32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com




საქართველოს ”შრომის კოდექსში” განხორციელებული ცვლილებები 12.06.2013

Ø  საქართველოს შრომის კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა არსებითად გააუმჯობესა დასაქმებულის მდგომარეობა მისი შრომითი უფლებების დაცვის კუთხით.

ცვლილებების თანახმად,

o   დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვროს შრომის კოდექსისაგან განსხვავებული პირობები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას.

შრომითი კოდექსის მნიშვნელოვან მონაპოვარს წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების სუბიექტებთან დაკავშირებული ცვლილება, კერძოდ შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი ან დამსაქმებელთა გაერთიანება და დასაქმებული ან დასაქმებულთა გაერთიანება, რომელიც შექმნილია ”პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #87 და #98 კონვენციებით გათვალისწინებული მიზნებითა და წესით.



Ø  მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დასაქმებულის მდგომარეობას შრომითი ხელშეკრულების ვადასთან დაკავშირებული ცვლილება,

o   კერძოდ შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

ü  შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო;

ü  შესასრულებელია სეზონური სამუშაო;

ü  სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება;

ü  ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება;

ü  არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.





თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება.

შრომითი ხელშეკრულება უვადოდ ჩაითვლება, თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში.





v  ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე დასაქმებულთან, რომლის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, უვადო შრომითი ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების (12.06.2013)  ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ, ხოლო თუ ასეთივე დასაქმებულის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში, მასთან უვადო შრომითი ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება შრომის კოდექსში განხორციელებული  ცვლილებების (12.06.2013) ამოქმედებიდან 2 წლის შემდეგ.



Ø  შრომის კოდექსში 2013 წლის 12 ივნისს განხორციელებულ ცვლილებებამდე დამსაქმებელს ყოველგვარი დასაბუთებისა და ახსნა-განმარტების გარეშე შეეძლო დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, რაც ხშირ შემთხვევაში დამსაქმებლის თვითნებური ქმედებისა და დასაქმებულის სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლების მიზეზი ხდებოდა.



დღეს არსებული მდგომარეობით მას შემდეგ, რაც დამსაქმებელი დასაქმებულს შეატყობინებს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ამ შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში დასაქმებულს უფლება აქვს გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.





Ø  შრომის კოდექსში ასახულმა ცვლილებებმა დეტალურად დაარეგულირა კოლექტიური მოლაპარაკებებისა და კოლექტიური ხელშეკრულებების დადების წესი და პირობები.

აკრძალულია დასაქმებულის ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია დასაქმებულთა გაერთიანებაში მისი წევრობის გამო ან ასეთი გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის გამო ან/და სხვა ქმედება, რომლის მიზანია:

ü  დასაქმებულის სამუშაოზე მიღება ან მისთვის სამუშაოს შენარჩუნება დასაქმებულთა გაერთიანებაში გაწევრიანებაზე უარის თქმის ან ასეთი გაერთიანებიდან გამოსვლის სანაცვლოდ;

ü  დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ან მისი სხვაგვარად შევიწროება დასაქმებულთა გაერთიანების წევრობის ან ასეთი გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის გამო.





კოლექტიური ხელშეკრულება იდება მხარეების მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, დაუშვებელია ხელშეკრულების დადების პროცესში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩარევა. ამგვარი ჩარევით დადებული კოლექტიური ხელშეკრულება ბათილია. ამასთან მხარეები ვალდებულები არიან კოლექტიური მოლაპარაკებები აწარმოონ კეთილსინდისიერად. კოლექტიური ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით, მისი დადების ან შეწყვეტის, მისი პირობების შეცვლის ან დასაქმებულთა უფლებების დაცვის მიზნით დასაქმებულთა გაერთიანება მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით.



შრომის კოდექსში განისაზღვრა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შექმნის წესი, შემადგენლობა, მისი საქმიანობის ძირითადი პრინციპები, ფუნქციები და უფლებამოსილება.



სამმხრივ კომისიას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სამმხრივი კომისიის მხარეები არიან საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედი დამსაქმებელთა გაერთიანებები და დასაქმებულთა გაერთიანებები. თითოეულ მხარეს კომისიაში ჰყავს 6 წევრი.













სამმხრივი კომისიის ფუნქციებია:

 
   






ü  ქვეყანაში სოციალური პარტნიორობის განვითარების, აგრეთვე დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და საქართველოს მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა ყველა დონეზე;

ü  შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებში სხვადასხვა საკითხზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.





Ø  2014 წლის 1-ლი იანვრიდან იცვლება დასაქმებულის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების კალენდარულ დღეთა რაოდენობა და მისი ანაზღაურების ოდენობა.

კერძოდ, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე მიეცემა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით. აღნიშნული შვებულებიდან ანაზღაურდება 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში ანაზღაურდება 200 კალენდარული დღე.

Ø  ამასთანავე, იცვლება დასაქმებულის მიერ ერთ წლამდე ასაკის ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში შვებულების კალენდარულ დღეთა რაოდენობა და მისი ანაზღაურების ოდენობა.



კერძოდ, დასაქმებულის მიერ ერთ წლამდე ასაკის ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში მას მიეცემა შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით, რომლიდანაც ანაზღაურდება 90 კალენდარული დღე.



Ø  2014 წლის 1-ლი იანვრიდან ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა იქნება არაუმეტეს 1000 ლარისა.



















საქართველოს კანონი ”ზოგადი განათლების შესახებ”

v  მასწავლებელს უფლება აქვს პირადად ან არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს სკოლის მართვაში;

v  მასწავლებელს უფლება აქვს მიიღოს სკოლაში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციისა;

v  მასწავლებელს უფლება აქვს მოითხოვოს და მონაწილეობა მიიღოს სკოლის მიერ მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით;

v  მასწავლებელს უფლება აქვს თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივროს მასწავლებლისა და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღოს მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება;

v  მასწავლებელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოიძიოს, მიიღოს, შექმნას, შეინახოს, დაამუშაოს ან გაავრცელოს ნებისმიერი ინფორმაცია და იდეები, აგრეთვე გამოიყენოს სკოლის რესურსები ინფორმაციისა და იდეების მოსაძიებლად, მისაღებად, შესაქმნელად, შესანახად, დასამუშავებლად ან გასავრცელებლად;

v  მასწავლებლებს აქვთ წინასწარი შეტყობინების საფუძველზე სკოლის ტერიტორიაზე კანონით დადგენილი წესით შეკრების თავისუფლება;

v  მასწავლებლებს აქვთ კანონით დადგენილი წესით გაერთიანების თავისუფლება;

v  მასწავლებლის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. მას არ შეიძლება მოეთხოვოს, გაამჟღავნოს ინფორმაცია თავის პირად ცხოვრებაზე;

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელს უფლება აქვს:



ü  მოსთხოვოს დაწესებულებას მუშაობისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;

ü  მიიღოს შრომის ანაზღაურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმატივების მიხედვით;

ü  აიმაღლოს კვალიფიკაცია, რისთვისაც 6 წელიწადში ერთხელ უფლებამოსილია მოითხოვოს ანაზღაურების გარეშე შვებულება 1 წლამდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით.







ზემოთ ჩამოთვლილი უფლებების გარდა, მასწავლებელს შეუძლია ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

საქართველოს კანონი ”ზოგადი განათლების შესახებ” იცავს მასწავლებელს დისკრიმინაციისგან, კერძოდ:

დაუშვებელია სკოლის მიერ საკუთარი უფლებამოსილებისა და რესურსების იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად გამოიწვიოს მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების რაიმე დისკრიმინაცია.



საქართველოს კანონი ”ზოგადი განათლების შესახებ” ითვალისწინებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვალდებულებას ითანამშრომლოს პროფესიულ კავშირებთან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დაადგინოს საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები, დაამტკიცოს სკოლების მიერ მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების პირობები მხოლოდ პროფესიული კავშირების მონაწილეობით. გარდა აღნიშნულისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიულ კავშირებთან თანამშრომლობით გეგმავს ღონისძიებებს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად.