,,მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 მარტის N: 167/ნ ბრძანებაში შევიდა მთელი რიგი ცვლილებები, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პედაგოგთა უფლებრივ მდგომარეობას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) მონაწილეობდა მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის შემუშავების პროცესში. კერძოდ, სპმთპ-ის წარმომადგენელი ესწრებოდა „მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების პროექტის მომზადებისათვის წინადადებების შემუშავების მიზნით შექმნილი კომისიის სხდომებს და წარმოადგენდა პედაგოგთა ინტერესებს.
თუმცა, პროფკავშირს (სპმთპ) გააჩნდა გარკვეული შენიშვნები საბოლოო რედაქციასთან დაკავშირებით, ვინაიდან, ბრძანების ზოგიერთ დებულებას შეეძლო შეელახა მასწავლებელთა უფლებები.
სპმთპ-ის პრეზიდენტი ქალბატონი, მაია კობახიძე აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ბრძანებაში არსებული ხარვეზები არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებზე. მათ შორის იმართებოდა საჯარო დისკუსიები განათლებისა და მეცნიერების წარმომადგენლების, პედაგოგებისა და სპმთპ-ის წარმომადგენლების ჩართულობით. საბოლოოდ, სამინისტრომ გაიზიარა სპმთპ-ის ინიციატივები და ,,მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესში” განხორციელდა ცვლილებები, რისთვისაც, პედაგოგთა სახელით, ორგანიზაცია მადლობას უხდის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავას!
რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებებს, მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის ძველი რედაქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტის მიხედვით, პედაგოგს პასუხისმგებლობა ეკისრებოდა არამხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე, არამედ - სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ქმედებისთვისაც. ამჟამად ეს ხარვეზი გამოსწორებულია და პედაგოგს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე განხორციელებული ქმედებისთვის.
შედარებითი ანალიზი:
ძველი ვარიანტი: მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომა:,,სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება”;
ახალი: მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომაა:სკოლის ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება;
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მე-3 მუხლის მე-6 პუნქტში განხორციელებული ცვლილება. აღნიშნული მუხლის ძველი რედაქციის თანახმად, მასწავლებლის შეიძლებოდა დაკისრებოდა დისციპლინური სახდელი იმ ქმედებისთვის, რომელიც მან ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, თუკი სკოლას ექნებოდა ე.წ. „დასაბუთებული ინტერესი.“
სპმთპ-ის შეშფოთებას იწვევდა ის გარემოება, რომ ტერმინი - „დასაბუთებული ინტერესი“ არსად იყო განმარტებული და დამსაქმებელს შეეძლო მისი ინტერპრეტირება იმგვარად, რომ სამსახურიდან გაეთავისუფლებინა და თავიდან მოეცილებინა მისთვის არასასურველი პედაგოგი იმ ქმედების გამო, რაც განხორციელდა სკოლისგან მოშორებით, არასამუშაო საათებსა და დღეებში.
ამჟამინდელი რედაქციის მიხედვით, დაუშვებელია სკოლის მიერ მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც მან სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ ჩაიდინა.
ძველი:დაუშვებელია სკოლის მიერ მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის რომელიც მან ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი.
ახალი:დაუშვებელია სკოლის მიერ მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც მან სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ ჩაიდინა.
ცვლილებები განხორციელდა მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის მე-12 და მე-18 მუხლებში, რომლის თანახმადაც, პედაგოგს უფლება ეძლევა მიმართოს დისციპლინურ კომიტეტს, დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის თხოვნით, რის თაობაზეც, დისციპლინური კომიტეტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 3 კვირის ვადაში და ოქმი გადაუგზავნოს სკოლის დირექტორს 3 დღის ვადაში.
ძველი: დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის წესი განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით.
ახალი:დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის თხოვნით, პირი მიმართავს დისციპლინურ კომიტეტს.
მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის მე-19 მუხლშიც. აღნიშნული მუხლის ძველი რედაქციის მიხედვით, მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება შეიძლება დაწყებულიყო დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 3 წლისა. ამჟამად, 3 წლიანი ვადა შემცირდა 1 წლამდე.
ძველი:მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება შეიძლება დაიწყოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 3 წლისა.
ახალი: ,,მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება შეიძლება დაიწყოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს ერთი წლისა.”