საქართველოს  პედაგოგთა და მეცნიერთა  თავისუფალი პროფკავშირი

პედაგოგს შეუძლია კვალიფიკაციის ამაღლებისთვის მოითხოვოს შვებულება?

დიახ, პედაგოგს შეუძლია აიმაღლოს კვალიფიკაცია, რისთვისაც 6 წელიწადში ერთხელ უფლებამოსილია მოითხოვოს ანაზღაურების გარეშე შვებულება 1 წლამდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით.

დასაშვებია თუ არა საჯარო სკოლაში დისციპლინური კომიტეტის წევრებს შორის ნათესაური კავშირი?

საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს, დისციპლინური კომიტეტის და სააპელაციო კომიტეტის წევრები არ შეიძლება იყვნენ ერთმანეთის ახლო ნათესავები. გამონაკლისის დაშვება შეიძლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, მცირეკონტინგენტიან სკოლებში.

სავალდებულოა თუ არა, რომ პედაგოგი საგაკვეთილო საათების დასრულების შემდგომ იმყოფებოდეს სკოლაში?

მასწავლებლისათვის თანამდებობრივი სარგოს მიცემა სამუშაო საათების მიხედვით არ ნიშნავს, რომ იგი საგაკვეთილო საათების, სასკოლო დოკუმენტაციის წარმოებისა და მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობისათვის საჭირო დროის გარდა აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს სკოლაში. მასწავლებელს უფლება აქვს, მისი სამუშაოს ნაწილი - პროფესიულ განვითარებაზე მუშაობა, გაკვეთილებისათვის მომზადება და სხვა, შეასრულოს სკოლის გარეთ. თუ სკოლის დირექცია თვლის, რომ მასწავლებელი ვერ აღწევს სასურველ შედეგებს სწავლებისას, უფლებამოსილია მასწავლებელს მოსთხოვოს სამუშაო კვირისათვის გათვალისწინებული საათების ფარგლებში სკოლაში მუშაობა, სწავლების შედეგების გაუმჯობესებამდე.

მაქსიმუმ რამდენი საათის ჩატარების უფლება შეიძლება ჰქონდეს დირექტორს?

სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული პირებისა (გარდა მასწავლებლისა და საინფორმაციო მენეჯერისა) და სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეების სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 10 საგაკვეთილო საათს.

როგორ გამოითვლება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების ოდენობა?

დასაქმებულისათვის გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება.

თუ შრომითი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ოდენობა, ამ შემთხვევაში დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.

გამომუშავებაზე დამოკიდებული შრომის ანაზღაურების შემთხვევაში დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება. თუ დასაქმებულს არ გააჩნია მოცემულ დამსაქმებელთან სამი თვის მუშაობის სტაჟი, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გამოითვლება მოცემულ დამსაქმებელთან შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის დასაქმებულისათვის გადახდილი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებიდან.

ვარ პედაგოგი დროებითი შრომისუუნარობის გამო სამსახურში ვერ დავდივარ, მაქსიმუმ რამდენი ხნით შეიძლება ბიულეტინზე ყოფნა ?

თუ სკოლასა და მასწავლებელს შორის დადებული კონკრეტული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული, სკოლასა და მასწავლებელს შორის შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ხანგრძლივი შრომისუუნარობისას, თუ მასწავლებლის შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში აჭარბებს 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, მასწავლებელს გამოყენებული აქვს როგორც ანაზღაურებადი, ასევე ანაზღაურების გარეშე შვებულება.

რა შემთხვევაში შეიძლება არ ანაზღაურდეს შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო?

იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდება, თუ საავადმყოფო ფურცლის დახურვის, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 6 თვე.

შესაძლებელია პედაგოგთან დაიდოს გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულება?

დიახ, დასაშვებია. შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით,დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით. გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია. ამ ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

მასწავლებლად ვმუშაობ 9 თვა, მაქვს თუ არა უფლება გავიდე ანაზღაურებად შვებულებაში?

მოგახსენებთ, რომ დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ მაგრამ დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.

დასაშვებია თუ არა პედაგოგთან 1 წელზე ნაკლები ვადით შრომითი ხელშეკრულების დადება?

შრომითი ხელშეკრულება 1 წელზე ნაკლები ვადით შეიძლება დაიდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო;

შესასრულებელია სეზონური სამუშაო;

სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება;

ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე სროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება;

არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომმელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას;

მასწავლებლის სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ არ არსებობს ზემოხსენებული ჩამონათვალიდან ერთ-ერთი გარემოება დაუშვებელია 1 წელზე ნაკლები ვადით პედაგოგთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.

1994 წელს ჩავირიცხე და 1998 წელს დავამთავრე უნივერსიტეტი პედაგოგიური განხრით, მაინტერესებს ჩემი ხელფასის გამოანგარიშება ბაკალავრის შესაბამისად უნდა მოხდეს თუ მაგისტრის?

2000 წლის ჩათვლით მიღებული 4 - წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლების მქონე მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება საქართველოს რიგ საჯარო სკოლებში მიმდინარეობდა მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული კოეფიციენტის მიხედვით, ხოლო ზოგიერთ საჯარო სკოლაში ბაკალავრის ხარისხის კოეფიციენტის მიხედვით.

აღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით სპმთპ - მა მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

2016 წლის 8 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავას გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების” შესახებ 126/ნ ბრძანებაში, რომლის მიხედვითაც მაგისტრთან გათანაბრებულად ითვლება, 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4 - წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება. აქედან გამომდინარე, თქვენი ხელფასის დაანგარიშება უნდა მოხდეს მაგისტრის ხარისხის შესაბამისად.

გარდა ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა, ითვალისწინებს თუ არა საქართველოს კანონმდებლობა სხვა სახის შვებულებას მცირეწლოვანი ბავშვის დედებისთვის?

დასაქმებულს თავისივე თხოვნით, უწყვეტად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ბავშვის მოვლის გამო – 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი.

მაქსიმუმ რამდენი ხნით შეიძლება დაიდოს გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულება და რამდენჯერ?

შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით, არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით. გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია. ამ ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

შესაძლებელია პიროვნება შეთავსებით მუშაობდეს სხვა სამსახურშიც?

შრომითი ხელშეკრულება შეთავსებით სამუშაოზე შეიძლება დაიდოს პირთან, რომელსაც ძირითადი სამუშაოდან თავისუფალ დროს შეუძლია სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება, გარდა კანონით განსაზღვრული სხვა შემთხვევებისა.

შრომითი ხელშეკრულების დადება წერილობითი ფორმით ყველა დასაქმებულთან აუცილებლად უნდა დაიდოს? თუ შესაძლებელია ზეპირი ხელშეკრულების დადებაც?

შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.