სპმთპ-ის დახმარებით: სასამართლომ მასწავლებლის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და სკოლას კომპენსაცია დააკისრა!
მასწავლებელ მარიამ ზედელაშვილსა და 151-ე საჯარო სკოლას შორის ორწლიანი სასამართლო დავა მასწავლებლის გამარჯვებით დასრულდა. მისი ინტერესებს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქოსაშვილი იცავდა.
სასამართლომ უკანონოდ ცნო გათავისუფლების ბრძანება და სკოლას იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
საქმე 2022 წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც 151-ე სკოლის დირექტორმა მასწავლებელი, დისციპლინური სახდელების დადების შემდეგ, სამსახურიდან გაათავისუფლა. მარიამ ზედელაშვილმა სამართლებრივი ბრძოლა გადაწყვიტა. პროცესი 2023 წელს დაიწყო. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა სკოლის არგუმენტები და სარწმუნოდ მიიჩნია მოსარჩელე მხარის მტკიცებულებები. ამასთან, პროცესის პარალელურად გამართულ მედიაციის შეხვედრებზე სკოლამ კატეგორიული უარი განაცხადა მორიგებაზე, რადგან საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული იყო.
სკოლამ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა პროცესის დაწყებიდან მალევე, როცა აშკარა გახდა, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვლებოდა, სკოლის წარმომადგენელმა სარჩელი უკან გაიხმო. ამ ფაქტით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა.
გიორგი ქოსაშვილის თქმით: "ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ სასამართლოს გზით, სპმთპ-ის მხრიდან, შესაძლებელია მასწავლებლის უფლებების ეფექტიანი დაცვა. სასამართლომ დაადასტურა, რომ მასწავლებლის გათავისუფლების ბრძანება უკანონო იყო, რაც საფუძველს ქმნის მომავალში მსგავსი დარღვევების პრევენციისთვის".
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სკოლა მარიამ ზედელაშვილს გადაუხდის როგორც კომპენსაციას, ასევე აუნაზღაურებს იძულებით განაცდურს. სპმთპ მადლობას უხდის მოსამართლეს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის.
სპმთპ-ის საქმიანობის ერთ - ერთი მთავარი მიმართულებაა სასამართლოებში დასაქმებულთა ინტერესების დაცვა. სპმთპ-ს ბოლო 4 წელიწადში მოგებული აქვს 32 სასამართლო დავა. სასამართლო დავის მასწავლებლის სასარგებლო გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, სპმთპ-ის როლსა და მნიშვნელობას დასაქმებულთა უფლებების დაცვის მიმართულებით.