მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 5 უკანონოდ დასაქმებულის სასამართლო დავა დასრულდა წარმატებით და 2014-2023 წლებში 65 დასაქმებული აღვადგინეთ სასამართლოს სამივე ინსტანციის გადაწყვეტილებით. ვერცერთ შემთხვევაში, ვერ დამისახელებს ვინმე, რომ პროფკავშირი დაინტერესდა რომელ პოლიტიკურ გაერთიანებას უჭერს მხარს კანონდამრღვევი დამსაქმებელი ან უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებული.
პედაგოგთა პროფკავშირისთვის კატეგორიულად მიუღებელია გათავისუფლება, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით, განურჩევლად იმისა, რომელი პოლიტიკური პარტიის აქტივისტი, თუ მხარდამჭერია უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომელი.
რაც შეეხება წალენჯიხის საბავშვო ბაღების აღმზრდელთა უკანონოდ გათავისუფლებულ 19 თანაშემწეს, სასამართლომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება და მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადების დროს დაასახელა კანონის მოთხოვნების და დასაქმებულთა კანონიერი ინტერესების შელახვა. ამ ჩამონათვალში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია მოსამართლეს არ უხსენებია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას მოვუწოდებთ, ნაცვლად დემაგოგიისა და დეზინფორმაციების გავრცელებისა, დაელოდოს სასამართლოს განჩინებას, სადაც უკანონო გათავისუფლების საფუძვლები იქნება განმარტებული.
