32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
სპმთპ-ის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი, მაია ესებუა და ამავე დეპარტამენტის კოორდინატორი, ანასტასია ამისულაშვილი მიმდინარე წლის 25 იანვარს, სპმთპ-ის ქარელის რაიონული ორგანიზაციის განვითარება-გაძლიერებისა და წევრთა მოზიდვისა და დამაგრების მიზნით, ქარელის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ.

სპმთპ-ის ქარელის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, თამილა შავდათუაშვილის ორგანიზებით, შეხვედრები გაიმართა ქარელის რაიონის სოფელ ურბნისის, სოფელ კეხიჯვარის, სოფელ ბრეთის და სოფელ ბებნისის საჯარო სკოლებში დასაქმებულებთან.

სპმთპ-ის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი, მაია ესებუა შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა პროფკავშირის მიზანზე, როლზე, ფუნქციებზე, თუ რას აკეთებს პროფკავშირი თავისი წევრების, განათლების სფეროში დასაქმებულების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებების დასაცავად. ასევე, საუბარი შეეხო განათლების სფეროში დასაქმებულთა პროფესიული განვითარებისათვის და მასწავლებელთა პრესტიჟის ამაღლებისთვის განხორციელებულ აქტივობებს.

შეხვედრის მონაწილეებმა გულახდილად ისაუბრეს ყველა იმ პრობლემაზე, რაც მათ აწუხებთ, მადლობა გადაუხადეს სპმთპ-ის წარმომადგენლებს ამ საინტერესო და საჭირო შეხვედრისთვის და ზოგადად ორგანიზაციის საქმიანობისთვის, რომელიც მიმართულია საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა ინტერესების დაცვისკენ. ქარელის რაიონის პედაგოგებმა დიდი სურვილი გამოთქვეს აქტიური მონაწილეობა მიიღონ პროფკავშირის მიერ ჩატარებულ სემინარებსა და ტრენინგებში, რომლებიც ემსახურება მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.

შეხვედრებს სპმთპ-ის ქარელის რაიონული ორგანიზაციის წევრებთან ერთად არაწევრი პედაგოგებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც შეხვედრების დასრულების შემდეგ პროფკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს.