32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

მიმდინარე წლის, 26–29 ოქტომბერს, სპმთპ-ს წყნეთის ბაზაზე, დანიელმა ექსპერტ-ტრენერებმა 4–დღიანი სემინარი ჩაატარეს, თემაზე „სკოლის დემოკრატიული მართვის კულტურა“.
თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტს, ,,განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობებისა და სკოლის დემოკრატიული მართვის უნარების განვითარებას”, საქართველოში დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირი (GL), საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თვისუფალი პროფკავშირთან (სპმთპ) პარტნიორობით ახორციელებს. 18–თვიანი პროექტის მხარდამჭერია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

ტრენინგში დედაქალაქის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორი რაიონის და საქართველოს 13 რაიონის, სულ 21 საჯარო სკოლის 41 მასწავლებელი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ პილოტირების მიზნით, სემინარებს ესწრებოდა ქ. თბილისის 37–ე საჯარო სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენელი, 11-ე კლასის მოსწავლე, გიორგი ფოცხვერაშვილი.

„დემოკრატია დანიაში“; „დემოკრატიული მართვის მექანიზმები დანიურ სკოლებში“; „სკოლების დამოუკიდებლობა დანიაში“; „ვეიჟენისა“ და ,,ფრედერიკსჰავენის“ გიმნაზიების საქმიანობა, როგორც მაგალითი“; ,,საგაკვეთილო პროცესის წარმართვა თავისუფალ გარემოში, მათ შორის სკოლის გარეთ“; „თამაში, როგორც პედაგოგიური მეთოდი“; ,,საგაკვეთილო პროცესში აქტივობის სხვადასხვა ფორმები“; „როგორ ვიმუშოთ მასწავლებელმა და მოსწავლეებმა გუნდურად შეცდომების გასწორებაზე“; „ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით, მოსწავლეთა ჩართულობით, მოსწავლეების ნამუშევრების შეცდომების გასწორება“; ,,მოსწავლეთა შეფასება და უკუკავშირები“ - ეს ის ძირითადი თემებია, რომლებსაც დანიელი ტრენერები ქართველ პედაგოგებთან ერთად განიხილავდნენ.

სემინარის პირველ დღეს, პედაგოგებს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ-ს) პრეზიდენტი მაია კობახიძე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი ეკატერინე ხუციშვილი მიესალმნენ. მათ დანიელ კოლეგებსა და სემინარის მონაწილეებს ეფექტური საქმიანობა უსურვეს.

სპმთპ-ს პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ სემინარის მონაწილეებს დანიის საგანმანათლებლო სისტემა და დანიის სკოლებში ვიზიტის შედეგები გააცნო, ესაუბრა ზოგადად პროექტის და ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სემინარების მნიშვნელობის შესახებ: „დანიის განათლების სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ჩვენი ვიზიტის დროს ვნახეთ დანიის მაღალი საფეხურის სკოლები, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სპმთპ–ს წევრების სახელით, მაია კობახიძემ მადლობა გადაუხადა დანიის უმაღლესი სკოლის მასწავლებელთა პროფკავშირს (GL) ამ პროექტის განხორციელებისათვის, რაც ჩვენს წევრ მასწავლებლებს პროფესიული უნარების განვითარებაში და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაში დაეხმარება.

მაია კობახიძემ სემინარის მონაწილეებს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ოთხი ოთხდღიანი სემინარის თემები გააცნო: ,,სკოლის დემოკრატიული მართვის კულტურა“, ,,სწავლების შეფასების სისტემა და მოსწავლეთა უკუკავშირი“, „ინტერნეტ–კომუნიკაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში“, ,,მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა–სწავლების გარემო, თანამედროვე პედაგოგიური მეთოდებით“. პროექტის მიზანია, სემინარში მონაწილე პედაგოგებმა, ის გამოცდილება, ის სიახლეები, ის უნარ-ჩვევები, რასაც სემინარებიდან მიიღებენ, თავიანთ კოლეგებს გაუზიარონ და სასწავლო პროცესში დანერგონ. სპმთპ–ს პრეზიდენტმა, ასევე, მადლობა გადაუხადა დანიელ ექსპერტ-მასწავლებლებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის განხორციელების ხელშეწყობისათვის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ხუციშვილმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს, მასწავლებელთა საჭიროებებზე მორგებული აქტივობების განხორციელებისთვის და მათი პროფესიული კომპეტენციის ამაღლების მიზნით გაწეული მუშაობისთვის: „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა არის ჩვენი საერთო მიზანი და მის განსახორციელებლად, განსაკუითრებით მნიშვნელოვანია, სწორედ, დემოკრატიული მართვის უნარების განვითარება, რაც არა მხოლოდ სკოლის ადმინისტრაციებს მოეთხოვებათ, არამედ, პირველ რიგში სასურველი და საჭიროა, რომ პედაგოგებმა დანერგონ საგაკვეთილო პროცესში. მოსწავლესა და მასწავლებელს შორის პიროვნული ურთიერთობები, თანამშრომლური დამოკიდებულება გახლავთ ამოსავალი წერტილი იმისთვის, რომ ამაღლდეს მოსწავლის მოტივაცია სასწავლო პროცესში. სამოქალაქო წიგნიერება, ციფრული წიგნიერება, როგორც მოგეხსენებათ ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლ კომპეტენციებად არის აღიარებული და სავალდებულოა ყველა საგნისა და ყველა საგნობრივი სტანდარტის სწავლების მიმართულებით“–განაცხადა ეკატერინე ხუციშვილმა.

ეკატერინე ხუციშვილმა სემინარის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობა უსურვა და ოთხდღიანი სემინარის განმავლობაში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების წარმატებით დანერგვა სასწავლო პროცესში, რათა არ დაიკარგოს დანიელი კოლეგების მიერ გაზიარებული არც ერთი სასარგებლო იდეა.

სემინარის მე–3 დღეს ტრენერებმა გარკვეული დრო სპმთპ-ს პრეზიდენტსაც დაუთმეს. მაია კობახიძემ სემინარის მონაწილეებს დეტალურად განუმარტა საჯარო სკოლის სტრუქტურების – სამეურვეო საბჭოს, დისციპლინური კომიტეტისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის მოქმედი კანონმდებლობით აღიარებული ფუნქცია-ვალდებულებები. მან აღნიშნა, რომ საჯარო სკოლის სტრუქტურების დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერება სპმთპ-ს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. ,,საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ნორმატიურლი აქტებით, ერთი შეხედვით შექმნილია სკოლების დემოკრატიურლი მართვის დეცენტრალიზებული სისტემა. თუმცა, რეალური სურათი მძიმეა: საჯარო სკოლების სტრუქტურები – სამეურვეო საბჭოები, პედაგოგიური საბჭოები და მასწავლებელთა დისციპლინური კომიტეტები წარმოადგენენ სკოლის ადმინისტრაციის ერთგვარ დანამატებს და გვევლინებიან მათი ინტერესების გამტარებლებად. ეს პროცესი გამოწვეულია მასწავლებლებისა და მოსწავლეების დაბალი სამოქალაქო ცნობიერებით, თავიანთი უფლებების არ ცოდნით, პიროვნული თავისუფლებისა და აქტიურობის დაბალი ხარისხით. ჩვენს ძირითად ამოცანას წარმოადგენს ამ პროექტის მეშვეობით ავუმაღლოთ ცოდნა და სამოქალაქო ცნობიერება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, რათა ეფექტური გავხადოთ მათი ჩართულობა სკოლის დემოკრატიული მართვის პროცესში. ამასთან ერთად, სამეურვეო საბჭომ და დისციპლინურმა კომიტეტმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა იხელმძღვანელონ კანონით გათვალისწინებული კომპეტენციების ფარგლებში“ – განაცხადა მაია კობახიძემ. მან რამდენიმე მაგალითი მოიყვანა დისციპლინური კომიტეტის, სამეურვეო საბჭოსა და ადმინისტრაციის მხრიდან კანონდარღვევით მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე და ყურადღება დემოკრატიის ძირითად პრინციპზე – კანონის უზენაესობაზე გაამახვილა.


ოთხდღიანი დატვირთული მუშაობის პროცესში, ქართველი მასწავლებლები ვერ მალავდნენ, დანიელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებითმირებულ აღფრთოვანებასა და ემოციებს. ქართველი პედაგოგები დანიელი კოლეგებთან ერთად ქმნიდნენ მოდელირებულ თამაშებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით განიხილავდნენ პრაქტიკულ მაგალითებს მოსწავლეების ცოდნისა და უნარების ეფექტური განვითარებისთვის.

დასასრულს, სემინარის პროგრამის გათვალისწინებით, ქართველმა პედაგოგებმა ჯგუფებში შეიმუშავეს საგაკვეთილო პროცესში დანიური პრაქტიკის დანერგვისა და მიღებული სიახლეების კოლეგებისთვის გაზიარების სამომავლო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სკოლებში სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომების დანერგვას და თავისუფალი გარემოს შექმნას. სემინარის მონაწილეები შეთანხმდნენ რომ ტრენინგზე შესწავლილი აქტივობებისა და მეთოდების გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილების ვიდეო/აუდიო მასალას დანიელ ექსპერტებს გაუგზავნიან.

დანიელმა სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სპმთპ-ს პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებს და ყველა მონაწილე პედაგოგს, სასიამოვნო დღეებისათვის, შთაბეჭდილებებისა და დადებითი ემოციებისთვის: „თქვენთან გატარებული ოთხი დღე ჩვენთვისაც იყო გამოცდილება, რომელსაც დანიაში გავუზიარებთ ჩვენს კოლეგებს და მოსწავლეებს. ჩვენ,არა მხოლოდ გავეცით ცოდნა და უნარ-ჩვევები, არამედ თქვენგანაც მივიღეთ. ეს იყო იდეების, უნარების, გამოცდილებების ურთიერთგაზიარება და გაცვლა. წარმატებებს გისურვებთ და სიამოვნებით გიმასპინძლებთ დანიაში, ჩვენს სკოლებში“ - განაცხადეს დანიელმა ტრენერებმა.

ტრენინგის დასასრულს, ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი. დანიელმა ტრენერებმა აქტიურ მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს.

თანადგომის პროექტის მდგრადობის ხელშეწყობისთვის დანიელმა პედაგოგებმა პროფკავშირის ხელმძღვანელებთან ერთად პედაგოგებისა და მოსწავლეების, სკოლებისა და პროფკავშირის თანამშრომლობის შემდგომი გეგმა შეიმუშავეს.