სპმთპ-ის პრეზიდენტი, მაია კობახიძე, სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, მარი ალუღიშვილი, სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში, ნათია კორძაძე მიმდინარე წლის 22 იანვარს, სპმთპ-ის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის განვითარება-გაძლიერებისა და წევრთა მოზიდვისა და დამაგრების მიზნით, სპმთპ-ის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, მაყვალა მაძღარაშვილის ორგანიზებით დედოფლისწყაროს რაიონის საზღვრისპირა სოფლებში: სოფელ ზემო ქედის #2 და სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლებში დსაქამებულებს შეხვდნენ.
მაია კობახიძე შეხვედრების მონაწილეებს ესაუბრა პროფკავშირის მიზანზე, როლზე, ფუნქციებზე, 2010 წლიდან დღემდე ორგანიზაციის მიერ განვლილ რთულ გზაზე, განათლების სფეროში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებების დაცვის საქმეში მიღწეულ წარმატებებზე, სპმთპ-სა და განათლების სამინისტროს შორის მიმდინარე თანამშრომლობის ძირითად დოკუმენტზე - დარგობრივ შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი 2017 წლის 16 მარტს მოეწერა.
ასევე, საუბარი შეეხო განათლების სფეროში დასაქმებულთა პროფესიული განვითარებისათვის და მასწავლებელთა პრესტიჟის ამაღლებისთვის განხორციელებულ აქტივობებს, მათ შორის ააიპ „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ მიერ აღმოსავლეთ საქართველოს მცირეკონტიგენტიანი სკოლებისთვის განხორციელებულ პროექტზე -„მასწავლებელთა პროფესიული განვითარება სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის“, რომელშიც სოფელ ფიროსმანის მცირეკონტიგენტიანი სკოლის მასწავლებლებიც მონაწილეობდნენ.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა ორგანიზაციის სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე წლის გამოწვევებზეც ისაუბრა.
სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია კორძაძემ შეხვედრის მონაწილეებს განუმარტა დეკრეტული შვებულებებისა და ბიულეტინის ანაზღაურების წესი.
საჯარო სკოლებში დასაქმებულებმა სპმთპ-ის პრეზიდენტს ყველა პრობლემა გააცნეს, რაც მათი რაიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებს აწუხებთ. განსაკუთრებულ პრობლემას და გულისტკივილს იწვევს საზღვრისპირა სოფლებიდან მოსახლეობის მიგრაცია, რის გამოც ამ სოფლების საჯარო სკოლები როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების სიმცირეს განიცდიან.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა და შეხვედრის მონაწილეებმა ერთად იმსჯელეს პედაგოგთა პროფესიული ზრდის და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შესახებ და მათი მოგვარების გზებზე.