განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N126/ნ ბრძანების ამოქმედების საფუძველზე, 2015 წლის 28 სექტემბრიდან, საქართველოს რიგ საჯარო სკოლებში ირღვეოდა პედაგოგთა უფლებები. კერძოდ, მასწავლებლების დიდი ნაწილი, რომელთაც 2000 წლის ჩათვლით მიღებული აქვთ 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება, ვეღარ იღებდა ანაზღაურებას მაგისტრის აკადემიური ხარისხისთვის გათვალისწინებული კოეფიციენტის მიხედვით. ამ კატეგორიის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების გამოანგარიშება ხდებოდა ბაკალავრის აკადემიური ხარისხის შესაბამისად.
აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით სპმთპ-ის გულისტკივილით მომართეს პედაგოგებმა. სპმთპ-მა მოახდინა მყისიერი რეაგირება პედაგოგთა ზემოაღნიშნულ პრობლემაზე.
ორგანიზაციის იურიდიულმა დეპარტამენტმა შეისწავლა საკითხი და მოამზადა შესაბამისი სამართლებრივი ანალიზი, რითაც გამოიკვეთა, რომ მასწავლებლების მოთხოვნა იყო საფუძვლიანი.
საქმე იმაშია, რომ მასწავლებლების დიდი ნაწილი, რომელთაც 2000 წლის ჩათვლით მიღებული აქვთ 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება, აღარ ითვლებოდნენ მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებულ პირებად, მას შემდეგ, რაც ძალადაკარგულად გამოცხადდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის #576 ბრძანება და მის ნაცვლად ამოქმედდა #126/ნ ბრძანება, 2015 წლის 28 სექტემბერიდან.
#126/ნ ბრძანებაში გაუგებრობას იწვევდა ის ფაქტი, რომ მე-5 მუხლი აღარ ითვალისწინებდა, თუ ვინ ითვლებოდა მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებულად. მაშინ როდესაც, აღნიშნული საკითხი ნათლად იყო დარეგულირებული მანამდე მოქმედ #576-ე ბრძანებაში.
გაუგებრობას ამძაფრებდა ის გარემოება, რომ #126 ბრძანების მე-13 მუხლში მოყვანილი იყო მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების მაგალითი, რომლის მიხედვითაც, მაგისტრის აკადემიური ხარისხისა და 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლების მქონე მასწავლებლები გათანაბრებულები იყვნენ და მათი ხელფასის გამოანგარიშება უნდა მომხდარიყო ერთიდაიგივე კოეფიციენტით, ორივე შემთხვევაში, მხედველობაში მიიღებოდა შრომის ანაზღაურება 542.70 ლარი.
სპმთპ-ში მოსული პედაგოგების განცხადებით, მათი კოლეგები, რომლებმაც მათთან ერთად დაამთავრეს სასწავლებლები და ასწავლიდნენ იგივე საგანს, ხელფასს იღებდნენ მაგისტრის აკადემიური ხარისხის, ხოლო თვითონ - ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიხედვით, რაც ბუნებრივია, იწვევდა უსამართლობის განცდას.
გაირკვა, რომ ყველა დამსაქმებელი არ ითვალისწინებდა მე-13 მუხლის მოთხოვნებს. ამის გამო, სხვადასხვა სკოლებში ხელფასს ანგარიშობდნენ განსხვავებულად. საჯარო სკოლებში პრაქტიკულად დამკვიდრდა შრომის ანაზღაურების გამოთვლის ორმაგი სტანდარტი, რაც სამართლიან აღშფოთებას და უკმაყოფილებას იწვევს პედაგოგებში.
საკითხის გარკვევისა და პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, მიმდინარე წლის მაისის თვიდან რამდენჯერმე წერილობით მივმართეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელებს და შესაბამის სამსახურებს. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საკითხი იხილებოდა შეხვედრებზე.
მისასალმებელი ფაქტია, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბატონმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, გაიზიარა სპმთპ-ის პოზიცია და მიიღო გადაწყვეტილება, შესაბამისი ცვლილებები განეხორციელებინა #126/ნ ბრძანებაში, რის გამოც, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი გამოხატავს მადლიერებას.
8 დეკემბერს ძალაში შევიდა ცვლილება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის #126/ნ ბრძანებაში, რომლის მიხედვითაც, იმ პედაგოგების ანაზღაურების გამოანგარიშება, რომლებმაც 2000 წლის ჩათვლით მიიღეს 4 წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება, მოხდება მაგისტრის აკადემიური ხარისხისთვის გათვალისწინებული კოეფიციენტით.
აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ ბუნებრივია, მასწავლებელთა პრობლემები ამით არ ამოწურულა. თუმცა, გვაქვს მოლოდინი, რომ სამინისტროსა და სპმთპ-ს შორის თანამშრომლობის ფორმატში გადაიჭრება დასაქმებულთა წინაშე არსებული შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი პრობლემები, რაც დემოკრატიული ქვეყნების გადაწყვეტილების მიმღებთა დამახასიათებელი თვისებაა.