32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის მიერ გაწეული სამუშაოს
ანგარიში


საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურიდიული დეპარტამენტი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს რგოლს ორგანიზაციის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის.

სასამართლო პროცესები,  სკოლებისა და ბაგა-ბაღების დირექტორებთან მოლაპარაკებების გამართვა, შემოსულ განცხადებებზე რეაგირება, სამართლებრივი კონსულტაციების გაცემა, როგორც ტელეფონით, ისე პირად შეხვედრებზე ოფისში.

1)      გასული 2013 წლის 30 დეკემბერს  ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  დაკმაყოფილდა უკანონოდ გათავისუფლებული ქუთაისელი პედაგოგების სარჩელი - ორი მათგანი აღდგა სამსახურში, ხოლო სამი პედაგოგის სასარგებლოდ სკოლას დაეკისრა 15.238 ლარის ანაზღაურება. აღნიშნულ პროცესზე მოსარჩელეთა ინტერესებს იცავდა სპმთპ-ის იურისტი, გრიგოლ ბაკურაძე.

2)      2012 წლის ნოემბერში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს მომართა  ჭიათურის ბაგა-ბაღის ფსიქოლოგ-აღმზრდელმა ქალბატონმა როზა ბაქრაძემ, კუთვნილი პენსიის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის მიზნით. სპმთპ-მ მოამზადა საჩივარი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სახელზე, თუმცა ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.  2013 წლის მარტში სპმთპ-ს იურიდიულმა დეპარტამენტმა მოამზადა სარჩელი სასამართლოში შესატანად და მოითხოვა ქალბატონი როზა ბაქრაძისთვის კუთვნილი პენსიის მიცემა, რაც ჯამში შეადგენდა 1100 ლარს.პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა როზა ბაქრაძის მოთხოვნა, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება. 2013 წლის 24 სექტემბერს გამართულ პროცესზე, სადაც როზა ბაქრაძის ინტერესებს კვლავ იცავდა სპმთპ-ის იურისტი, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და სოციალური მომსახურების სააგენტოს დააკისრა როზა ბაქრაძის სასარგებლოდ 1100 ლარის გადახდა, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი შეღავათია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მყოფი პედაგოგისთვის.

3)      მხარეთა მორიგებით დასრულდა საქმე ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც განიხილებოდა 175-ე საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის - გივი ყაჯრიშვილის საქმე.

4)      2013 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 2014 წელს უნდა დასრულდეს სხვა პედაგოგების ინტერესების დაცვის მიზნით წამოწყებული სასამართლო დავები:   მზია თამაზაშვილის - ქ. რუსთავის მე-16 საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი, ეკა შავერდაშვილის - ქ. თბილისის 161-ე საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი, ლიანა ბუთხუზის - სოფ. არხილოსკალოს საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი, ნათელა სვანიძის - სოფ. ჭაპალის საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი, მეგი ჯინჭველაძისადა მაია ბრეგვაძის (სასერტიფიკაციო გამოხდაზე გამსვლელი  ქულების დაკლება) სარჩელები.

5)      წარმატებით გადაწყდა ქ. თბილისის 24-ე საჯარო სკოლის პედაგოგის, ეკატერინე ჩინჩალაძის საკითხი. სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის იურისტმა მოამზადა სარჩელი სამედიცინო მედიაციის სამსახურის სახელზე, რომლის შეტანის შემდეგაც, ეკატერინე ჩინჩალაძის მოთხოვნები, მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა სადაზღვევო კომპანიის მიერ.

6)       ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე, მკურნალობისა და წამლების შეძენის თანხა გამოუყო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ქ. თბილისის 199-ე საჯარო სკოლის პედაგოგს ქეთევან ბუხრაშვილს და სოფელ დიმის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარს ირმა ჩარკვიანს.

7)      არანაკლებ წარმატებული იყო საჯარო სკოლების დირექტორებთან გამართული მოლაპარაკებები, პედაგოგების უფლებების დაცვის მიზნით.  აღსანიშნავია, ქ. თბილისის 117-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებული შემთხვევა, როდესაც 24 პედაგოგს დაემუქრა სამსახურის დაკარგვის რეალური საფრთხე.სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელსა და სკოლის დირექტორს შორის  კონსტრუქციული დიალოგის შედეგად საკითხი პედაგოგების სასარგებლოდ გადაწყდა .

8)      სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის აქტიური ჩარევით და მონაწილეობით მოგვარდა ქ. თბილისის 162-ე საჯარო სკოლის პედკოლექტივის პრობლემაც. აღნიშნული სკოლის პედაგოგების მნიშვნელოვანი ნაწილი განიცდიდა სერიოზულ დევნა-შევიწროებას დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან, თუმცა სპმთპ-ს ეფექტური ჩარევის შემდეგ დირექტორი იძულებული გახდა, უკან დაეხია. ასეთი შედეგის მისაღწევად სპმთპ-ს იურიდიულმა დეპარტამენტმა განახორციელა ისეთი მოქმედებები, როგორიცაა ოფიციალური წერილების მომზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და შიდა აუდიტის სახელზე, შეხვედრები რესურსცენტრის წარმომადგენელთან, თავად სკოლის დირექტორთან და პედაგოგებთან, აგრეთვე, სამეურვეო საბჭოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე დასწრება/ზედამხედველობა.

9)      2013-2014 სასწავლო წლის დასაწყისში, დირექტორის კანონდარღვევით ჩარევის შედეგად საათების გარეშე დარჩა დედოფლისწყაროს რაიონის №1 საჯარო სკოლის 3 პედაგოგი. სპმთპ-ის იურისტი გამოცხადდა ზემოაღნიშნულ სკოლაში. იურისტსა და დირექტორს შორის დაძაბული, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად სამივე მასწავლებელი დაკმაყოფილდა საათებით.

10)  პედაგოგების უფლებების დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სკოლებში ჩატარებული საქმიანობა. ქ. თბილისის 37-ე საჯარო სკოლიდან  შემოვიდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დირექტორებმა არ აანაზღაურეს სახელფასო  დანამატი  უქმე დღეებში. ამ ინფორმაციაზე მოხდა დაუყოვნებლივი რეაგირება და სიტუაციის გასარკვევად სპმთპ-ს იურისტი შეხვდა სკოლის დირექტორებსა და იურისტებს, რომლებსაც ადგილზე განემარტათ, რომ მათი ქმედება ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონს. იურისტები თავს იმართლებდნენ და აცხადებდნენ, რომ განათლების სამინისტროდან მიიღეს კონსულტაცია.  სპმთპ-ს იურიდიულმა დეპარტამენტმა მოამზადა წერილი მინისტრის სახელზე, რათა გადაგვემოწმებინა იყო თუ არა დირექტივა განათლების სამინისტროდან. პასუხად მივიღეთ მინისტრის მოადგილის წერილი, საიდანაც სამინისტრომაც დაგვიდასტურა, რომ პედაგოგების მოთხოვნა იყო სამართლიანი. პედაგოგებს აუნაზღაურდათ უსამართლოდ დაკლებული თანხა.

11)  სპმთპ-ს იურიდიული დეპარტამენტის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს სატელეფონო კონსულტაციების გაცემა. უამრავი ზარი შემოდის და პედაგოგები ითხოვენ კონსულტაციას სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებით. აგრეთვე შეკითხვები შემოდის ორგანიზაციის ფეისბუქზე და მათ კომპეტენტურ პასუხებს აძლევენ სპმთპ-ის იურისტები.

12)  სპმთპ-ს იურიდიულმა დეპარტამენტმა მოამზადა სკოლასა და პედაგოგს შორის გასაფორმებელი უვადო ხელშეკრულების ნიმუში, ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, რომელიც დაურიგდა სკოლებს. ამ და სხვა აქტივობებმა გამოიღო შესაბამისი შედეგი და 1 წლიანი ხელშეკრულებების ნაცვლად, მრავალ სკოლაში გაფორმდა უვადო შრომითი ხელშეკრულებები.