დანიის უმაღლესი საფეხურის ექსპერტ–მასწავლებლებმა, მირელა რედიჩმა და იონ რასმუსენმა საქართველოში 4–დღიანი ტრენინგი ჩაატარეს.


თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტს, ,,განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობებისა და სკოლის დემოკრატიული მართვის უნარების განვითარებას”, საქართველოში, დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირი (GL), საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თვისუფალ პროფკავშირთან (სპმთპ) პარტნიორობით ახორციელებს. 18–თვიანი პროექტის მხარდამჭერია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

დანიელი პედაგოგების დიდი სურვილი იყო, სემინარების დაწყებამდე, გაცნობოდნენ საქართველოს განათლების სისტემას, ადგილზე ენახათ საქართველოს საჯარო სკოლის სამუშაო გარემო და სასწავლო პროცესი.

სტუმრებისთვის საინტერესო იყო ეროვნული უმცირესობების პირობები და უფლებები ქართულ სკოლებში, რის გამოც სპმთპ–მა დედაქალაქის 103-ე საჯარო სკოლა შეარჩია.

25 ოქტომბერს დანიელი კოლეგები ქ. თბილისის 103-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ.

თბილისის 103-ე საჯარო სკოლა ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობაა, რომელიც მთლიანად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებზე. სკოლაში ქართულ სექტორთან ერთად არის სომხური სექტორი, სადაც სწავლება სომხურ ენაზე მიმდინარეობს.

სტუმრებმა სკოლის შენობა, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა დაათვალიერეს. შეხვდნენ პედაგოგებს, გაესაუბრნენ მოსწავლეებს, გაეცნენ სასწავლო პროცესს, კერძოდ, გაკვეთილებს დაწყებით, საშუალო და მაღალი საფეხურის კლასებში. ასევე, ნახეს ინკლუზიური სწავლების პროცესი, რამაც მათი აღფრთოვანება და მოწონება გამოიწვია. მათ აღნიშნეს, რომ დანიის სკოლებშიც კი იშვიათად შეხვდებით ინკლუზიური სწავლების ისეთ პირობებს, პროგრამას, მიდგომებს, როგორიც 103-ე სკოლაში ნახეს. დანიელი პედაგოგებისთვის უცხო და საინტერესო აღმოჩნდა სკოლის კედლებზე გამოფენილი მოსწავლეების საერთაშორისო, თუ ეროვნულ ოლიმპიადებსა და კონკურსებში მოპოვებული დიპლომები და სიგელები. მსგავსი გამოფენის მოწყობა დანიელმა კოლეგებმა საკუთარ სკოლებშიც გადაწყვიტეს. სტუმრების მოწონება სკოლის დირექტორსა და თანამშრომლებს შორის არსებულმა კეთილგანწყობილმა, მეგობრულმა და დემოკრატიულმა დამოკიდებულებამაც დაიმსახურა.

სკოლის დირექტორი, არჩილ ჩხაიძე სტუმრებს სკოლის ისტორიაზე, სასწავლო პროცესზე, მოსწავლეებისა და პედაგოგების წარმატებებზე, განხორციელებულ, თუ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.

სკოლაში დანიელი პედაგოგების სტუმრობას ორგანიზება სპმთპ-ის ისნისა და სამგორის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებმა - ქეთევან ხეტეშვილმა და გულიკო ამილიძემ გაუკეთეს.

სპმთპ მადლობას უცხადებს 103-ე საჯარო სკოლის დირექტორს, არჩილ ჩხაიძეს, სამგორისა და ისნის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს და სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს დანიელი კოლეგების მასპინძლობისთვის და საინტერესო შეხვედრისთვის.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა და სკოლის დირექტორმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.