32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

სპმთპ კვლავ განაგრძობს მასწავლებლების, პროფწევრების წარმოჩენას ორგანიზაციის გვერდზე, როგორც სასკოლო , ისე საუნივერსიტეტო საქმიანობის მიმართულებით.

ამჟამად ჩვენი ელექტრონული რუბრიკის სტუმარია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ლექტორი, ქუთაისის N 29-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი, სპმთპ-ის პროფწევრი და მხარდამჭერი დიანა ნემსიწვერიძე.

- ვასწავლი ინგლისურ ენას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სსიპ ქ. ქუთაისის N 29 საჯარო სკოლაში. ვფიქრობ, რომ განათლება ეს არის სფერო, რომელიც განაპირობებს კაცობრიობის აწმყოსაც და მომავალსაც. მაქსიმალურად ვცდილობ, მონაწილეობა მივიღო ყველა აქტივობასა და ღონისძიებაში, რომელიც ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისთვის სასარგებლო იქნება.

აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში, ვახდენ მათ ინტეგრირებას სასწავლო პროცესთან; ვცდილობ, ვიყო მაგალითის მიმცემი ჩემი მოსწავლეებისთვის და მუდმივად ვზრუნავ კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

ვმონაწილეობ სახვადასხვა კონკურსში. ერთ-ერთი კონკურსის გამარჯვებული გახლდით გასულ წელს, მოვხვდი ათეულში საუკეთესო ლექცია- გაკვეთილის ჩატარებისთვის და ვიზიტით ვიმყოფებოდი ბრიუსელში. ასევე მნიშვნელოვანი იყო მოწვევა ნორვეგიის უნივერსიტეტიდან, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა.

ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის მოვუწოდებ მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადებში, კონკურსებში, კონფერენციებში და ძალიან მოხარული ვარ ,როდესაც ისინი მამცნობენ საკუთარი წარმატების შესახებ. ვფიქრობ, სწორედ ეს არის მასწავლებლისთვის უმთავრესი, იზრდებოდეს თავად და აძლევდეს სტიმულს მომავალ თაობას.

პედაგოგიური მოღვაწეობა დავიწყე 2010 წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სამი წლის შემდეგ გადავწყვიტე, ჩამებარებინა სასერტიფიკაციო გამოცდები და მიმეღო მასწავლებლის სერთიფიკატი, რასაც წარმატებით გავართვი თავი, გავხდი უფროსი მასწავლებელი, ხოლო გასულ სასწავლო წელს კი მომენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.

გზა, რომელიც გავიარე წამყვან მასწავლებლობამდე სავსე იყო საინტერესო გამოწვევებით, პერიოდული სირთულეებით, რომელთა გადალახვით შევიძინე დიდი გამოცდილება და გავიზარდე როგორც პროფესიონალი და ასევე როგორც პიროვნება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სქემა იყო მნიშვნელოვანი მოტივატორი დავინტერესებულიყავი სკოლით, რომელიც მაძლევდა შესაძლებლობას ჩემი შრომისა და ძალისხმევის საფუძველზე, დამეგროვებინა გამოცდილება, მეპასუხა უამრავი გამოწვევისათვის და ეს ყოველივე ასახულიყო სტატუსზე.

რომ არა ზემოთხსენებული სქემა, შეიძლება გამბედაობაც ვერ მეპოვა საკუთარ თავში რიგი აქტივობების განსახორციელებლად. ამ ყოველივეს პარალელურად მივხვდი, რომ ეს იყო სფერო, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, რომელშიც ვხედავ არა მხოლოდ ჩემს, ჩემი მოსწავლეების, არამედ ჩვენი ქვეყნის და ზოგადად კაცობრიობის მომავალს. ეს არის პროფესია, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ, რადგანაც მასწავლებლების ხელში იწრთობა მომავალი თაობები, რომლებიც შემდეგ ემსახურებიან და აშენებენ ქვეყანას.

მასწავლებელი ეს არის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს მოსწავლის მეგობარი, იმედი, მოტივატორი, ინსპირაციის წყარო, ბიძგის მიმცემი, ზოგჯერ ფსიქოლოგი, მითუმეტეს დღესდღეობით, როდესაც ბავშვები მოკლებულნი არიან ურთიერთობებს საყვარელ ადამიანებთან და ძირითადად უწევთ შემოიფარგლონ ვირტუალური სამყაროთი.

ხშირად მახსენდება გამონათქვამი: „ თუ ბედავ სწავლებას თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა!“ დიახ! არასდროს უნდა შევწყვიტოთ სწავლა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც უამრავი რესურსი არსებობს ამისთვის, უამრავი სტიმულის მომცემი ადამიანი, მითუმეტეს როცა 21-ე საუკუნეში გვეძლევა შესაძლებლობა გავუზიაროთ ინფორმაცია და გამოცდილება ერთმანეთს იქნება ეს შიდა თუ საერთაშორისო დონეზე და რა თქმა უნდა, როცა არსებობს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი.

მიუხედავად იმისა, რომ მე ამ ორგანიზაციის ახალი წევრი ვარ, მინდა გულწრფელი აღფრთოვანება გამოვხატო და ვთქვა, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია პედაგოგთა განვითარებაზე, წინსვლაზე, მოტივაციის ამაღლებაზე, იცავს პედაგოგთა ინტერესებს და გამოხატავს მუდმივ მზადყოფნას დაგვიჭიროს მხარი პედაგოგებს ყველგან და ყოველთვის.

ჩემთვის როგორც პედაგოგისთვის შთამბეჭდავი იყო პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიერ ორგანიზებული სემინარი, სადაც გაგვაცნეს დანიურ-ქართული პარტნიორობისა და მხარდაჭერის პროექტი, დანიის განათლების სისტემა და სხვადასხვა პრაქტიკული ნიუანსი, რომელთაც სიამოვნებით ვიყენებ სასწავლო პროცესში, ახლა უკვე დისტანციურადაც და ვხედავ, რომ ჩემი მოსწავლეები ინტერესით ერთვებიან ინოვაციურ და საინტერესო აქტივობებში.

სემინარზე დასწრების შემდეგ, ყველა იქ მოსმენილი თუ ნანახი აქტივობა მდევდა თან, ვფიქრობდი როგორ მომეხდინა მათი ინტეგრირება სასწავლო პროცესში. შეიძლება დავასახელოთ სხვადასხვა თამაში, რომლებიც ადვილად შესაქმნელი და გამოსაყენებელია: „დომინო“ , თავსატეხები „ფაზლი“, სამაგიდო თამაშები, ვიქტორინა და სხვა. „ფლუმის 5 კუთხის მეთოდი“, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ჩემს მოსწავლეებში და ასევე უნდა ავღნიშნო ე.წ. სქემები, რომლებიც მოსწავლეებს ეხმარება ინფორმაციის გაანალიზებაში, ორგანიზებაში, დიდი ინფორმაციის აღქმა-დამახსოვრებაში და სხვა..

შევეცადე ზემოთხსენებული აქტივობები გამომეყენებინა პროექტის ფარგლებში და დავგეგმე პროექტზე დაფუძვნებული სწავლება.

პრობლემა, რომელზეც ორიენტირება მოვახდინე, ეს იყო ჯანსაღი კვება, რადგანაც შესვენებებზე აშკარად თვალშისაცემი გახლდათ მოსწავლეთა არაჯანსაღი კვებითი ჩვევები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების საშუალებით, შევეცადე მოსწავლეთა არაჯანსაღი ჩვევები შეგვეცვალა უკეთესობისკენ და რაც მთავარია, გაგვეუმჯობესებინა ენობრივი უნარები.

პროექტის დაგეგმვის პროცესში ძალიან დამეხმარა „ 20 იდეა მოსწავლეთა ჩართულობისა და მოტივაციისათვის“, რომელიც ზემოთხსენებულ სემინარზე გადმოგვცეს და შეიძლება ითქვას ჩემი სამუშაო საქაღალდის განუყოფელი ნაწილი გახდა.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ პროექტის სხვადასხვა აქტივობაში. ჩამოვაყალიბეთ ჯანსაღი ცხოვრების კონცეფცია და შემდეგ შევეცადეთ რეალურად განგვეხორციელებინა ისინი, მაგალითად მიგვეღო მეტი სითხე, მოგვემზადებინა ჯანსაღი საკვები, დავკავებულიყავით სპორტით და სხვა..

კოვიდ 19 -ის გამო მოგვიხდა მოსწავლეებთან დისტანცირება და ძალიან მწყდებოდა გული, რომ ვიქტორინა ვერ მოვასწარი, თუმცა ჩემს ყოჩაღ მოსწავლეებთან ერთად შევძელი Microsoft teams- ის საშუალებით შეგვესრულებინა სასურველი აქტივობა.

ვიქტორინის მიზანი იყო მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, ენობრივი უნარების კიდევ უფრო დახვეწა და ინტელექტით გამდიდრება.

მოსწავლეებთან ერთად შევარჩიეთ სხვადასხვა სფეროდან და ეპოქიდან ცნობილი პიროვნებები და გავეცანით მნიშვნელოვან საკითხებს მათი ბიოგრაფიიდან. ჩამონათვალი მართლაც მრავალფეროვანი იყო: ვან გოგი, მოცარტი, აინშტაინი, შექსპირი, და ვინჩი, სტივ ჯობსი და სხვა..

მოსწავლეთა ჯგუფი გაიყო ორად, ისინი რიგრიგობით პასუხობდნენ კითხვებს, რომლებიც განთავსებული იყო Powerpoint -ის დოკუმენტში და ეკრანის გაზიარების რეჟიმით სინქრონულად ვადევნებდით პროცესს თვალს.

კითხვების ამოწურვის შემდეგ მოხდა ქულების დათვლა და გამარჯვებულის გამოვლენა.

მოსწავლეებმა მიიღეს წამახალისებელი სერტიფიკატები.

მოსწავლეთა შეფასებები, რომ „კიდევ ისურვებდნენ მსგავს აქტივობებს“ , ანთებული თვალები და სხვა პოზიტიური უკუკავშირი წარმოადგენს საზრდოს და უდიდეს მოტივატორს პედაგოგისთვის- გაუხსნას გზა ფანტაზიას და საინტერესოდ და ზოგჯერ დაუვიწყარადაც აქციოს ერთი ჩვეულებრივი დღე.

ყველასთვის დიდი გამოწვევა გახლდათ ახალი რეალობა, რომლის წინაშეც დაგვაყენა კოვიდ 19 -ის გავრცელებამ. საწყის ეტაპზე იყო უამრავი სირთულე, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერი დალაგდა.

როგორც უკვე აღვნიშნე, უამრავი რესურსი არსებობს, რომელთაც გვიზიარებენ განათლების სფეროში მოღვაწე წამყვანი ორგანიზაციები, ასევე სხვადასხვა ვებ-იარაღი იძლევა საშუალებას თავადვე შევქმნათ ჩვენთვის საჭირო რესურსი. ამ ყოველივეს გამოყენებითა და დახმარებით, მიუხედავად დაბრკოლებებისა სასწავლო პროცესი შედგა.

მასწავლებლების შრომა უკვალოდ ჩაივლიდა, რომ არა ჩვენი გონიერი მოსწავლეები, ჩვენი ახალი თაობა, რომლებიც სავსენი არიან ენერგიით, ცნობისმოყვარეობით, კრეატივით, აქვთ საკუთარი მოსაზრების გამოხატვის უნარი და რაც მთავარია, უდიდესი სიამოვნება და ბედნიერებაა მათთან ერთად შრომა, მათი აზრების მოსმენა და მათი წარმატებებით ტკბობა. სწორედ ამიტომ ჩემი პროფესია - მასწავლებლობა ჩემთვის ყველაფერია და მსურს კიდევ მრავალი წელი თავდაუზოგავად ვიყო ჩართული ამ პროცესებში და ქვეყნის აღმშენებლობაში მეც დავდო ჩემი წილი „აგური“.

იხ.ლინკი:https://spark.adobe.com/page/0O2SyxW22lPck/?fbclid=IwAR3LvHaCgfKOYDAsu2nFpse261tiZzSwvqC4VJkl2AA8YynksfTc6fv1x2Y

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა