2024 წლის 8 ივნისს, სპმთპ-ის ხაშურის რაიონულმა ორგანიზაციამ მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც ქ. ხაშურის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა. მასწავლებელთა ეროვნული კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ხაშურის, ქარელის, ხარაგაულის და ბორჯომის რაიონების საჯარო სკოლების სპმთპ-ის წევრ 200-მდე წამყვანმა და მენტორმა მასწავლებელმა.
კონფერენცია გახსნა სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ინეზა ელისაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა მასპინძელი სკოლის დირექტორს მორის დანდურაშვილს და სკოლის კოლექტივს მასწავლებელთა ეროვნული კონფერენციის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისა და ხელშეწყობისთვის.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე. მან სიღრმისეულად განიხილა სპმთპ-ის საქმიანობა და შედეგები, ორივე მიმართულებით: შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების/კარიერული წინსვლისათვის. მაია კობახიძემ ისაუბრა განათლების სამინისტროს კომისიებში პროფკავშირის ჩართულობის მნიშვნელობაზე და მიმდინარე პროექტების განხილვის პროცესში სპმთპ-ის წინადადებებზე.
ეროვნული კონფერენციის პირველი ნაწილში სპმთპ-ის პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის ექსპერტმა როლანდ ხოჯანაშვილმა კოლეგებს პროფესიულ ვალდებულებებსა და სწავლა-სწავლების პროცესებში საჭირო აქტივობებზე პროფკავშირის ხელშეწყობით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. მან სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების, მოსწავლეზე ორიენტირებული საქმიანობის პროცესში მასწავლებელთა ვალდებულებები განმარტა.
კონფერენციის მონაწილეებს მიმართეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნინო ლიპარტელიანმა. მათ ხაზი გაუსვეს პედაგოგის პროფესიის როლს და მნიშვნელოვნებას მომავალი თაობის აღზრდა-განათლების საქმეში.
ეროვნული კონფერენციის მუშაობაში საპატიო სტუმრების სტატუსით მონაწილეობა მიიღეს: ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზვიად გოგუაძემ; ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა აბაზაძემ; ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლებმა; ბორჯომის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა იზოლდა ლომიძემ, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტის უფროსმა სპეციალისტმა თინათინ ბოჭორიშვილმა.
8 ივნისის ეროვნულ კონფერენციაზე მომხსენებლები ხუთ სესიად გადანაწილდნენ. საუკეთესო პრაქტიკის პრეზენტაციები წარადგინა 4 რაიონის 55 -მა წამყვანმა და მენტორმა მასწავლებელმა.
სამუშაო სესიების დასრულების შემდეგ, კონფერენციის მონაწილეებმა, მომხსენებლებმა და სტუმრებმა ერთად შეაჯამეს სამსაათნახევრიანი სასესიო სამუშაოები. მასწავლებლებმა მადლიერება გამოხატეს სპმთპ-ის მიმართ, პროფესიული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობისათვის, ნაყოფიერი და საინტერესო კონფერენციის ორგანიზებისთვის.
ხაშურის რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა აბაზაძემ განსაკუთრებით აღნიშნა მასწავლებლების მზაობა პროფესიული ზრდისათვის. მან მადლობა გადაუხადა კონფერენციის თითოეულ მონაწილეს, ორგანიზატორს, ინიციატორს და სიამაყით აღნიშნა, რომ მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა ოთხი რაიონის მასწავლებლების საინტერესო და მაღალკვალიფიციურ პრაქტიკულ საქმიანობას.
კონფერენციაზე განსაკუთრებით საინტერესო იყო მოსწავლის თვალით დანახული პრაქტიკული საქმიანობა. მასწავლებელთა პრეზენტაციებზე ისაუბრა სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ს. ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ ჩაჩანიძემ. მან მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს ნაყოფიერი სამუშაოებისთვის. მარიამ ჩაჩანიძემ აღიშნა, რომ ემზადება გახდეს მასწავლებელი, შესაბამისად მისთვის განსაკუთრებული დღე იყო.
სპმთპ მადლობას უხდის სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ინეზა ელისაშვილს, ხარაგაულის რ/ო თავმჯდომარეს ლალი სებისკვერაძეს, ბორჯომის რ/ო ის თავმჯდომარეს მანანა ღარიშვილისა და ქარელის რ/ო თავმჯდომარეს თამილა შავდათუაშვილთან წარმატებულად ორგანიზებული ეროვნული კონფერენციის ჩატარებისთვის.
ეროვნულ კონფერენციას ესწრებიან სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი, სპმთპ-ის ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ეკატერინე ჭელიძე და სპმთპ-ის ცენტრალური ოფისის წარმომადგენელი ქეთევან ვადაჭკორია.
დასკვნით ნაწილში, ეროვნული კონფერენციის მომხსენებლებს მაია კობახიძემ ეროვნულ კონფერენციაში მონაწილეობის სერტიფიკატი - ,,წარმატებული პრაქტიკის გაზიარება” გადასცა.