლების ცენტრი უნდა იყოს. ამისთვის კი პირველ რიგში მისი პირდაპირი სამიზნე აუდიტორიის, მოსწავლეების ინტერესები და საჭიროებები უნდა დააკმაყოფილოს. რისთვისაც საჭიროა აკადემიური, სოციალური, ფიზიკური და ეფექტური თვალსაზრისით უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემოს და ისეთი სასკოლო კულტურის ჩამოყალიბება რომლის საფუძველსაც წარმოადგენს: ურთიერთპატივისცემა, შემწყნარებლობა, თანასწორობა, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემო, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, სამოქალაქო ჩართულობა, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ტოლერანტობა, კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიურობა, უსაფრთხოება, ჯანსაღი ცხოვრება, გარემოს დაცვა, მდგრადი განვითარება, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, სამეწარმეო უნარების განვითარების ხელშეწყობა, ინიციატივების წახალისება. ამ რთული და მეტად საპასუხისმგებლო ამოცანის ღირსეულად და ეფექტიანად შესრულებისთვის ყოველდღიურ რეჟიმში ერთობლივად უნდა მუშაობდეს დირექცია, მასწავლებლები, ფსიქოლოგები, მანდატურები, მოსწავლეები, მოსწავლეების მშობლები. რადგან დიახ, სკოლა ყველას ეკუთვნის, პასუხისმგებლობა გაზიარებული უნდა იყოს და სკოლის საზოგადეობის თითოეულმა წევრმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს სასკოლო გარემოს და კულტურის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

სწორედ სათანადო სასკოლო გარემოსა და კულტურის პირობებში შეუძლია სკოლას ხელმისაწვდომი გახადოს ხარისხიანი განათლება ყველა მოსწავლისთვის, სათანადო მხარდაჭერა აღმოუჩინოს თითოეულ მოსწავლეს პიროვნული განვითარების და აკადემიური შედეგების გაუმჯობესებაში.

ამ მიზნის მიღწევისთვის კი მასწავლისთვის , განსაკუთრებით მნიშვნელოვანია , უკვე ტრადიციული და საკმაოდ ეფექტიანი სწავლა სწავლების მეთოდები და აქტივობები: გონებრივი იერიში, ასოციაციური რუკა, წყაროების ანალიზი, დისკუსია, დებატები, როლური თამაშები, ჯგუფებში და წყვილებში მუშაობა, მონაცემთა დამუშავება, პლაკატების შექმნა, სხვადასხვა ტიპის ტესტები, ამოცანები დილემური სიტუაციების შესახებ, პრეზენტაციები, მოხსენებები, ტრენინგები მოსწავლეებისთვის, სასწავლო პროექტები, ფილმების ჩვენება - განხილვა, სასკოლო კონფერენციები, გასვლითი გაკვეთილები, გავამდიდროთ და გავახალისოთ სწავლა - სწავლების პროცესში ციფრული ინსტრუმენტების (Pressbook, Edmodo, Kahoot, Plickers, Padlet, Screen recorder) და ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით.

პირადად მე, პანდემიამდეც, ძალიან აქტიურად, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვიყენებდი ინტერნეტ ტექნოლოგიებს, რადგან მათი აქტიური გამოყენება სწავლა - სწავლების პროცესში მნიშვნელოვნად ზრდის ჩემი მოსწავლეების ინტერესს, უადვილებს მათ ნებისმიერი სირთულის ინფორმაციის აღქმის, დამახსოვრების, დამუშავების პროცესს და ეხმარება 21- ე საუკუნის შესაბამისი უნარ - ჩვევების განვითარებაში.

პანდემიის პირობებში, დისტანციური სწავლების პროცესში კიდევ უფრო აქტუალური გახდა ინტერნეტ ტექნოლოგიების ყოველდღიური გამოყენება. შემოთავაზებული პლატფორმები (Teams, Feedc, Zoom) ამასთან Youtube - არხი და სოციალური გვერდები ძალიან დაგვეხმარა ჩემს მოსწავლეებს და მე ეფექტიანად გაგვეგრძელებინა მუშაობა.

115928661 1556107537904918 6518176525498300984 n

რას სწავლობთ სწავლების პროცესში? როგორია თქვენი გაკვეთილი და რითი განსხვავდება ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესისგან?

სიახლეებთან ადაპტირება არის ის უნარი, რომელიც ყველას გვივითარდება შექმნილი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე. თუნდაც ინტერნეტ პლატფორმების გამოყენებით სწავლა - სწავლების პროცესის წარმართვა, ეს ის ახალი უნარია , რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვისწავლეთ 2020 - ში. ამასთან ყოველთვის გამოდის ახალი კვლევა, ნაშრომი, მეთოდური და პროფესიული სახელმძღვანელოები, რომლებსაც დიდი ინტერესით და სიამოვნებით ვეცნობი, რადგან როდესაც მასწავლებელი საქმის კურსშია თუ რა ხდება როგორც საკუთარი ქვეყნის, ისე მსოფლიოს და განსაკუთრებით წამყვანი ქვეყნების განათლების სისტემაში, უფრო თავდაჯერებულად გეგმავს და ახორციელებს სიახლეებს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში.

ჩემი საგაკვეთილო პროცესი მთლიანად ეფუძნება ინტეგრირებული სასწავლო პროექტებით სწავლებას, სწავლა - სწავლების აქტიური მეთოდების, ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებას, რასაც შეემატა ინტერნეტ რესურსები და ვიდეო გაკვეთილები, რომლებსაც სიამოვნებით ვაზიარებ ჩემს youtube არხზე და Facebook გვერდზე.

მასწავლებლის აკადემიური თავისუფლება, გუნდური პრინციპი და ერთი პროფესიული ნიშნით გაერთიანებული ერთობა როგორ გესახებათ და თქვენეული დამოკიდებულება „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ მიმართ? პირადად თქვენ რა მოგცათ ამ ორგანიზაციამ?

დემოკრატიული ღირებულებები და აკადემიური თავისუფლება ერთგვარი ქვაკუთხედია განათლების სფეროში განვითარებისთვის. „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“ არის ერთი პროფესიული ნიშნით და გუნდური პრინციპის საფუძველზე გაერთიანებული პედაგოგთა და მეცნიერთა ერთობა, რომელიც ზრუნავს პედაგოგების პროფესიულ განვითარებზე, უზრუნველყოფს სხვადსხვა ტიპის სემინარების, კურსების, ტრენინგების, პროგრამების განხორციელებას, ხელს უწყობს მასწავლებლებს გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება, ამავდროულად გაეცნონ განათლების სფეროში წამყვანი სხვადასხვა ევროპული ქვეყნის გამოცდილებას სწავლა - სწავლების პროცესში, მუდმივად აწვდის მასწავლებლებს ინფორმაციას განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებთან და პროექტებთან დაკავშირებით, აქტიურად თანამშრომლობს განათლების სამინისტროსთან ერთად მასწავლებლების კარიერული წინსვლის ხელშეწყობისა და შრომითი უფლებების დაცვის მიზნით.

109293131 274473300318827 5760624805736079901 n

„საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ რომელ აქტივობებსა და და პროექტებში მიგიღიათ მონაწილეობა და რამდენად გამოიყენეთ ამ კუთხით მიღებული გამოცდილება და როგორ განავითარეთ საკუთარი თავი და სხვები?

მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ და „დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებლთა პროფკავშირის“ ერთობლივი პროექტი „სკოლისა და განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან თანამშომლობით“, რომელშიც ჩავერთე 2019 წელს და ამ ხნის მანძილზე ორგანიზებული ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების და შემაჯამებელი კონფერენციების გზით უშუალოდ დანიელი კოლეგებისგან მივიღეთ ინფორმაცია დანიის განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების, არსებული სიახლეების, აპრობირებული სწავლა - სწავლების მეთოდების, ციფრული ინსტრუმენტების, ინტერნეტ ტექნოლოგიების, სასწავლო რესირსების შექმნისა და გამოყენების შესახებ.

აღნიშნული აქტიურად დავნერგე ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში და ამ მიზნით:

ჩავატარე საჩვენებელი გაკვეთილები სამივე საფეხურზე, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც დირექციის წარმომადგენლები ისე კათედრის ხელმძღვანელები, მასწავლებლები და მშობლები. საჩვენებელი გაკვეთილების შემდეგ ვაწყობდი დეტალურ განხილვას ყველა იმ მეთოდის, რომლებიც გამოყენებული იყო აღნიშნულ გაკვეთილზე მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, დირექციასთან, მშობლებთან. (თითოეულ სამიზნე აუდიტორიასთან ცალ - ცალკე, მოსწავლეებთან კლასში, მასწავლებლებთან და დირექციასთან სამუსაო შეხვედრებზე, მშობლებთან - მშობელთა კრებებზე, ამასთან მოვაწყეთ მშობელთა კომიტეტთან ერთი დასკვნითი შეხვედრა).

შევქმენი Facebook გვერდი - Active learning and teaching methods in public school # 2 - აღნიშნული გვერდი განკუთვნილია პროექტის ფარგლებში დანიური განათლების სისტემისთვის წარმატებულად აპრობირებული სწავლა - სწავლების მეთოდების ჩვენს საკლასო რეალობასთან ადაპტირბით განხორციელებული აქტივობების და შექმნილი სასწავლო რესურსების შესახებ ინფორმაციის გაზიარებისა და დისკუსიისთვის.

შეჯამების სახით მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული მეთოდები: აკადემიური წერის სწავლება ფლუმის მეთოდების გამოყენებით, ფაზლები და ბარათები, სასწავლო რესურსების შექმნა, სხვადასხვა ტიპის წყაროს ანალიზი, პროექტული სწავლება, შეფასების პროცესში მრავალფეროვანი რეფლექსიის გამოყენება, ციფრული ინსტრუმენტების აქტიური გამოყენება, სახალისო აქტივობები, სავსებით ეფექტიანად შეგვიძლია დავნერგოთ ქართულ სკოლებში სამივე საფეხურზე და ყველა საგანში, რაც მოიტანს მრავალმხრივ პოზიტიურ შედეგს:

მოსწავლეები განივითარებენ 21 - ე საუკუნისთვის აუცილებელ უნარებს, კერძოდ, შეძლებენ კრიტიკული ანალიტიკური აზროვნების განვითარებას.

სასწავლო პროცესი (როგორც ყოველდღიური (საკლასო აქტივობები და საშინაო დავალებები) ისე შემაჯამებელი სამუშაოები) გახდება მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო მოსწავლეებისთვისაც და მასწავლებლებისთვისაც.

იმ მასალის შესწავლა - გააზრება, რასაც ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმა - ყველა საგანში, იქნება უფრო იოლი და გრძელვადიანი. (მაგ: ჩემი მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ ახალი მეთოდების გამოყენებით ისინი უფრო ადვილად და გააზრებულად იმახსოვრებენ მასალას, ამასთან გაუმჯობესდა სასწავლო განწყობა კლასში).

სწავლების პროცესში გროვდება მრავალჯერადად გამოსაყენებელი სასწავლო რესურსები. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად შექმნიან სასწავლო რესურსებს.

თქვენეული თვალსაზრისი, განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

გლობალური პანდემიის პირობებში, მთელს მსოფლიოში, განათლების სისტემის უმთავრესი ამოცანაა მაქსიმალურად უსაფრთხოდ და ამავდროულად ეფექტიანად წარმართოს სწავლა - სწავლების პროცესი. ამისთვის მაქსიმალურად შეზღუდოს პირდაპირი კონტაქტი და სრულად გამოიყენოს ყველა შესაძლო ციფრული ინსტრუმენტი და ინტერნეტ ტექნოლოგია.

ჩვენს რეალობაში მინდა აღვნიშნო, რომ საოცრად ოპერატიულად მოხდა მასწავლებლების ინფორმირება ინტერნეტ პლატფორმებთან დაკავშირებით და ყველა საჭირო ინსტრუქცია იყო მოწოდებული, სამინისტროს მხრიდან სკოლის დირექციის მეშვეობით, აქ უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლის დირექტორი, ქ-ნი მარიზა აბაშიძე პირადად ზრუნავდა რომ ორგანიზებულად და ეფექტიანად წარმართულიყო დისტაციური სწავლების პროცესი ჩვენს სკოლაში, მუდმივად იყო კავშირზე და როგორც ყოველთვის, ახლაც მხარს გვიჭერდა ახალი გამოწვევის დაძლევაში. ხაზგასასმელია , რომ "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა" უზრუნველყო მრავალფეროვანი, სხვადასხვა ტიპის , მზა სასწავლო ინტერნეტ რესურსის და რესურსის შექმნის ინსტრუქციის მოწოდება პროფკავშირის წევრებისთვის, რაც ნამდვილად ფასდაუდებელი მხარდაჭერაა ყველა პედაგოგისთვის. ცალკე მინდა გამოვყო სამინისტროს უნიკალური პროექტი ტელესკოლა - რაც განსაკუთრებით სასარგებლო იყო ყველა იმ მოსწავლისა და მასწავლებლისთვის, რომელთაც სათანადო ტექნიკური რესურსების არ ქონის გამო არ შეეძლოთ ესარგებლათ ინტერნეტ პლატფორმებით და არა მხოლოდ მათთვის, რადგან შეიქმნა ძალიან ღირებული ვიდეო რესურსები.

ამ ეტაპზე , ვფიქრობ , ყველას მეტი გამოცდილება გვაქვს იმისთვის, რომ ,საჭიროების შემთხვევაში, კიდევ უფრო ეფექტიანად წარვმართოთ სრული ან ნაწილობრივი დისტანციური სწავლა - სწავლების პროცესი.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ მასწავლებლის იმიჯი ამაღლდეს და რაში გეხმარებათ „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“ ამ მიმართულებით?

საჭიროა მეტი გამჭირვალობა იმასთან დაკავშირებით , თუ როგორია მასწავლებლის ყოველდღიური საქმიანობა, მასწავლებლის მხარდაჭერა და უზრუნველყოფა სათანადო ტრენინგებით. ტრენინგები აუცილებლად უნდა იყოს კონკრეტული და ამომწურავი მიმართული კონკრეტული საკითხის ან უნარის სწავლებისკენ. ტრენინგებს, დასრულებიდან გონივრული ვადის გასვლის შემდეგ უნდა მოყვეს კვლავ შეკრება იმისთვის რომ მონაწილე მასწავლებლებმა გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, ისაუბრონ იმ პრობლემებზე რომელთა წინაშეც აღმოჩნდნენ ტრენინგზე მიღებული ცოდნისა თუ უნარის პრაქტიკაში დანერგვის პროცესში. მხოლოდ ასეთი ფორმის ტრენინგი შეიძლება იყოს პროდუქტიული, სწორედ ამ ტიპის პროექტებს და ტრენინგებს გვთავაზობს პროფკავშირი.

მივესალმები, რომ გვაქვს კარიერული წინსვლის სქემა, სხვადასხვა ტიპის კონკურსი და ჯილდო მასწავლებლისთვის, ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი კონკურსი, კონფერენცია და სივრცე იქნება, სადაც მასწავლებლები გამოხატავენ საკუთარ თავს, პროფესიულ საქმიანობას, გაუზიარებენ ერთმანეთს და ფართო საზოგადოებას საკუთარ არგუმენტირებულ შეხედულებებს საკუთარ პროფესიასთან და საქმიანობასთან დაკავშირებით მით უფრო გაიზრდება ინტერესი მასწავლებლის პროფესიის მიმართ.

საკუთარი პედაგოგიური გამოცდილებიდან მინდა გამოვყო რამდენიმე:

2015 წელს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტების კონკურსი „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“, სადაც გავიმარჯვე ჩემი პირველი სასკოლო პროექტით „მეტი ევროკავშირი სკოლებში“.

2016 წელს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და Microsoft საქართველოს მიერ ორგანიზებული Office Mix კონფერენცია, აღნიშნული გამოცდილება განსაკუთრებით გამომადგა დისტანციური სწავლების პროცესში.

2017 წელს, USAID - ის და PH International - ის მიერ ორგანიზებული მასწავლებელთა ხუთ მოდულიანი ტრენინგ კურსის „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლების“ წარჩინებით დასრულება.

2018 წელს, სამოქალაქო განათლების 2017 წლის საუკეთესო პედაგოგების დაჯილდოვების ცერემონია, სადაც განსაკუთრებული ჯილდო გადმომეცა სამოქალაქო განათლების კუთხით გაწეული საქმიანობისთვის.

2019 წელს, „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ მიერ ორგანიზებული პროექტი „სკოლისა და განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან თანამშომლობით“.

 

პროფესიული კუთხით , თქვენი სამომავლო პერსპექტივები.

დისტანციური მუშაობის პერიოდში შვქმენი სასწავლო პროექტები სამოქალაქო განათლებაში: „სამოქალაქო კულტურა“ და „ჩემი უფლებები“, ვიდეო გაკეთილები გეოგრაფიაში: „გარემოს დაცვა“, „სამხრეთ კავკასია“, „კონტინენტები“. ტრენინგ - კურსები საბაზო და საშუალო საფეხურის სკოლის მოსწავლეებისთვის: “Effective Communication” “Conflict Management and Negotiation” “Leadership”, და სასწავლო კურსი მოსწავლეებისა და მშობლებისთის „სწავლებისა და განვითარების თეორიები“. ველი ახალ სასწავლო წელს, რომ განვახორციელო აღნიშნული პროექტები.

ამასთან დავასრულე მუშაობა ორ დამხმარე სახელმძღვაენელოზე , ესენია: დამხმარე სახელმძღვანელო სამოქალაქო განათლებაში , საშუალო საფეხურის მოსწალეებისთვის „ქართველი მწერლების და საზოგადო მოღვაწეების პუბლიცისტური წერილები“ - სახელმძღვანელოში თავმოყრილია: ილია ჭავჭავაძის , ვაჟა ფშაველას , იაკობ გოგებაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის , ნიკო ნიკოლაძის, ბარბარე ჯორჯაძის, არჩილ ჯორჯაძის და სერგეი მესხის პუბლიცისტური წერილები სხვადასხვა ტიპის და დავალებებთან ერთად კრიტიკული და ანალიტიკური მსჯელობისთვის. მისი მიზანია დაეხმაროს მოსწავლეს: მაღალ დონეზე განივითაროს ფიქრის უნარი , მიიღოს ღრმა ცოდნა სამოქალაქო განათლებაში, აქტიურად ჩაერთოს და წარმართოს არსობრივი საუბრები, დაინახოს და გამოიყენოს კავშირი მიწოდებულ სასწავლო მასალას, შესრულებულ დავალებებსა და რეალურ სამყაროს შორის.

დამხმარე სახელმძღვანელო, საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის და აბიტურიენტებისთვის „ამოცანების, დავალებების და სავარჯიშოების ნიმუშები“ - მისი მიზანია დაეხმაროს მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნების და არგუმენტირებული მსჯელობის განვითარებაში.

ვიმედოვნებ აღნიშნული სახელმძღვანელოების ფართო აუდიტორიისთვის გაზიარების საშუალება მომეცემა.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო ჩემი პატივისცემა და გადავუხადო მადლობა, „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ პრეზიდენტს მაია კობახიძეს იმისთვის, რომ მუდმივად ზრუნავს პროფკავშირის თითოეულ წევრზე , მათ განვითარებაზე , პროფესიულ წინსვლაზე , მხარს უჭერს და იცავს მათ შრომით უფლებებს.

ასევე მადლობას ვუხდი „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ აღმასრულებელ ვიცე - პრეზიდენტს მარიკა ალუღიშვილს და პროფკავშირის მთელ გუნდს.

მადლობა თქვენ , ქალბატონო ნათია, შეკითხვებისთვის, რამაც მომცა საშუალება მესაუბრა ჩემს პროფესიაზე და გამომეხატა ჩემი მოსაზრებები ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით , განათლების სფეროში.

იხ.ლინკი:https://spark.adobe.com/page/sDtctxkPW79Z7/?fbclid=IwAR3LfhQFDp9wBDPnkl-yZlkRgYNq6vnRXRFzFlo8tKq9LbaXB3_qKXIbh7c

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა