32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
„ვეცადო ჩემში დაინახონ ლიდერი, მენდონ და ჩემი სჯეროდეთ! - ეს მთავარია ჩემს სამოქმედო გეგმაში“ - განაცხადა სპმთპ-ის დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა მაია ადუაშვილმა 8 მაისს გამართულ საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე, რომელშიც 44 დელეგატთან ერთად, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, სპმთპ-ის ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი მელანია დარახველიძე, სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის იურისტი მეგი საკანდელიძე, სპმთპ-ის ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუნუ მეტრეველი, დმანისის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ოქრიაშვილი და საჯარო სკოლების დირექტორები მონაწილეობდნენ. მაია ადუაშვილი სპმთპ-ის დმანისის რაიონულ ორგანიზაციას 2015 წლიდან ხელმძღვანელობს. შესაბამისად, მან დელეგატებს და სტუმრებს ორგანიზაციის საქმიანობის 2-წლიანი ანგარიში წარუდგინა. „2015 წელს ორგანიზაციაში 33-მდე წევრი იყო გაერთიანებული, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ახალი წევრების მოზიდვა. ამ მიმართულებით გაწეულმა შრომამ თავისი შედეგი გამოიღო, დღეს დმანისის რაიონულ ორგანიზაციას 500-მდე წევრი ჰყავს. ჩვენი რაიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების უკლებლივ ყველა დასაქმებული ჩვენი წევრია, საერთო ჯამში დმანისის რაიონის საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა 80% არის ორგანიზაციის წევრი“ - აღნიშნა მაია ადუაშვილმა თავის გამოსვლაში. მან დეტალურად ისაუბრა იმ საგანმანათლებლო, შემეცნებით, კულტურულ, რეკრეაციულ ღონისძიებებზე, რომლებიც საანგარიშო პერიოდში მრავლად განახორციელა სპმთპ-ის დმანისის რაიონულმა ორგანიზაციამ. - ორგანიზაციის საქმიანობის წარმართვა ნებაყოფლობითობის, დამოუკიდებლობის, დემოკრატიის, სოლიდარობის, სამართლიანობის, თანასწორუფლებიანობის და საჯაროობის პრინციპით; - წევრებისთვის იურიდიული, მეთოდური კონსულტაციები; - პედაგოგთა დახმარება სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის; - ახალი წევრების მოზიდვა, ახალგაზრდა წევრების აქტიური ჩართვა პროფკავშირის საქმიანობაში, გაქარწყლება მითისა - „რას გვიკეთებს პროფკავშირი“; - მრავალშვილიან წევრებზე ზრუნვა; - წევრების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა; - აზერბაიჯანულენოვან სკოლებში ქართული ენის დაძლევის მიზნით, დამატებითი სასწავლო პროგრამების განხორციელება; - კულტურული, გამაჯანსაღებელ-ტურისტული ღონისძიებებისა და სპორტული შეჯიბრებების ორგანიზება... ეს სპმთპ-ის დმანისის რაიონული ორგანიზაციის სამოქმედო პროგრამის მთავარი პრიორიტეტებია, რომლის განხორციელებასაც მაია ადუაშვილი ორგანიზაციის ერთგულ და აქტიურ წევრებთან ერთად მომდევნო 4 წლის განმავლობაში გეგმავს. გამომსვლელებმა სპმთპ-ის პრეზიდენტისა და დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის წინაშე სხვადასხვა პრობლემური საკითხი დააყენეს, მათ შორის : საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა ხელფასები, მთის კანონთან დაკავშირებული საკითხები, პენსიონერი პედაგოგების საკითხი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დადებითი და უარყოფითი მხარეები, საბავშვო ბაღების რეფორმა. სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, მადლობა გადაუხადა დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს და თითოეულ წევრს ორგანიზაციის საქმიანობაში აქტიური ჩართულობისთვის, ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის, ისაუბრა გამომსვლელბის მიერ წამოჭრილ პრობლემურ საკითხებზე. მან ასევე დამსწრე საზოგადოებას სპმთპ-ის ბოლო წლების ანგარიში წარუდგინა, ორგანიზაციის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ დიდი იმედი აქვს დმანისის რაიონის ორგანიზაციის წევრები კვლავ აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციის გაძლიერების საქმეში, კვლავ ერთგულები იქნებიან პროფკავშირული იდეებისადმი და გულწრფელები პროფკავშირის ღირებულებების მიმართ. კონფერენციის დასასრულს, სპმთპ-ის დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მადლობის სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით 5 ღვაწლმოსილი პედაგოგი და 5 აქტიური პროფკავშირელი დააჯილდოვა.