მიმდინარე წლის 1 ივლისს ჩატარდა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის მეშვიდე საანგარიშო კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდა 96 დელეგატი. სპმთპ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლეილა გორგაძემ ორი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა კონფერენციის დელეგატებს.
კონფერენციას საპატიო სტუმრის სტატუსით სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი,თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინი ლომიძე, სოციალური კომისიის თავმჯდომარე ელზა ლეკვეიშვილი, ააიპ ბაგა- ბაღების გაერთიანების დირექტორი გიორგი მაღლაფერიძე და სპმთპ-ის გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლილი წურწუმია ესწრებოდნენ.
სტუმრების მისალმების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მიმდინარე რეფორმის გამოწვევებსა და პედაგოგთა ხელშეწყობის თაობაზე საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს გამომსვლელმა პედაგოგებმა, ქ. რუსთავის 24-ე საჯარო სკოლის მასწავლებელმა ქეთევან ჩანქსელიანმა და მე-5 საჯარო სკოლის მასწავლებელმა მარინა სურმავამ.
გამომსვლელების შემდეგ, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე ხანგრძლივად და ამომწურავად პასუხობდა მასწავლებლების მიერ დასმულ შეკითხვებს. მან რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის ლიდერის საქმიანობა წარმატებული და სამაგალითო უწოდა.
სპმთპ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის საქმიანობა დელეგატებმა დადებითად შეაფასეს. კონფერენციის დასასრულს, ქალბატონმა ლეილა გორგაძემ განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის, პროფკავშირის წევრ პედაგოგებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.