32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მუდმივად ზრუნავს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა კარიერული ზრდისთვის და სისტემატურად ატარებს ტრენინგებს მათთვის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით. ამის ერთ-ერთი მაგალითია ტრენინგების ციკლი -„სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვთა ინკლუზია“, რომელსაც სპმთპ-ის “საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის” ტრენერი, ანასტასია ამისულაშვილი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ რეგიონში წარმატებით უძღვება.

ზოგადად, ტრენინგის მიზანია დაეხმაროს პედაგოგებს და სპეც-პედაგოგებს ინკლუზიური განათლების პრინციპების განსაზღვრაში, თუ როგორ აღზარდონ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები კეთილგანწყობილ გარემოში. ასევე, ეხმარება მათ, ირწმუნონ ბავშვის შესაძლებლობები, უფრო ფაქიზად მიუდგნენ მათ, გულისყურით მოეკიდონ და ჩასწვდნენ მათ უნიკალობას, სურვილებსა და საჭიროებებს.

მიმდინარე წლის 18 თებერვალს, ქარელის #2 საჯარო სკოლაში, სპმთპ-ის ქარელის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, თამილა შავდათუაშვილის ორგანიზებით, ქარელის საჯარო სკოლების 40-მდე პედაგოგსა და სპეც-პედაგოგს ჩაუტარდათ ტრენინგი -„სკოლის ასაკის ბავშვთა ინკლუზია“.

ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა სასწავლო პროცესის წარმართვაზე, ინკლუზიური განათლების საჭიროების ბავშვებთან სამუშაო ინდივიდუალურ გეგმაზე, ასევე პრაქტიკაში განსახორციელებელ აქტივობებზე.

მონაწილეებმა დიდი მადლობა გადაუხადეს ტრენერს, ანასტასია ამისულაშვილს, სპმთპ-ის ქარელის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, თამილა შავდათუაშვილს ტრენინგისთვის, „რომელმაც მათ მოლოდინს გადააჭარბა“.

მონაწილეებს შორის იყვნენ სპმთპ-ის არაწევრი პედაგოგებიც, რომლებმაც გაწევრიანებისთვის მზაობა ტრენინგის დასრულებისთანავე აღნიშნეს და ამის ერთ-ერთ მიზეზად საინტერესო, აქტუალური და ნაყოფიერი ტრენინგი დაასახელეს.

„დღევანდელი ტრენინგისგან ნამდვილად ბევრს მოველოდით და გვიხარია რომ ჩვენი მოლოდინი გამართლდა“ - აღნიშნეს მონაწილეებმა.