700-ზე მეტ პედაგოგს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
შეხვედრა საქათველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა გახსნა - მისასალმებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ახალი მოძრაობა მასწავლებლის დაფასებისა და პროფესიის პრესტიჟის ამაღლების მიზნით, რაც სრულ თანხვედრაშია მასწავლებლის საერთაშორისო დღის ინიციატორი, 4 საერთაშორისო ორგანიზაციის–განათლების ინტერნაციონალის, UNESCO, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაეროს განვითარების ფონდის ერთობლივ გზავნილთან, ერთწლიანი კამპანიის სლოგანთან–,,მასწავლებელთა დაფასება, მათი სტატუსის ამაღლებისათვის“.
გვჯერა რომ სერიოზული ძვრები მოხდება ჩვენს ქვეყანაში:
მასწავლებლები დაიბრუნებთ უსამართლოდ დაკარგულ ავტორიტეტსა და ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში, დაფასდება თქვენი შრომა და ვფიქრობთ, შორს არ არის ის დროც, როდესაც მასწავლებლის საერთაშორისო დღე ჩვენს ქვეყანაში გადაიქცევა სახალხო ზეიმად – აღნიშნა მაია კობახიძემ.
მასწავლებლებს მიესალმა და საერთაშორისო დღე მიულოცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელმაც გაანალიზა შექმნილი მდგომარეობა და ძირითადად ყურადღება გაამახვილა პედაგოგთა საგამოცდო სისტემის თვისობრივად შეცვლის, სახელფასო პოლიტიკის, პედაგოგის ავტორიტეტის ამაღლების საკითხებზე. პედაგოგები ინტერესითა და ოვაციებით შეხვდნენ მინისტრის მიერ გამოთქმულ ინოვაციურ წინადადებებს. გაიმართა უშუალო დიალოგი მინისტრსა და პედაგოგთა შორის. დაისვა ბევრი შეკითხვა პედაგოგთა აქტუალურ საკითხებზე, რასაც ამომწურავი პასუხები გასცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.
პედაგოგებს მიესალმა და საერთაშორისო პროფესიული დღესასწაული მიულოცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ლია გიგაურმა. მან ძირითადი აქცენტი გააკეთა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის განვითარების აუცილებლობასა და პრიორიტეტებზე.
სპმთპ-მა წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისათვის მადლობის სიგელები გადასცა იმ მასწავლებლებს, რომელთა მოსწავლეებმა გაიმარჯვეს სხვადასხვა ოლიმპიადებში, კონკურსებსა და კონფერენციებში, მიიღეს უმაღლესი შეფასებები სასკოლო-საატესტატო და ეროვნულ გამოცდებზე.
ოთხი საერთაშორისო ორგანიზაცია - ,,განათლების ინტერნაციონალი (EI)”, UNESCO, ,,შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO)“ და გაეროს განვითარების ფონდი, 2016 წლის 5 ოქტომბერს მასწავლებლის სტატუსის შესახებ რეკომენდაციის მიღების 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ვინაიდან 5 ოქტომბერი სამუშაო დღეა, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, პირველ ოქტომბერს, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სხვადასხვა პროექტებსა და კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეთა 700–ზე მეტ წარმატებულ პედაგოგთან საზეიმო შეხვედრა გაიმართა.