
ETUCE-ის საარჩევნო-საანგარიშო რეგიონალური კონფერენცია ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, სადაც ევროპის ქვეყნების განათლების პროფკავშირების წარმომადგენლები მსჯელობენ ევროპის რეგიონის განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე და განსაზღვრავენ ევროპის განათლების პოლიტიკის ხედვას, გეგმავენ ერთობლივ, ქმედით ღინისძიებებს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის ეფექტური ადვოკატირებისთვის.
ETUCE-ის რეგიონალური კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ETUCE-ის წევრმა, ევროპის 48 ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირების 320-მა დელეგატმა.
კონფერენციას ETUCE-ის პრეზიდენტი კრისტინა ბლოვერი ხელძღვანელობდა.
ETUCE-ის რეგიონალური კონფერენციის გახსნით ცერემონიალზე დელეგატებს მიესალმა სერბეთის განათლების მინისტრი, რომელმაც ზოგადად მიმოიხილა სერბეთის განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები და აღნიშნა, რომ ,,საჭიროა უფრო მეტი ინვესტიციების ჩადება მასწავლებლობის პროფესიის სტატუსის ამაღლებისა და მიმზიდველობისთვის”.
კონფერენციის დელეგატებს და კოლეგებს მიესალმა მასპინძელი ორგანიზაციის, სერბეთის მასწავლებელთა პროფკავშირების ხელმძღვანელი. მან მადლიერება გამოხატა ETUCE-ის მიმართ, კონფერენციის მათ ქვეყანაში ორგანიზებისთვის, რაც ადასტურებს სერბეთის ქვეყნის სწრაფვას ევრო ინტეგრაციისაკენ.
განათლების ინტერნაციონალის სახელით, ETUCE-ის დელეგატებს EI-ის პრეზიდენტმა სუზან ჰობგუდმა მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში მიმდინარე იმგვარ პროცესებსა და გლობალურ გამოწვევებზე, როგორიცაა ექსტრემიზმის ზრდა და სამოქალაქო უფლებების უგულებელყოფა. ,,იმისათვის რომ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, აუცილებელია ერთიანი ღირებულებების დამკვიდრება, ცოდნისა და უნარების განვითარება, მასწავლებელთა როლის გააქტიურება, ადექვატური განათლება, რაც უნდა გახდეს საზოგადოებრივი სარგებელი”-აღნიშნა EI-ის პრეზიდენტმა სუზან ჰობგუდმა.
დელეგატებს მიესალმა ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის (ETUC) მდივანი, რომელმაც ხაზი გაუსვა ევროპაში მიმდინარე ნეგატიურ მოვლენებს, ხელფასების შემცირებას, მოლაპარაკებების წარმოების შესუსტებას. ,,აუცილებლობაა ხელფასების მატება, იმისათვის რომ მოხდეს ეკონომიკის სტიმულირება და ევროპის მოქალაქეების სასარგებლოდ ევროპულ სოციალურ მოდელზე მეტი ყურადღების კონცენტრირება” - აღნიშნა მან.
ევროკავშირის კომისიონერმა, ვიდეომიმართვისას, კიდევ ერთხელ დააყენა სააკითხი ,,უკეთესი სოციალური დიალოგის ადვოკატირების საჭიროების თაობაზე, მასწავლებელთა პროფესიის მიმზიდველობისა და მათი სტატუსის ასამაღლებლად”.
ევროპულმა დირექტორმა მარტინ რომერმა წარადგინა 160 გვერდიანი 2012-2016 წლების ანგარიში. ,,ოთხი მძიმე და ქარტეხილებით სავსე წელი დატვირთული იყო უამრავი ღონისძიებებითა და სხვადასხვა მოვლენებით. ეკონომიკური კრიზისი არ დაძლეულა, პრობლემები მრავალფეროვანია რეგიონში, რაც გამოწვეულია არაჯეროვანი ინვესტირებით” განაცხადა მან. მარტინ რომერმა საზოგადოებას გააცნო 23 პროექტის ანგარიში, 80 მთავრობის წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრების, 48 კონფერენციისა და სემინარის შედეგები.
ETUCE-ის მომავალმა დირექტორმა, სუზან ფლოკერმა, ETUCE-ის მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმა წარმოადგინა, სადაც მთავარი აქცენტი გაკეთებულია განათლებაზე, რაც საზოგადოებრივი სიკეთისა და აქტიური მოქალაქეების ღირებულებების დამკვიდრების წინაპირობაა. სუზან ფლოკერმა მკაცრად გააკრიტიკა თურქეთში მიმდინარე პროცესები-ადამიანის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. მან მოუწოდა წევრ ორგანიზაციებს ერთიანობისკენ, რთული პროცესების დასაძლევად უკეთესი ეფექტური სოციალური დიალოგისა და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოებისკენ.
კონფერენციის დღის წესრიგი დატვირთული იყო სხვადასხვა რეზოლუციებსა და პროექტებზე მუშაობით. დელეგატებმა იმსჯელეს და დაამტკიცეს რეზოლუციები: განათლებაში ინტერნეტ კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების (ICT) გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე; ევროპაში ლტოლვილთა სიტუაციასთან მიმართებაში, კერძოდ ბავშვებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; თანასწორობა განათლების სისტემაში და განათლების პროფესიული კავშირები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში; უმაღლესი განათლების სფეროს წარმომადგენლების სტატუსის ამაღლება და აღიარება; ევროპულ სკოლებში სოციალური დიალოგისა და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების შესახებ; განათლების პრივატიზაციისა და კომერციალიზაციის წინააღმდეგ; მასწავლებელთა პროფესიული სტატუსის თაობაზე; ადრეული განათლების ადვოკატირებისათვის; განათლება დემოკრატიისათვის და სხვა.
თურქეთის განათლების სფეროში წარმომადგენელთათვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, კონფერენციის დელეგატებმა ერთობლივი დეკლარაცია შეიმუშავეს. დელეგატებმა ETUCE-ის პრეზიდენტს კრისტინა ბლოუერს ნდობა მეორე ვადით გამოუცხადეს, ასევე, დაამტკიცეს ETUCE-ის მარეგულირებელი ორგანოს ევროპული კომიტეტის შემადგენლობა და აირჩიეს 5 ვიცე-პრეზიდენტი.