ბატონო ალექსანდრე,
გული ვეღარ იტევს ტკივილს, მინდა გესაუბროთ, იმდენი მაქვს სათქმელი რით დავიწყო, რომელი ერთი მოვიგონო...
ვერასდროს დავივიწყებ იმ სიკეთეს, ერთგულებას და ბრძნულ დარიგებებს, რაც თქვენგან მქონდა. თქვენთვის სრულიად უცნობს და პროფკავშირულ საქმიანობაში ახალბედას გამომიცხადეთ სრული ნდობა, მხარდაჭერა და თანადგომა. ეს თქვენი ხასიათია!
განცდებით დამძიმებული ვიხსენებ ჩვენს თორმეტწლიან თანამშრომლობას, ბრძოლას, მეგობრობას. შეუფასებელია თქვენი ღვაწლი პედაგოგთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის საქმეში. 3-ათეულ წელზე მეტი ხელმძღვანელობდით სპმთპ-ის აჭარის რესპუბლიკურ საბჭოს, ჩვენი ქვეყნის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. მიუხედავად მრავალი ზეწოლისა და დაშინების, უკან არ დაგიხევიათ და არ გიღალატიათ პროფკავშირის ღირებულებებისთვის, რაც უმთავრესად გამოიხატებოდა მასწავლებელთა ინტერესების დაცვაში. მახსენდება უამრავი ფაქტი, კრიტიკულ მომენტებში თქვენთვის ჩვეული პროგრესული და პრინციპული გადაწყვეტილებების მიღების შესახებ.
საზოგადოებამ არ იცის ბევრი, რასაც ახლა გეტყვით საჯაროდ:
2010 წლის ოქტომბერში გაგიცანით. ჩვენი ორგანიზაცია უმძიმეს ზეწოლას განიცდიდა, მანანა ღურჭუმალიძის გადადგომის შემდეგ, საგანგებო ყრილობისათვის ემზადებოდა. თქვენ პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდით. გადავწყვიტე ჩემი კანდიდატურა დამეყენებინა და საბუთები შემოვიტანე.
ყრილობის წინასაარჩევნო კამპანია ჩემთვის უცნაური და ამოუხსნელი იყო. რაიონებში გამართულ შეხვედრებზე ყველა არ დამხვდა კეთილგანწყობილი. არ ვიცოდი და გვიან შევიტყვე, დამოუკიდებელი პროფკავშირის კონტროლისათვის, თურმე ხელისუფლებას თავისი კანდიდატურა ჰყავდა. მე, რიგითი მასწავლებელი, მიუღებელი ვიყავი მათთვის. თქვენი ორგანიზებით, ქ. ბათუმში აჭარის აქტივთან შედგა შეხვედრა. თბილი ღიმილით მისმენდა აჭარის ფართო საზოგადოება. ეს მუხტი, სითამამე და პრინციპული ხედვა თქვენ დანერგეთ და გააღვივეთ მათში. დამოუკიდებელ, მაგრამ გამოუცდელ კანდიდატურას გვერდში დამიდექით როგორც მამა, უფროსი ძმა, უფროსი მეგობარი და მრჩეველი, მასწავლებელთა დამოუკიდებელი და ძლიერი გაერთიანების შექმნის იმედი ჩამისახეთ.
2010 წლის 30 ოქტომბერს, თქვენ თავმჯდომარეობდით ყრილობას, რომლის ჩაშლის მცდელობაც განათლების სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული. შევძელით და არჩევნები ჩატარდა წესდების მოთხოვნების სრული დაცვით. მას შემდეგ, არ მავიწყდება და ხშირად ჩამესმის თქვენი ომახიანი, გამარჯვებული ხმა: ,,111 დელეგატის მიერ არჩეულია მაია კობახიძე!“
ჩემი არჩევის შემდეგ გაძლიერდა ზეწოლა ჩემზე, თქვენზე და მთლიანად ორგანიზაციაზე. ამის პარალელურად, ენითაღუწერელი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დიპლომატიურმა კორპუსმა. არასდროს დამავიწყდება თქვენი ნუგეში, კეთილი და გაოგნებული გამომეტყველება, როდესაც მოგიყევით ჩემზე განხორციელებული მუქარის შესახებ. მაშინაც თქვენ იყავით ჩემი ძალა და საყრდენი, მიუხედავად იმისა, რომ თავად განიცდიდით დიდ ზეწოლას, რაც არასდროს გითქვამთ, გვიან შევიტყვე. თქვენი უტეხი ერთგულება იყო მიზეზი იმის, რომ შემომითვალეს: ,,ღურჭუმალიძე კანადაში გავაქციეთ და შენ აჭარას შეაფარებ თავსო!“
ჩემო ერთგულო მეგობარო, როგორ არ გავიხსენო 2011 წლის გაზაფხულზე, პირველი შეხვედრა მაშინდელ განათლების მინისტრთან, დიმიტრი შაშკინთან, რომელიც საელჩოების ინიციატივით და ძალისხმევით, დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტული მედიატორული კომპანიიდან მოწვეულმა მედიატორმა, ჯეიმს ვუდსმა დააორგანიზა. მინისტრი ცდილობდა შეცდომაში შევეყვანეთ და შემოგვთავაზა ორგანიზაციის აღდგენა არა ქვეყნის მასშტაბით, არამედ თქვენ დაგეწყოთ აჭარიდან. თქვენ უარყავით, თქვენი გონიერებით, პრინციპულობით, ერთგულებითა და კეთილსინდისიერებით. არ შეუშინდით ზეწოლასა და კრიზისს. პირად კეთილდღეობაზე მაღლა ყოველთვის იდგა თქვენი პასუხისმგებლობები,ზნეობრივი და მორალური ღირებულებები. იდეების ერთგულება, პედაგოგთა ინტერესების დაცვა თქვენი ცხოვრების მთავარ მიზანს წარმოადგენდა.
2012 წლის ოქტომბრიდან, მოიხსნა ზეწოლა ჩვენს ორგანიზაციაზე, დავიწყეთ აღდგენა და აჭარა იყო მოწინავე. გამოირჩეოდით წევრთა რაოდენობით, ნდობით, აჭარის რაიონული/საქალაქო ორგანიზაციების ლიდერთა გუნდურობით, გაუჩერებელი შრომითა და უფლებების დაცვისათვის ბრძოლით.
წარმატებების პარალელურად წუხდით და არ გასვენებდათ 2009 წელს ჩამორთმეული ქონების საკითხი. ბათუმის ცენტრში მდებარე, ჩვენი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული ,,მასწავლებლის სახლის“ კუთვნილების ყველა დოკუმენტი არქივიდან ,,გაქრაო“... ერთი წელიც არ გასულა, მთიან აჭარაში მასწავლებელთა კონფერენციების შემდეგ, სასიამოვნო სიურპრიზი მომიწყვეთ და ბათუმის ცენტრში საოფისე ფართი მაჩვენეთ, ,,შევიძინეთ და დავაპროექტოთო“. ერთად დავხაზეთ მასწავლებელთა სატრენინგო ოთახი, პატარა კაბინეტი, ფინანსისტების სამუშაო ოთახი და გასულ შემოდგომაზე, აჭარის რესპუბლიკური საბჭოს კონფერენციის შემდეგ, გემოვნებით გარემონტებული, ინვენტარით აღჭურვილი ოფისი დამახვედრეთ.
ენითაღუწერელ საქმიანობასა და უამრავ ტკბილ მოგონებებთან ერთად, წევრთა შეკრებისა და მუშაობისათვის ეს სივრცეც დაუტოვეთ აჭარელ მასწავლებლებს, აჭარის რესპუბლიკურ საბჭოს.
არ ვიცნობდი აჭარას და აჭარლების ხასიათს, თქვენ შემაყვარეთ. ჩემთვის სტიმულის მომცემი და ახალი ენერგიის წყარო იყო აჭარაში ჩატარებული ყოველი თქვენი ღონისძიება, აჭარელი მასწავლებლების კრიტიკული გამოსვლები, იყო ზეიმიც! არაერთგზის მითქვამს და გავიმეორებ: ,,როგორც საქართველოს საზღვრებს იცავს მტკიცედ და მედგრად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ასე აძლიერებს სპმთპ-ის აჭარის რესპუბლიკური საბჭო ჩვენს ორგანიზაციას!“ ეს თქვენი ლიდერობით, ორგანიზებულობით, სამართლიანობით, მასწავლებლებისა და საქმის სიყვარულით, პიროვნული თვისებებითა და პროფკავშირის ღირებულებების დაფასებით იქნა მიღწეული. ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში იყავით 7 ყრილობის უცვლელი თავმჯდომარე, თქვენი პროფესიონალიზმით, კულტურითა და წესრიგით.
უმძიმესია თქვენი გადასვლა იმქვეყნიურ, მარადიულ ცხოვრებაში პედაგოგთა საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით პროფკავშირული მოძრაობისთვის ჩვენს ქვეყანაში.
სიტყვები არ მყოფნის, არ არსებობს თქვენი პიროვნების სიდიადის საზომი ერთეული. ჩვენ ერთად შევქმენით თვისებრივად ახალი პროფკავშირის ისტორია! თქვენი კეთილგონიერება, თანამედროვე ხედვა, მენეჯერული უნარები მყარი საძირკველია მასწავლებელთა ერთობისა!
გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას და ვუსამძიმრებ თქვენს ოჯახს! მათ მწუხარებას ალბათ, შეამსუბუქებს თქვენი ღვაწლი და მოღვაწეობა. იმედი მაქვს, სიამაყის განცდა დაეხმარებათ ტრაგედიის დაძლევაზე.
ტკბილად იძინე, ჩვენო ბერმუხა, ღვაწლმოსილო, ერთგულო, სამართლიანო, გადაღლილო ლიდერო! ჩემო საიმედო მეგობარო, ჩემო მრჩეველო, ნათელში იყოს თქვენი სპეტაკი და კეთილი სული!
სიყვარულით,
მაია კობახიძე
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი