5 ივნისს, ქალაქ ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის მთავარი ოფისის საკონფერენციო დარბაზში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) რიგით 106-ე სესია ჩატარდა. გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) პრინციპებიდან გამომდინარე, კონფერენციაზე წევრი ქვეყნების დელეგაცია სამმხრივ ფორმატშია წარმოდგენილი.
106-ე სესიაზე ქართული დელეგაცია გაემგზავრა მთავრობის, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა შემადგენლობით. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების 5 დარგის ხელმძღვანელი იყო წარმოდგენილი, მათ შორის პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) პრეზიდენტი მაია კობახიძე.
8 ივნისს, ქართულმა დელეგაციამ მოლაპარაკებები გამართა ILO-ს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ბიუროს ხელმძღვანელთან, ჰაინც კოლერთან. ასევე, დელეგაცია შეხვდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მშრომელთა საკითხების ბიუროს ევროპის რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელს, სერგიუს გლოვაცკას.
9 ივნისს, საქართველოს პროფესიული კავშირების წარმომადგენლები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მშრომელთა ბიუროს (ACTRAV) დირექტორს
მარია ჰელენა ანდრეს შეხვდნენ. აღნიშული ბიურო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობისა და დასაქმებულთა ინტერესების მაკავშირებელი მთავარი ორგანოა.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი კონფერენციის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მან 100-მდე ქვეყნის წარმომადგენელს შრომით უფლებებთან დაკავშირებით საქართველოში შექმნილი რეალობა გააცნო. თავის გამოსვლაში, ირაკლი პეტრიაშვილმა, ყურადღება გაამახვილა ,,საქართველოს ფოსტასა” და ,,საქართველოს რკინიგზაში” პროფკავშირების დევნის ფაქტებსა და ადმინისტრაციის მხრიდან ყვითელი პროფკავშრების შექმნის მცდელობაზე, კომპანია RMG GOLD–სა და კორპორაცია ,,ეველექსში“ პროფკავშრების დაშილის თაობაზე.
საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარემ და ამავდროულად, პროფკავშირების პანევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტმა, ვრცლად ისაუბრა შრომის გლობალურ პრობლემებზე და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა იბრძოლონ არა პრობლემით გამოწვეულ შედეგებთან, არამედ ამ პრობლემების გამომწვევ მიზეზებთან, რაც მდგომარეობს ასოცირების თავისუფლების შეზღუდვაში, ღირსეული შრომის პირობებისა და უსაფრთხო შრომის სტანდარტების არარსებობაში ნაციონალურ დონეზე. „იმისათვის, რომ ეფექტურნი ვიყოთ საერთაშორისო გამოწვევების წინაშე, საჭიროა ქმედითი და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სახელმწიფოდან - სახელმწიფომდე. მოქმედებების დაწყება უკვე დღეს არის საჭირო!“- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
ირაკლი პეტრიაშვილმა მუშათა აქტივობების ბიუროს ხელმძღვანელებს სთხოვა, მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ საქართველოს, სადაც შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელი მექანიზმების და სათანადო საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობის პირობებში, სახეზეა სამუშაო ადგილებზე ლეტალური შემთხვევების შემაშფოთებელი სტატისტიკა - 431 დაღუპული.
ILO-ს 106-ე სხდომაზე განსაკუთრებით მწვავე იყო ყაზახეთის დამოუკიდებელი პროფკავშირის საქმის განხილვა. კერძოდ, სხდომაზე გაიმართა მსჯელობა რამდენიმე წლის წინ მენავთობეების გაფიცვის პოლიციური მეთოდებით დარბევის ფაქტებისა და შედეგების შესახებ. პოლიციამ გაფიცულ მშრომელებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 16-მდე გაფიცული დაიღუპა და 50-მდე დაშავდა. დღეს, ყაზახეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების ლოდერები ციხეში არიან. ყველა ქვეყნის პროფკავშირის წარმომადგენელმა გამოხატა მძაფრი კრიტიკა ყაზახეთის ხელისუფლების მიმართ და მოითხოვა სწრაფი და მკაცრი რეაგირება ყაზახეთის მთავრობის წინააღმდეგ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, კანადის მთავრობის წარმომადგენლების გამოსვლა, რომელთაც მხარი დაუჭირეს ყაზახეთის დამოუკიდებელ პროფკავშირს და მოითხოვეს მკაცრი ზომების მიღება ყაზახეთის მთავრობის მიმართ.
ქალაქ ჟენევაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონფერენცია 16 ივნისს დასრულდება.