პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ჰოლოკოსტის 80 წლის აღსანიშნავად საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის და ევროპის 20 ქვეყნის განათლების პროფკავშირების წარმომადგენლებმა. კონფერენციის ორგანიზატორები არიან: მსოფლიოს მასწავლებელთა გაერთიანება ,,განათლების ინტერნაციონალი“ (EI), ებერტის ფონდის წარმომადგენლობა პოლონეთში, პოლონეთის (ZNP), გერმანიის (GEW) და ისრაელის (ITU) განათლების პროფკავშირები.

კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა მასწავლებლების და განათლების პროფკავშირების მნიშვნელობა პოლარიზებულ სამყაროში მომავლის განსაზღვრის მიზნით, რისთვისაც საჭიროა მეტი ყურადღება დაეთმოს ისტორიის სწავლებას სკოლებში. ,,მეხსიერება გადადის მესამე თაობაში და შემდეგ ქრება, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ისტორიას“.

საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ და აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარი ალუღიშვილმა.

სპმთპ-ის პრეზიდენტმა ქართველი და ებრაელი ხალხის 26-საუკუნიან თანაცხოვრებასა და ჰოლოკოსტის პერიოდში ებრაელი ხალხის გადასარჩენად ქართველთა თავგინწირვის ისტორიულ ფაქტებზე ისაუბრა:
,,მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის ისტორია გადაჯაჭვულია ებრაელი ხალხის ისტორიას.
ებრაელები ჩვენს ქვეყანაში შემოვიდნენ 26 საუკუნის წინ, ისრაელის დარბევის შემდეგ, ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეში, მომდევნო ტალღა - ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში. მარტო ის ფაქტი, რომ საქართველოში ქრისტეს კვართი შემოიტანა ქართველმა ებრაელმა ელიოზ მცხეთელმა, საუკეთესო მაგალითია ორი ერის ურთიერთობის.

სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში, არცერთ ეტაპზე, არ არსებობს ებრალეთა დარბევის, ძალადობის ან შევიწროების არცერთი ფაქტი, რის შესახებაც ჯერ კიდევ 1913 წელს ქ. ფრანკფურტში მიმდინარე ებრაელთა საერთაშორისო ყრილობაზე განაცხადა ქართველი ებრაელების რაბინმა დავიდ ბააზოვმა:
,,ქვეყანა, საიდანაც მე ჩამოვედი, შორეულ კავკასიაშია. მას საქართველო ჰქვია. ეს არის ქვეყანა, სადაც არასდროს ყოფილა ებრაელთა რბევა. მის შვილებს არასდროს აუწიოკებიათ ჩვენი ხალხი, ტკბილად და ძმურად ვცხოვრობთ“.

დავით ბააზოვის სიტყვა დიამეტრალურად განსხვავდებოდა ,,პროგრესული ევროპის“ სხვა დელეგატთა გამომსვლელებისგან, რომლებიც ერთმანეთს უზიარებდნენ ებრაელთა სასტიკი დევნისა და შევიწროების ფაქტებს.

ყრილობის თავმჯდომარემ გენერალმა ლიფმონმა შემდეგი სიტყვებით მიმართა ყრილობის დელეგატებს: ,,ძმებო თქვენს წინაშეა თქვენი ძმა შორეული საქართველოდან. ეს ქვეყანა შორსაა ჩვენგან, მაგრამ იგი ახლოს უნდა იყოს ყველა ებრაელის გულთან. დღეს ევროპა ცდილობს კაცთმოყვარეობის პრინციპების გათავისებას, ქართველ ერს კი კაცთმოყვარეობა ათასობით წლის წინ ჰქონდა შეთვისებული..... ქართველ ერს შეუძლია ამაყად თქვას - ,,ჩვენც გვყავდა მეფეები, სამღვდელობა, მხედრობა, მწერლობა, მაგრამ სხვა ერების დევნა ფიქრადაც არ მოგვსვლია. ევროპის ძალებით დაღვრილ ებრაელთა სისხლში ქართველის ხელი არ გასვრილა....“
გენერალმა ლიფმონმა ასე დაასრულა თავისი გამოსვლა: ,,შვილებო ანდერძად გქონდეთ, ვისაც როგორ შეგიძლიათ, ისე გამოხატეთ ქართველი ერისადმი სიყვარული!“

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მეორე მსოფლიო ომის დროს, ჰოლოკოსტის პერიოდში, საქართველოდან 1921 წელს დევნილი - დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ემიგრაციაში მყოფი წევრების თავგანწირვის ისტორიული ფაქტები. ქართველმა ემიგრანტებმა ათასობით ებრაელი გადაარჩინეს.

როგორც თქვენთვის ცნობილია, საბჭოთა რუსეთმა 1921 წელს მოახდინა საქართველოს სრული ოკუპაცია. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა წავიდა ევროპაში და მათგან მცირერიცხოვანმა ჯგუფმა დაიწყო თანამშრომლობა ფაშისტურ მთავრობასთან, ერთი მიზნით, მათი საშუალებით საქართველო გაეთავისუფლებინათ რუსეთისგან.

ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს მილიონობით საბჭოთა ჯარისკაცი მოხვდა ტყვეობაში და ამ პერიოდში გერმანიის მთავრობის მხარდამჭერებმა - ქართველმა ემიგრანტებმა მიხეილ კედიამ, მეცნიერებათა დოქტორებმა მიხეილ ახმეტელმა, ალექსანდრე ნიკურაძემ, იოსებ ელიგულაშვილმა, დამოუკიდებელი საქართველოს გენერალ-გუბერნატორმა შალვა მაღლაკელიძემ აქტიურად დაიწყეს ტყვეთა გათავისუფლებისათვის მუშაობა. მათთვის განსაკუთრებით აქტუალური იყო ქართველ ებრაელთა რეპრესიების საკითხი. ქართველმა ემიგრანტებმა შეძლეს ფაშისტური გერმანიის მთავრობისათვის დაემტკიცებინათ, რომ ქართველი ებრაელები არ არიან ებრაელები, ისინი არიან მოსეს რჯულით ქართველები. ქართველი ემიგრანტების მოხერხებულობის შედეგად სიკვდილს გადაურჩა ათასობით ქართველი ებრაელი, ასევე, მათ საფარქვეშ მოექცნენ სხვა ქვეყნების ებრაელებიც, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იყვნენ მოსეს რჯულის ქართველები.

ალბათ დამეთანხმებით, რა სულიერი კავშირი უნდა ყოფილიყო ქართველებსა და ებრაელებს შორის, რომ ასეთ სარისკო ნაბიჯზე წასულიყვნენ ქართველი ემიგრანტები.

მოვიყვან კიდევ ერთ მაგალითს, რომელიც ჰუმანიზმის და თავგანწირვის უდიდესი გამოვლინებაა. აუშვიცის (ოსვენციმის) საკონცენტრაციო ბანაკის ტყვემ, ვარშავის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველმა ღვთისმსახურმა - ისტორიკოსმა, თეოლოგიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა გრიგოლ ფერაძემ თავი გაწირა ებრაელი ახალგაზრდას გადასარჩენად, რომელიც იყო ხუთი შვილის მამა. გრიგოლ ფერაძე მის ნაცვლად შევიდა გაზის კამერაში.

გრიგოლ ფერაძის გმირული მოღვაწეობა შეისწავლა ქართველმა ებრაელმა დავით ბუზუკაშვილმა, რომელმაც გრიგოლ ფერაძეზე გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით ,,მე მოვკვდე, ოღონდ შენ გაიხარო!“ გრიგოლ ფერაძე აღიარებულია წმინდანად. მისი წმინდანად აღიარების მოთხოვნაც პირველად დააყენა ქართველმა ებრაელმა დავით ბუზუკაშვილმა.
ქ. ვარშავის უნივერსიტეტისა და იოან კლემაქსის სახელობის ეკლესიის კედლებზე გაკრულ მემორიალურ დაფებზე ამოტვიფრულია გრიგოლ ფერაძის სახელი და გვარი, რაც მისი უკვდავების დასტურია.

შემიძლია უამრავი ფაქტის მოყვანა ქართველი და ებრაელი ხალხის თანაცხოვრებიდან. არ მინდა გადაგღალოთ და არც ის მინდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ვამაყობთ ერთეული ფაქტებით. ქართველი და ქართელი ებრაელი ხალხის 26 - საუკუნოვანი ურთიერთობების ისტორია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოიძიონ ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციებით.

ბუნებრივია კითხვა: ,,რა მდგომარეობაა დღეს?“ ,,არის თუ არა ქვეყანაში ანტისემიტიზმი? რა თქმა უნდა, არა! ამის დამადასტურებელი მაგალითია, ქართველი ხალხის დამოკიდებულება ებრაელთა სინაგოგების, საქართველოდან წასული ქართველი ებრალების სასაფლაოების, კულტურული ძეგლების მიმართ. ისტორიულ სამშობლოში ებრაელების მასიურიად დაბრუნების შემდეგ, საქართველოში კომპაქტურად დასახლებულ სოფლებში, სადაც აღარ დარჩნენ ებრაელები, სინაგოგებს და მათ სასაფლაოებს უვლიან ქართველები. საქართველოს ყველა ქალაქში არის სინაგოგები, თბილისის დიდი სინაგოგა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (სიონის) საკათედრო ტაძარი გვერდი-გვერდ მდებარეობენ, თბილისში ფუნქციონირებს ,,დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი“, მსოფლიო ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოებში შეტანილია და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ყველა საფეხურზე ისწავლება ჰოლოკოსტი და ანტისემიტიზმი, საქართველოში მცხოვრები ებრაელები აქტიურად მონაწილეობენ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და სხვა.
ქართული რეალობა ასეთია!“

14 წელია პოლონეთის, გერმანიისა და ისრაელის განათლების პროფკავშირები ერთობლივად ატარებენ ღონისძიებებს და სხვადასხვა აქტივობებს, ზრუნავენ ჰოლოკოსტის მძიმე ისტორიის შენახვისათვის.

,,არ დავივიწყოთ წარსული, რათა არ გავიმეოროთ შეცდომები, გავაუმჯობესოთ კურიკულუმები ჩვენი პედაგოგიური უნარებით, გავანათლოთ თაობები, ვასწავლოთ მათ კრიტიკული აზროვნება და ავუმაღლოთ ცნობიერება“- განაცხადა ევროპის განათლების პროფკავშირების (ETUCE) პრეზიდენტ ჯონ მაკგაბანმა.

გამომსვლელები ემოციურად ყვებოდნენ ანტისემიტიზმის და ჰოლოკოსტის მძიმე ფაქტებს, იხსენებდნენ ოჯახის წევრების ისტორიებს, გაშუქდა დოკუმენტური ფილმები.