სპმთპ–ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ და აღმასრულებელმა ვიცე–პრეზიდენტმა მარინა ალუღიშვილმა, მიმდინარე წლის 4 აპრილს, განათლების ევროპული კომიტეტის სხდომაზე დარგობრივი შეთანხმების პრეზენტაცია ევროპის 48 ქვეყნის წარმომადგენელს წარუდგინეს.
2017 წლის 16 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს (სპმთპ) შორის გაფორმებულმა დარგობრივმა შეთანხმებამ ფართო რეზონანსი გამოიწვია მსოფლიოსა და ევროპის განათლების მუშაკთა პროფკავშირულ ორგანიზაციებში.
ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტმა ( ETUCE), რომელიც აერთიანებს ევროპის 48 ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულ 11 მილიონ წევრს, მიმდინარე წლის 4 აპრილს გამართულ სხდომაზე მოისმინა სპმთპ–ის პრეზიდენტის ვრცელი ინფორმაცია დარგობრივი შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. ასევე, მმართველი ორგანოს სხდომაზე გაშუქდა დარგობრივი შეთანხმების გაფორმების საზეიმო ცერემონიალის ამსახველი ვიდეო მასალა.
პრეზენტაციის შემდეგ, ETUCE-ის პრეზიდენტმა კრისტინ ბლოუერმა, აღმასრულებელმა დირექტორმა სუზენ ფლოკენმა და დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებმა, თავიანთ გამოსვლებში, მაღალი შეფასება მისცეს 2012 წლიდან სპმთპ–ის აღდგენა/განვითარებისა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მიზნით გაწეულ მუშაობას.
კომიტეტის სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა სპმთპ–ის მიმართ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დამოკიდებულების რადიკალური შეცვლა, რაც საერთაშორისო წარმომადგენლების შეფასებით, ნათელი დადასტურებაა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისა.
სპმთპ, როგორც ერთადერთი სოციალური პარტნიორი განათლების სისტემაში დასაქმებულთა უფლებების დაცვის საკითხებში, რომელიც დღეისათვის აერთიანებს საგანმანათლებლო სისტემაში 40000–ზე მეტ დასაქმებულს, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით განაგრძობს კონსტრუქციულ დიალოგს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, პედაგოგთა შრომითი, სოციალურ–ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული პირობების გაუმჯობესების მიზნით.
ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) სხდომებზე ინტენსიურად იხილებოდა სპმთპ–ის წინაშე არსებული გამოწვევები. მიმდინარე წლის 3–5 აპრილის ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის სხდომა განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო სპმთპ–სათვის, ვინაიდან ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი ორგანიზაციის სტატუსიდან, სპმთპ–მა გადაინაცვლა ევროპის მოწინავე ორგანიზაციების რიგებში და სამაგალითო გახდა პროფკავშირის ფუნდამენტალური ღირებულებების დაცვის თვალზარისით.