საკონსულტაციო - საინფორმაციო შეხვედრა ლაგოდეხელ პედაგოგებთან, მიმდინარე წლის 1 თებერვალს, სპმთპ-ის ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ნინო ლომიძის ორგანიზებით, პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 28 საჯარო სკოლის სპმთპ-ის წევრებმა. შეხვედრა ორ ნაწილად წარიმართა. სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ პროფკავშირის საქმიანობის შედეგები და მასწავლებელთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების სამომავლო პრიორიტეტები განიხილა.
სპმთპ-ის პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ როლანდ ხოჯანაშვილმა კოლეგებთან ისაუბრა საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესებსა და პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების სხვა აქტუალურ თემებზე. კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე დისკუსიის დროს დაიგეგმა ღონისძიებები მასწავლებელთა და სკოლების საჭიროებების, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების შესაბამისი ტრენინგ-სემინარების ჩატარების მიზნით.
შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებას სპმთპ-ის ხელმძღვანელებთან პირისპირ ემსჯელა და განეხილა საკითხები უფლებების დაცვისა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების მიმართულებით.
მაია კობახიძემ მადლობა გადაუხადა ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ხათუნა შუშტაკაშვილს, სამაგალითო სოციალური პარტნიორობისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვისათვის, ქ. ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლის დირექტორს ქეთევან თალაკვაძეს ღონისძიების მასპინძლობისთვის და საჯარო სკოლების დირექტორებს ნაყოფიერი თანამშროლობისათვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტები მარი ალუღიშვილი და ნათია კორძაძე.