ქ. თბილისში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს 51 რაიონში არჩეული, სკოლებიდან, საბავშვო ბაღებიდან და უნივერსიტეტებიდან 211 დელეგატი მონაწილეობდა.
მონაწილეებმა მოისმინეს ორგანიზაციის ბოლო ოთხი წლის საქმიანობის ანგარიში, გამოწვევები და შემდეგი 4 წლის პრიორიტეტები, რომელიც პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ წარადგინა. განიხილეს განათლების სფეროში მიმდინარე საკითხები და დაამტკიცეს ორგანიზაციის მომდევნო ოთხი წლის სამოქმედო გეგმა.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტად ახალი ვადით მაია კობახიძე აირჩიეს.
ყრილობის მუშაობაში, ტრადიციის მიხედვით, მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მაღალი ოფიციალური პირები-სოციალური პარტნიორები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე დარგობრივი პროფკავშირების წარმომადგენლები.
ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) წევრი ორგანიზაციების საერთაშორისო დელეგაციას დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, დანიიდან, უკრაინიდან, რუმინეთიდან, აზერბაიჯანიდან, ტაჯიკეთიდან, ყირგიზეთიდან, განათლების პროფკავშირების ევროპის კომიტეტის (ETUCE) პრეზიდენტი ლარი ფლანაგანი ხელმძღვანელობდა.
ყრილობაში უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მუშაკთა პროფესიული კავშირის სახელით მონაწილეობა მიიღო პროფკავშირის ხელმძღვანელის მოადგილემ ოლგა ჩაბანიუკმა.
თავის გამოსვლაში ოლგა ჩაბანიუკი მიესალმა ყრილობის დელეგატებს 1,2 მილიონი უკრაინელი პროფკავშირის წევრის სახელით და განსაკუთრებული გულწრფელი მილოცვა გადასცა უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელის, გიორგი ტრუხანოვისგან. გარდა ამისა, მან მადლობა გადაუხადა ქართველ მასწავლებლებს, კოლეგებს სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის.
,,ქართველ ხალხს ბევრი საერთო აქვს უკრაინელ ხალხთან! ჩვენ ვიცით, როგორ დააზარალა რუსეთის აგრესიამ ქართველები და თქვენ, როგორც არავის, გესმით, რას ვგრძნობთ ჩვენ, უკრაინელები, ვისგანაც წაიღეს და დაიკავეს ტერიტორიის ნაწილი. და, მადლობას გიხდით, რომ გვეხმარებით“, - განაცხადა პროფკავშირის უფროსის მოადგილემ.
გამოსვლის დასასრულს ოლგა ჩაბანიუკმა წარმოადგინა ქართველი მხატვრის ნახატის მიხედვით შექმნილი, უკრაინელი აბრეშუმის ხელოსნების ნამუშევარი, რომელიც მშვიდობის სიმბოლოა - „მათ ვინც იცავს ცას!“. უკრაინის განათლების და მეცნიერების მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელის მოადგილემ მოუწოდა კოლეგებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს, გააგრძელონ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის დახმარება აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში!