2025 წლის 24 მაისს, სპმთპის XII საანგარიშო ყრილობა გაიმართა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. სპმთპ-ის უმაღლესი კოლეგიური ორგანოს- ყრილობის დელეგატთა წარმომადგენლობითი ნორმა (კვოტა) განსაზღვრულია სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოს დადგენილებით, რომლის შესაბამისად, სპმთპ-ის რაიონულ/საქალაქო ორგანიზაციებისა და აჭარის რესპუბლიკური საბჭოს საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციებზე წევრების მიერ არჩეული იქნა 219 დელეგატი. სპმთპ-ის პრეზიდენტის ინიციატივითა და აღმასრულებელი საბჭოს მხარდაჭერით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში წევრთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, სათათბირო ხმის უფლებით (კენჭისყრაში მონაწილეობის გარეშე), უკვე მეორე ყრილობაა, ყრილობის მუშაობაში მონაწილეობენ არადელაგატი, აქტიური წევრები. მე-12 საანგარიშო ყრილობაზე დელეგატებთან ერთად წარმოდგენილი იყო 77 წევრი სათათბირო ხმით.
ყრილობას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: სოციალური პარტნიორები- რაიონული საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსები და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
სპმთპ-ის სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ იოსებ ჟღენტმა წარადგინა მოხსენება და დაადასტურა სპმთპ-ის XII საანგარიშო ყრილობის 216 დელეგატის უფლებამოსილება.
ყრილობის თავმჯდომარემ, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ ისაუბრა საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, რაც ყრილობამ ერთხმად შეაფასა დადებითად. მან წარადგინა საგანამანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის მიმართულებით პრიორიტეტები და ორგანიზაციული განვითარების ხედვა. ყრილობის დელეგატებმა და მონაწილეებმა იმსჯელეს გამოწვევებზე და გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები პრობლემების გამოსწორების შესახებ.
ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა მომავალი მასწავლებელი მარიამ ჩაჩანიძე, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის და საქართველოს ბიზნესის აკადემიის სკოლამდელი აღზრდის ფაკულტეტების სტუდენტი და სახელმწიფო სტიპენდიანტია. მარიამ ჩაჩანიძემ საზოგადოებას საკუთარი ხედვები გაუზიარა, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟისა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებასთან დაკავშირებით. მარიამი სკოლის პერიოდიდან აქტიურად არის ჩართული ასეულობით მასწავლებელისა და მოსწავლის პროფესიული განვითარების საქმიანობაში. ის არაერთი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია, ავტორია 700-ზე მეტი პუბლიკაციისა, თარგმნის სტატიებს განათლების საკითხებზე პლატფორმისათვის „ახალი განათლება“.
ქ. ბათუმის №1 საჯარო სკოლის მენტორმა მასწავლებელმა ანა ანუშიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია, თემაზე: „ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების თამაშით სწავლება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებისთვის“. ანა ანუშიძე საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორი, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატი, ზოგადი განათლების მიმართულებით საგნობრივი და ხარისხის განვითარების ექსპერტია. ანა ანუშიძემ მის მიერ შექნილი სახელმძღვანელო და მეთოდოლოგიების კრებული ეფუძნება ეროვნულ დონეზე მომზადებულ კვლევებსა და საერთაშორისო გამოცდილებებს, რათა დაეხმაროს კოლეგებს პრაქტიკულ საქმიანობაში.
სპმთპ-ის ყრილობაზე სხვადასხვა აქტუალური თემებზე მსჯელობით გამოვიდნენ: ნატალია ჯიქურაშვილი - ხაშურის მუნიციაპლიტეტის, სოფელ ხცისის საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი; მაია ჯაფიაშვილი - ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბრეთის საბავშვო ბაღის აღმზრდელი; მარეხ ვიბლიანი - დმანისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი; ედიტა კოდუა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 8 სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი; დალი ნებიერეიძე - ქ. ტყიბულის N6 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი; ლიკა სანაია - ქ. თბილისის №200 საჯარო სკოლის პედაგოგი. დარბაზიდან ყრილობის მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ პოლემიკაში.
,,პროფესიონალიზმი, ერთობა და სოლიდარობა აძლიერებს პროფკავშირს!” ,,ვიცავთ დემოკრატიას - თითოეული წევრის პროფესიონალიზმი და საზოგადოებრივი აქტივობა ამაღლებს პროფკავშირის როლს!” მოწოდებებით მიმდინარეობდა მე-12 საანგარიში ყრილობა, რაც იქნება, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, სპმთპ-ის მთავარი გზავნილი.
ყრილობაზე წარდგენილი სპმთპ-ის საქმიანობის ანგარიში გამოქვეყნდება მიმართულებების მიხედვით