განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თბილისისა და რუსთავის საჯარო სკოლების პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვის საკითხებზე მსჯელობა იყო. სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარის ანალიზზე გაკეთდა. შეხვედრაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე და სახელმწიფო კომისიის წევრები მონაწილეობდნენ.
სპმთპ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ახალ სქემაში პედაგოგთა შეფასებისათვის აქცენტები გადატანილია სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ, თვითშეფასების კითხვარის შემოტანა სკოლებში, მასწავლებლის შეფასება პრაქტიკული საქმიანობის მიხედვით ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ის ხელს შეუწყობს მასწავლებლის პროფესიულ თვითგანვითარებას.