სპმთპ-ის ორგანიზებითა და კოალიცია ,,განათლება ყველასათვის-საქართველოს“ (EFA-GEORGIA) დაფინანსებით, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს გაიმართა შეხვედრა თბილისის საჯარო სკოლების პედაგოგებთან, თემაზე ,,დააფინანსე მომავალი-განათლების დროა”.
აღნიშნული პროგრამის მიზანს წარმოადგენს მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება ,,გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა” და ,,განათლება-2030-ის” შესახებ, ასევე, ,,განათლება ყველასათვის საერთაშორისო კოალიციის” (EFA) ამოცანებისა და 2013 წელს საქართველოში შექმნილი კოალიციის ,,განათლება ყველასათვის-საქართველოს“ წევრი ორგანიზაციების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების მიმართ.
შეხვედრას დაესწრო დედაქალაქის 30 საჯარო სკოლის პედაგოგი, სადაც სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე მოწვეულ სტუმრებს ესაუბრა 2000 წელს დაკარში (სინეგალი) გაეროს წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ გლობალურ გზავნილებზე და ათასწლეულის გამოწვევის მიზნებზე. მაია კობახიძემ პედაგოგებს გააცნო 2000 წელს ოთხი ორგანიზაციის-გაეროს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO), UNESCO-ს, გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) და განათლების ინტერნაციონალის (EI) ერთობლივი კამპანიის ,,განათლება ყველასათვის“ მიზნები. მან აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში სპმთპ, როგორც ,,განათლების ინტერნაციონალის“ წევრი ორგანიზაცია, ჩართული იყო საერთაშორისო კამპანიებში, გლობალურ აქცია-კვირეულებში, მასწავლებელთა საერთაშორისო დღეების გზავნილების ადვოკატირებაში, რათა საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე გაეჟღერებინა საქართველოს მასწავლებელთა ხედვები ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებისათვის.
შეხვედრის მონაწილე პედაგოგებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია საერთაშორისო კამპანიის 2000-2015 წლების მიღწევებზე, შედეგებსა და გამოწვევებზე, აგრეთვე ,,მდგრადი განვითარების 2015-2030 წლების ამოცანების” თაობაზე.
საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი კამპანიის ,,განათლება ყველასათვის“ ფარგლებში, 2013 წლიდან საქართველოში შეიქმნა კოალიცია ,,განათლება ყველასათვის-საქართველო“, რომელშიც გაერთიანებულია საგანმანათლებლო სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები.
,,განათლება ყველასათვის-საქართველო“ კოალიციის დახმარებით გახდა შესაძლებელი მასწავლებლებისა და განათლების სფეროში დასაქმებულების ცნობიერების ამაღლება, გლობალური კამპანიასთან მიმართებაში, გლობალური აქცია კვირეულის საერთაშორისო მიზნებისა და ეროვნული ამოცანების შესახებ. ასევე, დამუშავდა საინფორმაციო მასალები, რითაც მასწავლებლებს მიეცათ საშუალება აწარმოონ დისკუსიები განათლების საკითხებსა და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე. პედაგოგებმა მიიღეს სრულყოფილი ინფორმაცია მთავრობის, პროფკავშირების, საგნობრივი ასოციაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლსა და პასუხისმგებლობაზე, თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატში.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის განვითარებისა და მასწავლებლის საჭიროებების თაობაზე პედაგოგები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში. მათ მიეცათ შესაძლებლობა მოესმინათ დანიის მასწავლებელთა პროფკავშირის წარმომადგენლების გამოცდილება და ხედვა, ხარისხიანი განათლების და მასწავლებელთა საერთო ინტერესების ადვოკატირების მექანიზმების დანერგვის შესახებ.
სპმთპ განაგრძნობს მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, საქართველოს რეგიონების პედაგოგთა ჩართულობის მიზნით.
.