,ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის“ (EESC) დასკვნით სხდომაზე 63 ხმით (არცერთი წინააღმდეგი, თავი არავის შეუკავებია) დამტკიცდა აქტი: „ევროპული ღირებულებების განმტკიცება კანდიდატ ქვეყნებში, საჯარო მომსახურების სექტორის მხარდაჭერითა და სოციალური პარტნიორების/საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებით.“
პროექტის სამუშაო ჯგუფში საქართველოდან მონაწილეობდნენ: ,,საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ პრეზიდენტი მაია კობახიძე, ,,დამსაქმებელთა ასოციაციის“ წარმომადგენელი დავით კერესელიძე და ,,საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის“ დირექტორი კახა გოგოლაშვილი. პროექტის განხილვის დროს კომიტეტის წევრებმა საქართველო დაასახელეს სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობის საუკეთესო მაგალითად. მათ მადლობა გადაუხადეს საქართველოს წარმომადგენლობას და პატივისცემის ნიშნად განაცხადეს ,,Thank you SAQARTVELO!”
ინფორმაციისათვის, სოციალური დიალოგის და კოლექტიური მოლაპარაკებების მხარეები არიან დამსაქმებელი და პროფკავშირი. ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პროფკავშირის უფლებების აღიარება, სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობის ინსტიტუციონალიზაცის ვალდებულებაა. როგორც თქვენთვის ცნობილია, მასწავლებელთა წარმომადგენლობითი, მრავალათასიანი ორგანიზაცია -საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აღიარებულია სოციალურ პარტნიორად ეროვნულ დონეზე. გამომდინარე აქედან, გთავაზობთ ამონარიდებს ,,ევროპის ეკონომიკური და სოციალური“ (EESC) კომიტეტის მიერ დამტკიცებული აქტიდან, რომელიც აღიარებს პროფკავშირების უფლებებისა და მასწავლებელთა მხარდაჭერის მნიშვნელობას ევროინტეგრაციისათვის:
✔️,,ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი“ (EESC) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ:
სოციალური პარტნიორები, რომლებიც დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს წარმოადგენენ განსაკუთრებით საჯარო სექტორიდან, აღიარებულნი უნდა იქნან, საჯარო ნდობის, დემოკრატიული ინსტიტუტების და ეფექტური სოციალური დიალოგის მნიშვნელოვან აქტორებად.
✔️დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების დაცვის ყველა პროცესი განმტკიცებულია საერთაშორისო ინსტრუმენტებითა და სტანდარტებით, მათ შორის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ძირითადი კონვენციებით: ,,გაერთიანების თავისუფლების შესახებ“ (კონვენცია №87), ,,კოლექტიური მოლაპარაკების უფლების შესახებ“ (კონვენცია №98) და ,,სამმხრივი კონსულტაციების წარმოების შესახებ (კონვენცია №144). ეს კონვენციები აღიარებენ სოციალური პარტნიორების მნიშვნელობას და უზრუნველყოფენ სტრუქტურირებული დიალოგის განხორციელებას ეროვნულ დონეზე.
✔️,,ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი“ (EESC) მოუწოდებს ევროკომისიას და სხვა ინსტიტუტებს, განსაზღვრონ და გაიზიარონ კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკები, მათ შორის:
➖ როგორ შეუწყვეს ხელი საჯარო სექტორის დამსაქმებლებმა და პროფკავშირებმა კონსტრუქციული გზით რეფორმებისა და ინსტიტუციური მშენებლობის პროცესს;
➖ რა წვლილი შეიტანა სოციალური და სამოქალაქო დიალოგის მექანიზმებმა ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებებით.
✔️სტრუქტურირებული სოციალური დიალოგის მეშვეობით, დამსაქმებელთა ორგანიზაციები და პროფკავშირები ხელს უწყობენ ღირსეული შრომითი პირობების, ინკლუზიური მმართველობის, შრომითი უფლებების პატივისცემისა და კანონის უზენაესობის პოპულარიზაციას. ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებზე გადასვლას უზრუნველყოფს კანდიდატი ქვეყნების დამსაქმებელთა ორგანიზაციებისა და პროფკავშირების როლი, საჯარო სერვისების ფორმირებითა და მიწოდებით.
✔️EESC აღნიშნავს, რომ საგანმანათლებლო სისტემები დემოკრატიული მდგრადობის ქვაკუთხედი და მნიშვნელოვანი საშუალებაა კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური უფლებებისა და ინკლუზიური მოქალაქეობის ხელშეწყობისათვის, სადაც პროცესის ძირითადი აქტორები არიან მასწავლებლები.
✔️EESC მოუწოდებს ევროკომისიასა და ეროვნულ ხელისუფლებებს, ,,გაწევრიანების დახმარების ინსტრუმენტის“ (IPA) პროგრამების ფარგლებში მიანიჭონ პრიორიტეტი მასწავლებლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, განსაკუთრებით, სამოქალაქო განათლების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით, რაც თანხვედრაშია, გაწევრიანების რეგულაციის სპეციფიკურ მიზნებთან - დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება, ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის უზრუნველყოფა, ინკლუზიური განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის.
✔️EESC ხაზგასმით აღნიშნავს, დაიცვან და გააძლიერონ მასწავლებლების პროფესიული ავტონომია, მათ შორის, პედაგოგიური თავისუფლება (კურიკულუმის ადაპტირება, მეთოდოლოგიების არჩევა, ინოვაციების და სასწავლო აქტივობების დაგეგმვა გაკვეთილზე, შემოქმედებითი ავტონომიურობა, პროფესიული პასუხისმგებლობა) და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. ავტონომია წინაპირობაა, საკლასო ოთახში მასწავლებელთა ღია დიალოგის, კრიტიკული აზროვნებისა და უფლებების ცნობიერების ამაღლებისათვის.
✔️EESC მოუწოდებს ევროკომისიას, აქტიურად დაუჭიროს მხარი რეფორმებს, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიურ თავისუფლებასა და პროფესიულ ავტონომიას, მასწავლებლების მნიშვნელოვან ჩართულობას განათლების პოლიტიკის შემუშავებაში. მასწავლებლების პროფესიული ავტონომია არსებითია დემოკრატიული კულტურის ჩამოყალიბებისა და ინსტიტუციური ნდობის შესაქმნელად“.
ცნობისათვის, ,,ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი“ (EESC) არის ევროკავშირისა და მისი სქტრუქტურების საკონსულტაციო ორგანო, რომელიც შედგება დამსაქმებლების, დასაქმებულთა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან.
პატივისცემით,
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ)