2017 წლის 21 აპრილს, ,,შრომის საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრის” პროგრამების ფინანსური მხარდაჭერითა და სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ნათია გაბროშვილის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დამსაქმებლებისთვის სემინარი ,,სოციალური პარტნიორობის მექანიზმები და მოსალოდნელი შედეგები” გაიმართა.
სემინარი სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ გახსნა, მან გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს მადლობა გადაუხადა სემინარის თემატიკით დაინტერესებისთვის და დეტალურად ისაუბრა განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, 2012-16 წწ.სპმთპ-ის ორგანიზაციის ინიციატივებითა და საქმიანობით მიღებულ შედეგებზე. სემინარის მონაწილეები დეტალურად გაეცვნენ ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებსა და პროფკავშირის ხედვებს. მაია კობახიძემ სკოლის დირექტორებისგან მოისმინა მათი მიდგომები საჯარო სკოლებში ხარისხზე ორიენტირებული, მოსწავლეებისა და პედაგოგების ინტერესების გათვალისწინებით ადექვატური გარემო პირობების შექმნისათვის საჭირო ხედვების შესახებ.
სპმთპ-ის პრეზიდენტი დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა სპმთპ-ისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მიმდინარე სოციალური დიალოგის შესახებ, რაც ემსახურება საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერასა და გრძელვადიანი განვითარების პროგრამების ხელშეწყობას. მან აღნიშნა, რომ 2017 წლის 16 მარტს ხელმოწერილი დარგობრივი შეთანხმება სრულ გარანტიებს უქმნის პედაგოგებს შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული ინტერესების დაცვის მიმართულებით და არეგულირებს მხარეების ურთიერთვალდებულებებს.
მაია კობახიძემ დამსწრე საზოგადოებას განუმარტა, რომ უკვე 10 წელზე მეტია საერთაშორისო ორგანიზაცია ,,სოლიდარობის ცენტრი” მჭიდროდ თანამშრომლობს სპმთპ-თან, რომლის მიზანია დამსაქმებლებსა და პროფკავშირს შორის საქართველოში მოქმედი კანონმდებლობებით აღიარებული თანამშრომლობის ვალდებულებების გაცნობა და ეფექტური სოციალური პარტნიორობის მექანიზმების ჩამოყალიბება.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ნათია გაბროშვილს რაიონული ორგანიზაციის აღდგენისთვის, მის მიერ გაწეული საქმიანობისა და ძალისხმევისთვის.
სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გრიგოლ ბაკურაძემ სემინარის მონაწილეებს სკოლებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები გააცნო.მან ისაუბრა პედაგოგებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების საკანონდებლო მოთხოვნებზე, დისციპლინარული წარმოების წესის შემუშავების პროცესებზე, 2000 წლამდე ოთხწლიანი უმაღლესი განათლება მიღებული პედაგოგების სტატუსის გათანაბრებაზე მაგისტრის ხარისხთან, რაც სპმთპ-ის აქტიური მონაწილეობით შეიცვალა.
სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საფინანსო დარგში, ნათია კორძაძემ, სემინარის მონაწილეებს გააცნო სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული აქტუალური და პედაგოგთა პირობების გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტების მოთხოვნები, კერძოდ, დროებითი შრომისუუნარობისა და დეკრეტული შვებულების ანაზღაურების, მივლინებისა და სხვა სამართლებრივ საკითხებზე. 
სემინარს 60-მდე საჯარო სკოლის დირექტორი დაესწრო და შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.