პედაგოგთა პროფკავშირებში დაახლოებით 62 000 პედაგოგის გაფიცვას არ გამორიცხავენ. პედაგოგები უკმაყოფილოები არიან 2015 წლის ბიუჯეტის გამო, რომელშიც პედაგოგთა საბაზო ხელფასის ზრდა 2015 წლის 1 სექტემბრამდე არ არის გათვალისწინებული.
მასწავლებელთა მოთხოვნა იყო, ხელფასები 1 იანვრიდან გაზრდილიყო.
პედაგოგთა პროფკავშირების თავმჯდომარის, მაია კობახიძის განცხადებით, მათი მოთხოვნა იყო, პედაგოგის საბაზო ხელფასი ეტაპობრივად სამი წლის განმავლობაში გაზრდილიყო იმ გათვლებით, რომ ის გათანაბრებოდა საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს, რომელიც დაახლოებით 750 ლარია. ბიუჯეტის თანახმად კი, სექტემბრიდან, საბაზო ხელფასი 355 ლარი გახდება.
“ეს ძალიან მცირედი, სიმბოლური ზრდაა, ისიც ძალიან შორს გადაწეული, ვინაიდან 1 იანვრიდან სექტემბრამდე – 8 თვის განმავლობაში პედაგოგები ვერ მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას. ეს მასწავლებლებისთვის იყო შეურაცხმყოფელიც, მათი გაწბილების მიზეზიც გახდა და სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია.
ჩვენ ვხედავთ, ქვეყანაში მკვიდრდება ტრადიცია, რკინიგზის პროფკავშირების გაფიცვას ვგულისხმობ, დამსაქმებლები დასაქმებულთა შრომითი და სოციალური პირობების გაუმჯობესებას იწყებენ მხოლოდ გაფიცვის შემდეგ. ჩვენ ამ მეთოდს ჯერ არ მივმართავთ, იმიტომ, რომ გარკვეულ სირთულეებს შევუქმნით მოსწავლეებს, მშობლებს. ვიბრძვით მშვიდობიანი გზით და თუ შედეგს ვერ მივაღწევთ, სხვა გზას აღარ დაუტოვებენ პედაგოგებს, შემდეგ მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას.
ჩვენ რეალურად არჩეული გვაქვს ხელისუფლებასთან კონსტურქციული დიალოგი და ვაცხადებთ, რომ გაგრძელდება სოციალური დიალოგი მშვიდობიანი გზით”,-აცხადებს კობახიძე.
მისივე თქმით, მასწავლებლებმა 17 000-მდე ხელმოწერა შეაგროვეს და აღნიშნული მოთხოვნით პარლამენტს მიმართეს, თუმცა მათი მოთხოვნა გათვალისწინებული არ იქნა.
“მასწავლებელთა საბაზო ხელფასის გაზრდის ინიციატივით გამოვედით მიმდინარე წლის თებერვალში, ჩვენი მოთხოვნაა, რომ პედაგოგის საბაზო ხელფასი გაიზარდოს ეტაპობრივად სამი წლის განმავლობაში, იმ გათვლებით, რომ ის გაუთანაბრდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს, რომელიც დაახლოებით 750 ლარია. გავითვალისწინეთ ქვეყნის შესაძლებლობები, ბიუჯეტის მდგომარეობა და მოვითხოვეთ სამი წლის განმავლობაში განხორციელდეს საბაზო ხელფასის ეტაპობრივი ზრდა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მისაღები აღმოჩნდა ჩვენი წინადადება, მათ დაიწყეს მუშაობა ამ მიმართულებით და უკვე სექტემბერ-ოქტომბერში საჯარო განცხადებები გააკეთეს პრემიერმინისტრმაც, განათლების მინისტრმაც, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან დაიწყება მასწავლებლის საბაზო ხელფასის გაზრდა და განხორციელდება საბაზო ხელფასის გაზრდის პირველი ეტაპი. თუმცა, 3 ნოემბერს ფინანასთა მინისტრის განცხადება პედაგოგთა საბაზო ხელფასის არა პირველი იანვრიდან, არამედ 2015 წლის სექტემბრიდან გაზრდასთან დაკავშირებით იყო პედაგოგთა საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი, ვინაიდან ისინი ელოდებოდნენ დანაპირების შესრულებას 1 იანვრიდან.
ამის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ სოციალური კამპანია, ხელმოწერების შეგროვება ამ მოთხოვნით.
შემდეგ უკვე საგანგაშო და სამწუხარო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ იგნორირება გაუკეთა 17 000-მდე პედაგოგის სამართლიან მოთხოვნას, რომელიც გამოხატავდა 62 000 ათასი მასწავლებლის აზრს და მოთხოვნას. ჩვენ 8 დეკემბერს მივმართეთ საქართველოს პარლამენტს ამ მოთხოვნით.
ეს საკითხი დღესაც აქტუალურია. იქნებ დღეს მაინც გაითვალისწინოს, ვისაც ეს ეხება. ჩვენ თარიღის გადმოწევა გვინდა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით.
ჩვენი სქემის შესახებ ჩვენ კვლავ ვმუშაობთ, რომ თუ არსებობს რაიმე დამატებითი თანხები ეს მოხმარდეს პედაგოგებს, ვინაიდან ძალიან მძიმეა მათი სოციალური მდგომარეობა. ასევე, მიმდინარეობს მასწავლებლის პროფესიის დაწყების, განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის პროექტის შემუშავება. სადაც, კატეგორიებს შორის სახელფასო განსხვავებები უნდა იყოს დაწესებული. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ საქართველოს მთავრობა პროფკავშირების ჩართულობის გარეშე არ მიიღებს გადაწყვეტილებას სქემის დამტკიცების დროს. ვინაიდან, ჩვენი მოთხოვნა არის, ეტაპობრივად განხორციელდეს საბაზო ხელფასის გაზრდა და გაზრდილი საბაზო ხელფასის შესაბამისად, დაწესდეს კატეგორიებს შორის განსხვავება”,-განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, პედაგოგთა მოთხოვნას, მათი ხელფასის იანვრიდან გაზრდის შესახებ, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე 8 დეკემბერს გამოეხმაურა.
“ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ პედაგოგთა ხელფასი გაზრდილიყო იანვრიდან, მაგრამ ვფიქრობ, ესეც ძალიან დიდი წინ წადგმული ნაბიჯია, რომ ჩვენ რეალურად ამ ზრდას განვახორციელებთ და განვახორციელებთ რამდენჯერმე იმისათვის, რომ ძალიან მოკლე პერიოდში მასწავლებლის ხელფასი მოვიყვანოთ შესაბამისობაში”,-განაცხადა სანიკიძემ.
წყარო edu.aris.ge edu_aris_-_2014_.pdf