„ვფიქრობთ, რომ ყველა მონაწილისთვის ძალიან ღირებული იყო ეს ტრენინგი და ვიმედოვნებთ, რომ თვენ ის უნარები და გამოცდილება შეიძინეთ, რაც მოგცემთ მუხტს, თვენს სკოლებში იყოთ ლოკომოტივის წინამძღოლები და არა უბრალო მგზავრები. მადლობა იმისთვის, რომ იყავით ასეთი მოტივირებულები, აქტიურები, ენერგიულები, დაინტერესებულები და პოზიტიურები. იმედი გვაქვს, აქ მიღებულ ცოდნას წაიღებთ თქვენთან ერთად და დანერგავთ თქვენს კლასში და თქვენს კოლეგებში. თქვენთან გატარებული ოთხი დღე ჩვენთვისაც იყო გამოცდილება, რომელსაც დანიაში გავუზიარებთ ჩვენს კოლეგებს და მოსწავლეებს. ჩვენ,არა მხოლოდ გავეცით ცოდნა და უნარ-ჩვევები, არამედ თქვენგანაც მივიღეთ. ეს იყო იდეების, უნარების, გამოცდილებების ურთიერთგაზიარება და გაცვლა. თქვენ გაქვთ არაჩვეულებრივი პროფკავშირი, რომელიც საოცარ საქმეებს აკეთებს თქვენთვის და გყავთ არაჩვეულებრივი ლიდერი, რომელიც გისმენთ. წარმატებებს გისურვებთ და სიამოვნებით გიმასპინძლებთ დანიაში, ჩვენს სკოლებში“ - განაცხადეს დანიელმა ტრენერებმა.

მიმდინარე წლის, 30 ნოემბერს და 1,2,3 დეკემბერს, დანიის თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტის - ,,განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობებისა და სკოლის დემოკრატიული მართვის უნარების განვითარება” - მეორე ეტაპის ფარგლებში, სპმთპ-ს წყნეთის ბაზაზე, დანიის უმაღლესი საფეხურის სკოლების ექსპერტ-მასწავლებლებმა: კატრინა ლონდჰოლტმა და ლის აილერცენმა მორიგი 4–დღიანი სემინარი ჩაატარეს თემაზე -„შეფასების სისტემები და უკუკავშირის კულტურა“.

პროექტს საქართველოში დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირი (GL) საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თვისუფალ პროფკავშირთან (სპმთპ) პარტნიორობით ახორციელებს. 18–თვიანი პროექტის მხარდამჭერია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU). პროექტის მიზანია, სემინარში მონაწილე ქართველმა პედაგოგებმა ის გამოცდილება, ის სიახლეები, ის უნარ-ჩვევები, რასაც დანიელი ექსპერტ-მასწავლებლებისგან მიიღებენ, თავიანთ კოლეგებს გაუზიარონ და სასწავლო პროცესში დანერგონ.

დანიის თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტის მეორე ეტაპში თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორი რაიონის და საქართველოს 13 რაიონის, სულ 43 მასწავლებელი მონაწილეობდა.

„დანიის საგანმანათლებლო სისტემა“; „სწავლების მრავალფეროვანი გარემოებები დანიურ სკოლებში“; „განმავითარებელი შეფასება დანიის უმაღლესი საფეხურის სკოლებში“; „შეფასებები სხვადასხვა დონეებზე“; ,,დიდაქტიკური ურთიერთობების მოდელი“; „კურსდამთავრებული მასწავლებლის ტრენინგი“; ,,პოზიტიური უკუკავშირის კულტურისა და დიალოგის უზრუნველყოფა“; „კომუნიკაცია და დიალოგი საგაკვეთილო პროცესში“; „ჯო-ჰარის ფანჯარა“; ,,უკუკავშირი გაკვეთილებზე“, „10 ბარიერი სასწავლო პროცესის ინსტრუმენტად, განმავითარებელი შეფასების გამოყენებისას“ - ეს იყო ძირითადი თემები, რომლებზეც დანიელმა ტრენერებმა ისაუბრეს და ქართველ პედაგოგებთან ერთად იმუშავეს.

სემინარის პირველ დღეს, პედაგოგებს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ-ს) პრეზიდენტი, მაია კობახიძე მიესალმა. სპმთპ-ს პრეზიდენტმა სემინარის მონაწილეებს დანიის საგანმანათლებლო სისტემა და დანიის სკოლებში ვიზიტის შედეგები გააცნო, ესაუბრა პროექტის პირველი ეტაპის შესახებ, რომელიც მიმდინარე წლის 26-29 ოქტომბერს წარმატებით განხორციელდა და რომელშიც თბილისისა და საქართველოს სხვა რეგიონების საჯარო სკოლების 41 პედაგოგი მონაწილეობდა. ასევე, ისაუბრა ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მომდევნო ორი სემინარის - „ინტერნეტ–კომუნიკაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში“, ,,მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა–სწავლების გარემო, თანამედროვე პედაგოგიური მეთოდებით“ - მნიშვნელობის შესახებ. სპმთპ–ს წევრების სახელით, მაია კობახიძემ მადლობა გადაუხადა დანიის უმაღლესი სკოლის მასწავლებელთა პროფკავშირს (GL) ამ პროექტის განხორციელებისათვის, რაც ქართველ მასწავლებლებს პროფესიული უნარების განვითარებაში და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაში დაეხმარება. სპმთპ-ს პრეზიდენტმა დანიელ კოლეგებსა და სემინარის მონაწილეებს სასიამოვნო სამუშაო გარემო და წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

ოთხდღიანი დატვირთული მუშაობის პროცესში, ქართველი მასწავლებლები ვერ მალავდნენ, დანიელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებით მიღებულ აღფრთოვანებასა და ემოციებს. ქართველი პედაგოგები დანიელ კოლეგებთან ერთად ქმნიდნენ მოდელირებულ თამაშებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით განიხილავდნენ მოსწავლეების ცოდნისა და უნარების შეფასების პრაქტიკულ მაგალითებს და მსჯელობდნენ უკუკავშირის კულტურის ეფექტური განვითარების შესახებ.

ტრენინგის დასასრულს, სემინარის პროგრამის გათვალისწინებით, ქართველმა პედაგოგებმა ჯგუფებში შეიმუშავეს საგაკვეთილო პროცესში დანიური პრაქტიკის დანერგვისა და მიღებული სიახლეების კოლეგებისთვის გაზიარების სამომავლო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სკოლებში სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომების დანერგვას და თავისუფალი გარემოს შექმნას. სემინარის მონაწილეები შეთანხმდნენ რომ ტრენინგზე შესწავლილი აქტივობებისა და მეთოდების გამოყენებით ჩაატარებნ გაკვეთილებს და შედეგებს ერთმანეთს გაუზიარებენ.

სემინარის ბოლო დღეს ტრენერებმა გარკვეული დრო სპმთპ-ს პრეზიდენტსაც დაუთმეს. მაია კობახიძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა დანიელ კოლეგებს დატვირთული და ნაყოფიერი მუშაობისთვის, ასევე დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნულ პროფკავშირს (GL), თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტის ანხორციელებისთვის და ისურვა, ერთ დღეს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმაც შეძლოს რომელიმე ქვეყანაში მსგავსი პროექტის განხორციელება, რისთვისაც საჭიროა რაც შეიძლება მეტი კომპეტენცია და ორგანიზაციული გაძლიერება.

მაია კობახიძემ სემინარის მონაწილეებს დეტალურად გააცნო პროფკავშირის საქმიანობა, მიღწევები და გამოწვევები. აღნიშნა, რომ პედაგოგთა ნდობისა და მხარდაჭერის შედეგად, ორგანიზაცია დღითიდღე ძლიერდება. მიმდინარეობს კონსტრუქციული დიალოგი ხალისუფლებასთან, ინტენსიურად კი–განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. სპმთპ აქტიურად არის ჩართული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცვლილებების შემუშავებისა და განხილვის პროცესში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა მოთხოვნებისა და ინტერესების დასაცავად. მაია კობახიძემ ისაუბრა სპმთპ–ის მოთხოვნის თაობაზე–,,მასწავლებელთა საბაზო ხელფასის ზრდა განხორციელდეს ეტაპობრივად, რათა 3–5 წელიწადში პედაგოგის საშუალო ხელფასი გაუთანაბრდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს და ამ პრობლემის გადასაჭრელად, საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშაოს პედაგოგთა ხელფასების ეტაპობრივი ზრდის პროგრამა”. სემინარის მონაწილეებს განუმარტა, რამდენად მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სპმთპ არის საერთაშორისო ორგანიზაციის ,,განათლების ინტერნაციონალის” (EI) და ,,ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის წევრი”(ETUCE) და თავად კოლეგიური ორგანოს წევრი ხმის უფლებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სპმთპ წარმოადგენს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა (წევრებისა და პოტენციური წევრების) ინტერესებს, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ევროკავშირის დონეზეც. ამასთან, ეს არის საშუალება ევროპული სტანდარტები მივიღოთ და ეტაპობრივად დავნერგოთ ჩვენს საქმიანობაში, რათა ჩამოყალიბდეს რეალურად დასავლური ღირებულებების მქონე პროფკავშირი.

სპმთპ-ს პრეზიდენტმა, ასევე, ისაუბრა ორგანიზაციის წარმატებებზე და მიღწევებზე დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებების დაცვის მიმართულებით.

მაია კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ სემინარის მონაწილეები ადგილებზე გააქტიურდებიან ორგანიზაციის გაძლიერების საქმეში, ,,რათა თითოეულ პედაგოგს მივაწოდოთ ჩვენი ხმა”. მხოლოდ ინტენსიური კომუნიკაციით იქნებიან მასწავლებლები ერთგულები პროფკავშირული იდეებისადმი და გულწრფელები პროფკავშირული ღირებულებების მიმართ. ,,ჩვენი მიზანია სპმთპ–ის წევრები იყვნენ მოტივირებულები და აქტიურები”–განაცხადა მაია კობახიძემ.

სპმთპ–ის ვიცე–პრეზიდენტმა, ნათია კორძაძემ განმარტა პედაგოგთა დეკრეტული შვებულების ანაზღაურებასთან არსებული პრობლემა და ყურადღება გაამახვილა სხვა აქტუალურ სოციალურ–ეკონომიკურ საკითხებზე.

ოთხდღიანი ტრენინგის დასასრულს დანიელმა სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სპმთპ-ს პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებს და ყველა მონაწილე პედაგოგს, სასიამოვნო დღეებისათვის, შთაბეჭდილებებისა და დადებითი ემოციებისთვის: „ვფიქრობთ, რომ ყველა მონაწილისთვის ძალიან ღირებული იყო ეს ტრენინგი და ვიმედოვნებთ, რომ თვენ ის უნარები და გამოცდილება შეიძინეთ, რაც მოგცემთ მუხტს, თვენს სკოლებში იყოთ ლოკომოტივის წინამძღოლები და არა უბრალო მგზავრები. მადლობა იმისთვის, რომ იყავით ასეთი მოტივირებულები, აქტიურები, ენერგიულები, დაინტერესებულები და პოზიტიურები. იმედი გვაქვს, აქ მიღებულ ცოდნას წაიღებთ თქვენთან ერთად და დანერგავთ თქვენს კლასში და თქვენს კოლეგებში. თქვენთან გატარებული ოთხი დღე ჩვენთვისაც იყო გამოცდილება, რომელსაც დანიაში გავუზიარებთ ჩვენს კოლეგებს და მოსწავლეებს. ჩვენ,არა მხოლოდ გავეცით ცოდნა და უნარ-ჩვევები, არამედ თქვენგანაც მივიღეთ. ეს იყო იდეების, უნარების, გამოცდილებების ურთიერთგაზიარება და გაცვლა. თქვენ გაქვთ არაჩვეულებრივი პროფკავშირი, რომელიც საოცარ საქმეებს აკეთებს თქვენთვის და გყავთ არაჩვეულებრივი ლიდერი, რომელიც გისმენთ. წარმატებებს გისურვებთ და სიამოვნებით გიმასპინძლებთ დანიაში, ჩვენს სკოლებში“ - განაცხადეს დანიელმა ტრენერებმა.

დანიის უმაღლესი სკოლის ექსპერტ-მასწავლებლებთან ერთად, თბილისში იმყოფებოდა დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირის (GL) პერიოდული გამოცემის მთავარი რედაქტორი, მორტენ ჯესტი, რომელიც სემინარის პირველ დღეს პირადად გაეცნო ტრენინგის მიმდინარეობის პროცესს და ქართველ პედაგოგებს. „GL“-ის პერიოდული გამოცემის 2018 წლის იანვრის ნომერში დაიბეჭდება მასალა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის, თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტის, ქართველი მასწავლებლებისა და საქართველოს შესახებ.

ტრენინგის დასასრულს, ყველა მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცა.