არ ვაპირებდი პასუხი გამეცა პედაგოგ ცანავას შეურაცხმყოფელ, უპასუხისმგებლო, არაკომპეტენტურ განცხადებებზე პირადად ჩემი თუ სპმთპ-ს მისამართით. მისივე განცხადების საფუძველზე, ვფიქრობდი, რომ ის წარმოადგენდა პედაგოგთა გარკვეულ ჯგუფს და მოწოდებული იყო პედაგოგთა ინტერესების დასაცავად, რის გამოც ხელი არ შევუშალე გარკვეულ აქტივობებს.
ჩემი დღევანდელი განცხადება, განაპირობა საინფორმაციო სააგენტო „ბათუმელებზე“ გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ პედაგოგ ცანავასთან, რომელშიც მან შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად პროფკავშირულ მოძრაობასა და ათიათასობით ჩვენი ორგანიზაციის წევრ საკუთარ კოლეგას.
„როგორ შეიძლება მასწავლებელი ვერ ხვდებოდეს, რომ შენი გადასახადებით ვიღაც ცხოვრობს და შენ ამაში კიდევ უწყობ ხელს“ - ამბობს ცანავა. მართალია, პროფკავშირის წევრები იხდიან საწევროს და ჩვენი დანიშნულებაა ორგანიზება გავუკეთოთ წევრთა ინტერესების დაცვას/მათ მომსახურებას. ასეა მთელ მსოფლიოში და შევახსენებთ ქალბატონ ცანავას, რომ დღეს, სამყაროში არ არსებობს დასაქმებულთა ინტერესების დაცვის იმაზე უკეთესი მექანიზმი, როგორიც პროფკავშირია! დიახ, ეს პროფკავშირია!
ქალბატონი ცანავას და მისი მეგობარი მასწავლებლების ლოგიკით, მსოფლიოს ასეულობით მილიონი პროფკავშირის წევრიც ვერ ხვდება, „როგორ შეიძლება რომ შენი გადასახადებით ვიღაც ცხოვრობს და შენ ამაში კიდევ უწყობ ხელს“. მისმა ასეთმა გამონათქვამმა, გამახსენა 2010 წელი, როდესაც მაშინდელი მინისტრის სიტყვიერი ბრძანებით, მასწავლებლის ნებისა და სურვილის გარეშე, ერთ დღეს გაიყვანეს 100000 წევრი პროფკავშირიდან. პროფკავშირული ორგანიზაცია აღდგენილია ნებაყოფლობითობის მკაცრი დაცვით და ქალბატონი ცანავას ასეთი მოწოდებები, ორგანიზაციის ავტორიტეტზე გავლენას ვერ მოახდენს. უბრალოდ, მიუღებელია, რბილად რომ ვთქვათ - არაეთიკური და შეურაცხმყოფელია ათიათასობით კოლეგისათვის ,,ჭკუის დარიგება“ მისი მხრიდან.
ყველას აქვს უფლება, გამოთქვას სამართლიანი კრიტიკა, მათ შორის, ჩვენი ორგანიზაციის მიმართაც. ამ შემთხვევაშიც, ,,ბათუმელებთან“ ინტერვიუში ნათლად ჩანს, რომ ქალბატონი ცანავა, აცდენილია რეალობას. მან არ იცის და არც უნდა გაიგოს, რა ღონისძიებები ჩავატარეთ და რას ვაკეთებთ პედაგოგთა ინტერესების დასაცავად. ინფორმაცია ღიაა და შეუძლია გაეცნოს ინტერნეტით.
განსხვავება ქალბატონი ცანავას შეხედულებებსა და პედაგოგთა პროფკავშირის საქმიანობას შორის - რადიკალურია. იგი, თავის მეგობრებთან ერთად, აყენებს მხოლოდ და მხოლოდ პოპულისტურ მოთხოვნებს: „არა სქემას“, „არა სტატუსებს“, „არა პორტფოლიოს“... ეს მოთხოვნები, ვერ შესრულდებოდა. სწორედ იმ პერიოდში, პროფკავშირმა ჩაატარა რაიონული/ეროვნული კონფერენციები, გაწია მუშაობა პორტფოლიოების სრულყოფისათვის და პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინა ასეულობით მასწავლებელს. შედეგად, მივიღეთ ის რომ ზოგიერთი მასწავლებელი, რომელიც აჰყვა პოპულისტურ მოთხოვნებს, დაზარალდა და დარჩა სტატუსის გარეშე. ჩვენმა გადამზადებულმა პედაგოგებმა კი, სტატუსები აიმაღლეს. პოპულისტური განცხადებების ასეთ შედეგებზე, ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, მაგრამ ამით თავს არ შეგაწყენთ.
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მუშაობის სტილია, კონსტრუქციული სოციალური დიალოგის ფორმატში პედაგოგთა აქტუალური საკითხების და პრობლემების გადაწყვეტა. იმის ჩამოთვლისაგან,რაც ჩვენმა წევრებმა იციან, თავს ვიკავებთ. ვისაც აინტერესებს, შეუძლია მოიძიოს. არის შემთხვევები, როდესაც ცალკეული საკითხების გადაწყვეტისათვის დაგვჭირდა დიდი დრო, მაგრამ მიზანს მივაღწიეთ და შედეგებსა და გადალახულ წინააღმდეგობებზე არ გაგვიკეთებია პოპულისტური განცხადებები.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, რა თქმა უნდა, მხარს ვერ დავუჭერთ ქალბატონი ცანავას პოპულისტურ განცხადებებში წამოყენებულ მოთხოვნებს, რომელთა გადაწყვეტის რეალურ გზებს ვერ ვხედავთ.
და კიდევ ერთი... ქალბატონი ცანავა აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს. ვის ინტერესებს ემსახურება, ან ვის დავალებებს ასრულებს - ჩვენთვის უცნობია. ჩვენი ორგანიზაცია აპოლიტიკური და დამოუკიდებელია! არ ვასრულებთ არავის დავალებებს! არ ვინტერესდებით თითოეული პედაგოგის პოლიტიკური შეხედულებებით. ამას, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის! ვინ რომელი პარტიის კოორდინატორი და ინტერესების გამტარებელია, სცილდება პროფკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს, ჩვენს მიზნებს/ამოცანებსა და რაც მთავარია, პედაგოგთა ინეტერესების დაცვის ვალდებულებებს.
ბოდიშს გიხდით, თუ თავი შეგაწყინეთ! საკმაოდ ვრცელი გამოვიდა პოსტი, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ვაპირებთ ამის შემდეგ, ქალბატონი ცანავას არაადეკვატურ განცხადებები დავტოვოთ კომენტარების გარეშე.
პატივისცემით,
მაია კობახიძე
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი