როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 24 მაისს ჩატარდა სპმთპ-ის XII საანგარიშო ყრილობა, დღის წესრიგის 7 საკითხით.
ყრილობაზე გავაანალიზე სპმთპ-ის 2-წლიანი მუშაობა სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ სპმთპ-ის წესდების მოთხოვნების თანახმად, ყრილობამდე საანგარიშო კონფერენციებზე რაიონული/საქალაქო ორგანიზაციების 61-მა თავმჯდომარემ წევრებს წარუდგინა 2-წლიანი საქმიანობის ანგარიში.
XII საანგარიშო ყრილობაზე ანგარიშში ძირითადი აქცენტები, ტრადიციულად, გადატანილი იყო პედაგოგთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული ინტერესების დაცვის მიმართულებით გაწეულ მუშაობაზე. ამ მიზნით, სპმთპ-ის ინიციატივები გაზიარებულია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ და გასულ 2-წელიწადში განხორციელდა შემდეგი ცვლილებები:
1. 2023 წლის 13 მარტის ცვლილებით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დოქტორის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე მასწავლებლები კარიერული წინსვლის პროცესში გათავისუფლდნენ თეორიული გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისაგან;
2. 2023 წელს მასწავლებელთა კარიერული წინსვლის პროცესში, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის ელექტრონული საქაღალდის (პორტფოლიოს) წარდგენის ვადა გახანგრძლივდა, იმ მასწავლებლებისათვის, ვისაც 2022 წელს ჩაბარებული ჰქონდა პროფესიული უნარების გამოცდა;
3. 2024 წლის მაისში, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის პროცესში მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის ელექტრონული საქაღალდის (პორტფოლიოს) წარდგენის დამატებით ვადად განისაზღვრა 2024 წლის ზაფხული, იმ მასწავლებელთათვის, ვისაც 2023 წელს დაუხარვეზდა პორტფოლიო, ან არ/ვერ წარადგინა და ვისაც აქვს დოქტორის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
4. 2023 წლის 1 იანვრიდან, საჯარო სკოლის მასწავლებლებს დეკრეტული შვებულების ანაზღაურებადი პერიოდი უნაზღაურდებათ სრული ხელფასიდან, დანამატების ჩათვლით (ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება N33 -ში, ,,ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრისა და გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“).
განათლების სამინისტროსა და სპმთპ-ის სოციალური პარტნიორობის პროცესში ჩაერთვნენ მასწავლებლები: 2023 და 2024 წლებში, ორივე ეტაპზე, სპმთპ-ის წევრი პროფესიონალი მასწავლებლები მონაწილეობდნენ მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანიბის (პორტფოლიოს) შეფასების კომისიებში.
სპმთპ-ის მიერ გაწეული 2-წლიანი მუშაობა ყრილობის დელეგატთა გადაწყვეტილებით ერთხმად შეფასდა დადებითად.
საანგარიშო პერიოდში წევრთა ინდივიდუალი შრომითი დავების და უფლებების შელახვის მიმართულებით აქტიურად მუშაობდა სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტი, გიორგი ქოსაშვილის ხელმძღვანელობით. 
წევრთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ტრენინგები და სემინარები, სპმთპ-ის ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით, მარიამ მკალავიშვილის ხელმძღვანელობით და სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ თავმჯდომარის როლანდ ხოჯანაშვილის მენტორინგითა და ხელმძღვანელობით.
სპმთპ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული ავტორიტეტული და ინოვატორი ორგანიზაციაა. (2 წლის პერიოდში მიმდინარე საერთაშორისო ურთიერთობები იხილეთ შემდგომ გვერდზე.
საანგარიშო პერიოდში, სპმთპ-ის შემოუერთდა 1300-მდე წევრი და 64 პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია. მიუხედავად ამისა, სპმთპ-ის XII საანგარიშო ყრილობაზე გამოითქვა კრიტიკაც პირველადი და რაიონული/საქალაქო ორგანიზაციების იმ თავმჯდომარეების მიმართ, რომელთაც არასათანადო მუშაობა გასწიეს წევრთა მოზიდვისა და დამაგრების მიმართულებით, ორგანიზაციის როლის, მიზნებისა და მიღწეული შედეგების შესახებ წევრებთან/არაწევრებთან არასაკმარისი კომუნიკაციის გამო. მე, როგორ სპმთპ-ის პრეზიდენტი, ვიყავი და ვარ თვითკრიტიკული, განსაკუთრებით სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულთა წინაშე არსებული და სხვა გადაუჭრელი საკითხების გამო.
სპმთპ-ის XII საანგარიშო ყრილობამ დადებითად შეაფასა სპმთპ-ის საკონტროლო-სარევიზიო კომისიის ანგარიში, რომელიც წარადგინა საკონტროლო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნინო დანელიამ. ანგარიში მომზადდა საკონტროლო-სარევიზიო კომისიის მიერ სპმთპ-ის საქმიანობის შესწავლის საფუძველზე და ასევე, ფინანსურ ნაწილში დაეყრდნო დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნას.
P.S. ფბ-ზე შემოვიდა პროფკავშირის წევრი მასწავლებლის სურვილი ყრილობაზე წარდგენილი 2-წლიანი ანგარიშის გაცნობის თაობაზე. სპმთპ-ის საქმიანობის ანგარიში გამოიცა ბუკლეტის სახით და ყრილობის სრული ინფორმაციის გაცნობა ხელმისაწვდომია ყველა წევრისათვის სპმთპ-ის ცენტრალურ ოფისში.
გამოვთქვამთ მზადყოფნას, დაინტერესებულ წევრსა და არაწევრს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეხვედრებზე მივაწოდოთ საქმიანობის ანგარიში დისკუსიის ფორმატში.
ერთად ყველაფერს შევძლებთ!
პატივისცემით, მაია კობახიძე