2023 წლის 16-18 ივლისს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში ოფიციალური ვიზიტით სტუმრად იმყოფებდა საერთაშორისო ორგანიზაცია ,,განათლების ინტერნაციონალის" სოლიდარობისა და განვითარების პროგრამების დირექტორი ნიკოლას რიჩარდსი.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა სპმთპ- ს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების გაცნობა და არსებული ხელისშემშლელი ფაქტორების შესწავლა; სპმთპ-ის ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მრავალმხრივი საერთაშორისო მხარდაჭერითა და ,,განათლების ინტერნაციონალის’’ თანადგომით, მომავალი მოკლევადიანი და გრძლევადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება.
ნიკოლას რიჩარდსი, სპმთპ-ის პრეზიდენტ მაია კობახიძესთან ერთად შეხვდა სპმთპ-ის რაიონული/საქალაქო ორგანიზაციებისთავმჯდომარეებს, რეგიონების კოორდინატორებსა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლებს.
სპმთპ-ის რაიონული/საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებმა და კოორდინატორებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ყვითელი პროფკავშირის უკანონო ქმედებებზე და პედაგოგებთან შეხვედრებზე ყვითელი პროფკავშირების მხრიდან სპმთპ-ის დისკრედიტაციის მცდელობაზე.
,,იმისათვის, რომ სპმთპ გახდეს მყარი და ძლიერი ორგანიზაცია საჭიროა დავიწყოთ პროფკავშირული ღირებულებების დანერგვა პედაგოგთა საზოგადოებაში და არ დავუშვათ ყვითელი პროფკავშირის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება” - აღნიშნა ნიკოლას რიჩარდსმა.
სპმთპ-ს ცენტრალური ოფისის თანამშრომლებსა და კოორდინატორებთან შეხვედრაზე, ნიკოლას რიჩარდსმა განაცხადა, რომ დიდია ცენტრალური ოფისის თანამშრომლების როლი გასული, მძიმე ორწლიანი საქმიანობის პერიოდში. ,,საჭიროა მთავრობის პოლიტიკა იყოს ლიბერალური და ერთობლივად დავიწყოთ მოძრაობა ხარისხიანი განათლების ხელშეწყობისათვის. განათლების ხარისხის ამაღლებასთან პირდაპირ კავშირშია მასწავლებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა”- განაცხადა ნიკოლას რიჩარდსმა.
ნიკოლას რიჩარდსი შეხვდა აშშ-ს საელჩოსა და ევრო კავშირის წარმომადგენლობის მაღალ ოფიციალურ პირებს. ნიკოლას რიჩარდსმა მათ გააცნო სპმთპ-ის გამოწვევები. ”ბრიუსელიდან შეუძლებელია ყველა დეტალის გაცნობა. ბრიუსლეში ვკითხულობდით სპმთპ-ის ანგარიშებს და გვიხაროდა მათი წარმატებები. ახლა დავრწმუნდით, თუ რა შრომის ფასად მიაღწია ორგანიზაციამ აღნიშნულ შედეგებს. ყოფილი ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული უმძიმესი ორწლიანი ზეწოლის მიუხედავად, დღეს ორგანიზაცია ფეხზე დგას. ჩვენ გადავარჩინეთ სახლი ცეცეხლისაგან, მაგრამ არის ნარჩენები. სპმთპ-ის წინააღმდეგ მიმდინაროებს პროცესები, რომელიც არ მომწონს.არის პრობლემები, რომელიც საზიანოა არამხოლოდ პროფკავშირისათვის, არამედ ქვეყნისთვისაც. დროა, დავიწყობთ საქართველოში პროფკავშირული კულტურის ჩამოყალიბება. ,,განათლების ინტერნაციონალის ’’სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორების ჩართვით უნდა განხორციელდეს სპმთპ-ის ინსტიტუციონალური განვითარება” - აღნიშნა ნიკოლას რიჩარდსმა.
ბატონმა ნიკოლასმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ე.წ ყვითელი პროფკავშირების საქმიანობაზე. „საერთაშორისო პროფკავშირები მიესალმებიან ჯანსაღ კონკურენციას და არა იმ დინებებს, რაც შეინიშნება ბუნდოვანი წარმოშობის ორგანიზაციების სახით, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ,,განათლების ინტერნაციონალი’’ არ დაუშვებს ხელისუფლების მხრიდან ყვითელი პროფკავშირების აღიარებას“ - დასძინა მან.
ვიზიტის დასასრულს, ნიკოლას რიჩარდსმა აღნიშნა, რომ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი, ,,განათლების ინტერნაციონალის” მხარდაჭერით გახდება ინსტიტუციონალურად ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებასა და დემოკრატიული პროცესების განვითარებას საქართველოში.