,,სკოლების ოპტიმიზაციისა და კადრების შემცირების პროცესი შევაჩერეთ”

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, `საპატიო შუახეველს~, სამთავრობო ჯილდოების მფლობელს ლევან ნატარიძეს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა. იგი ჩვენი გაზეთის სტუმარია.
– ბატონო ლევან, რა არის მთავარი, წუთისოფელში კვალი ნათელი რომ დატოვო?
– პირველ ყოვლისა, მადლობას გიხდით, რომ გაზეთი `აჭარა~ ჩემი საქმიანობით დაინტერესდა. ვიტყოდი, რომ ყოველი ადამიანი უნდა შეეცადოს წუთისოფელში კეთილსინდისიერი შრომით, მადლის კეთების სურვილით იაროს. არ არსებობს დიდი და პატარა საქმე, ყველა ღირებულია, თუ მას გულით და სიყვარულით აკეთებ. საზოგადოება არასდროს რჩება გულგრილი პატიოსანი და მშრომელი ადამიანის მიმართ, მადლი ცოტაც რომ აკეთო, დაინახავს, თუ მას გულით აკეთებ. ჩემ მიერ განვლილი გზა შეუმჩნეველი არასოდეს დარჩენილა.
– პედაგოგიურ სარბიელზე თქვენი გამოჩენა რამ განაპირობა?
– პატარაობიდანვე მასწავლებელი უფლის ტოლფასად მიმაჩნდა. მას საზოგადოებაში მუდამ საპატიო ადგილი ეჭირა და მეც მასწავლებლობაზე დიდი პროფესია ქვეყნად არ მეგულებოდა. შესანიშნავი აღმზრდელები მყავდა. აAწ განსვენებული ჩემი პირველი მასწავლებელი მამუდ თავდგირიძე, შემდგომ შალვა ივანაძე, ნადია მიქელაძე, შადიმან და დიმიტრი უსტიაშვილები, აბესალომ აბუსელიძე, ნოდარ თავდგირიძე, თამარ გოგიტიძე… ჩემი არჩევანი მეტწილად მათ განსაზღვრეს.
– დიდხანს მასწავლებელთა მასწავლებლის, ანუ მეთოდისტის ტიტული გქონდათ .. .
– ბათუმის შოთა რუსთაველის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტის (ასე ერქვა მაშინ) დამთავრების შემდეგ, ჩემს მშობლიურ გორას დაწყებით სკოლაში დავიწყე გამგე-მასწავლებლად მუშაობა. ჩემი საქმიანობა აჭარის განათლების სამინისტრომ შეისწავლა, მოიწონა და რამდენიმე კლასთან მუშაობის ფორმები და მეთოდები განაზოგადა. ასე აღმოვჩნდი მოწინავეთა რიგებში. მაშინ `პედაგოგიური კითხვები~ ტრადიციულად ტარდებოდა. საინტერესო მოხსენებები რესპუბლიკურ და საკავშირო პედაგოგიურ კონფერენციებზე იგზავნებოდა. ეს პატივი მეც მერგო და 1977 წელს ალმა-ათის საკავშირო პედაგოგიურ კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა. ამავე წელს პირველად ჩატარდა მასწავლებელთა ატესტაცია და შუახევის რაიონში სამ პედაგოგს – ოლადაურის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელ ალექსანდრე მაკარაძეს, უჩამბის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელ თეიმურაზ ბერიძესა და მე, საქართველოს განათლების მინისტრ ოთარ ქინქლაძის ბრძანებით, უფროსი მასწავლებლის წოდება მოგვენიჭა. 2003 წელს აჭარის განათლების სამინისტრომ ნოვატორი პედაგოგის წოდება მომანიჭა. 1980 წლიდან გადამიყვანეს შუახევის განათლების განყოფილების ჯერ დაწყებითი კლასების მეთოდისტად, შემდეგ, აღმზრდელობითი მუშაობის მთავარ სპეციალისტად. ყოველწლიურად თითქმის ყველა სკოლაში მივდიოდით. ფეხით მაქვს შემოვლილი შუახევის რაიონის ყველა სოფელი და უბანი. ვეხმარებოდით ახალბედა მასწავლებლებს, ვიწონებდით მოწინავე პედაგოგების გამოცდილებას. პირველმა დავნერგე გამოცდილ პედაგოგთა მიერ საჩვენებელი გაკვეთილების ჩატარების პრაქტიკა, აღმზრდელობითი მუშაობის მეთოდისტად მუშაობის დროს, სკოლებში შემოვიღე კლასის ხელმძღვანელის დავთარი და კლასის ხელმძღვანელის საათი, რომელიც საგაკვეთილო ცხრილში შევატანინე, რამაც კარგი შედეგი გამოიღო. საქართველოს განათლების სამინისტრომ იდეა მოიწონა და სიახლედ ჩაგვით ვალა.
– ჯაბნიძეებელი ნატარიძეების გვარიდან ერთ-ერთმა პირველმა ჩააბარეთ ასპირანტურაში. რატომ აღარ გაჰყევით მეცნიერებას?
– ინსტიტუტი წარჩინებით დავამთავრე. 1979 წელს ჩავირიცხე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში, დაუსწრებელ განყოფილებაზე პედაგოგიკისა და ისტორიის სპეციალობით. აქ ლექციებს მიკითხავდნენ ცნობილი მეცნიერები ნათელა ვასაძე, ვლადიმერ გაგუა, გივი ჭანიშვილი, ირაკლი კვიჟინაძე, ნათელა იმედაძე. ჩავაბარე საკანდიდატო მინიმუმის გამოცდები და დისერტაციაზე მუშაობაც დავიწყე. მეცნიერ-ხელმძღვანელად ქალბატონი ბელა გომელაური დამინიშნეს. დადგა სოფლიდან ქალაქში გადასვლის აუცილებლობა. ოჯახში ხანდაზმული დედა მყავდა, როცა ჩემი გადაწყვეტილება გავუმხილე, მითხრა – წადი, შვილო, მე აქედან არსად წამსვლელი არ ვარ და წყლის მომწოდებელს როგორმე ვნახავო. ამ სიტყვებმა ისე იმოქმედა ჩემზე, რომ დედის სიცოცხლეში სოფლიდან არ გავსულვარ. დისერტაციაზე მუშაობაც იმ დღიდან შევწყვიტე. არ ვიცი, რა დონის მეცნიერი მუშაკი ვიქნებოდი, მაგრამ დედის წყენა მთელი ცხოვრება გამყვებოდა და ამიტომ არ ვნანობ.
– სანანებელი არც გაქვთ – კარგი მასწავლებლობის შემდეგ მათი უფლებების დამცველის სტატუსი გაქვთ.
– 21-ე საუკუნის დასაწყისში, როცა განათლების სისტემის რეორგანიზაცია მოხდა და რაიონებში განათლების განყოფილებების ბაზაზე რესურსცენტრები ჩამოყალიბდა, მთავარ სპეციალისტთა სამსახურებმა ფუნქცია დაკარგა. მე პედაგოგთა უფლებების დამცველთა რიგებში ჩავდექი და აქ ჩემი შესაძლებლობების წარმოჩენა ვცადე. როგორ გამომდის, ეს მათ უნდა ჰკითხოთ.
– ოჯახზე რას გვეტყვით?
– შვილების მომავალზე ზრუნვა ყველა მშობლის მოვალეობაა, მაგრამ შვილებმაც უნდა შეგვიწყონ ხელი. ამ მხრივ, მადლობა ღმერთს, ბედს არ ვემდური. ბედნიერებაა, რომ ხუთი შვილიშვილის ბაბუა ვარ. მშვიდი და წყნარი ოჯახი მაქვს. მეუღლე – ნანული აბუსერიძე პროფესიით პედაგოგია. ყოველ საქმესა და წამოწყებაში გვერდით მიდგას. რძლებშიც გამიმართლა. ჩემი ერთი ვაჟი ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსია, მეორე – ზედა აჭყვის საჯარო სკოლის დირექტორი.
– პედაგოგიური საქმიანობიდან უფრო მეტი გაქვთ გასახსენებელი თუ მასწავლებელთა უფლებების დაცვის კუთხით?
– უკვე ვთქვი, რომ ჩემთვის დიდი და პატარა საქმე არ არსებობს. ყველა საქმე დიდია და შეძლებისდაგვარად ვცდილობ, უნაკლოდ ვაკეთო. როგორ გამომდის ეს, სხვები განსჯიან. პედაგოგიურ სარბიელზე ყოველთვის ვნახულობდი ჩემთვის საინტერესო საქმეს. მახსოვს, გორის დაწყებითი სკოლის გამგე-მასწავლებელი რომ ვიყავი, ჩვენი საქმიანობა უფრო საინტერესო რომ გამეხადა, საქართველოს მთიანი რაიონების განათლების განყოფილებებს წერილი დავუგზავნე, ვთხოვდი, მათი დაწყებითი სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები გამომხმაურებოდნენ. პირველად ყვარლის რაიონის შაქრიანის დაწყებითი სკოლა გამომეხმაურა. დავამყარეთ მეგობრული ურთიერთობა. მოსწავლეები წერილებს წერდნენ თანატოლებს, თავიანთ საქმიანობაზე ესაუბრებოდნენ. მასწავლებლებიც შევხვდით ერთმანეთს და გამოცდილება გავუზიარეთ. ამით დიდი და კარგი საქმე გაკეთდა. ბავშვებმა ესეების გამართული წერა ისწავლეს. ერთმანეთს შეეჯიბრნენ. დღესაც მაქვს შენახული მათი გამოგზავნილი წერილები. პროფესიულ კავშირებში საქმიანობა უფრო მეტი ინიციატივის საშუალებას იძლევა. აქ პედაგოგთა ინტერესების, მათი შრომითი და სამართლებრივი უფლებების დაცვა და პროფესიული განვითარებისათვის ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია. ამას კულტურულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებებიც ემატება და, რომ იტყვიან, საქმე თავზე საყრელია. მარტო შარშან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ოცამდე სემინარი ჩავატარეთ, რომლებშიც 250-ზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა, სემინარების ხარჯები მთლიანად ჩვენმა ორგანიზაციამ დაფარა. ტრადიციად გვაქვს ამაგდარ პედაგოგთა ღვაწლისა და შრომის დაფასებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამართვა, მათთვის საპატიო სიგელებისა და სუვენირების გადაცემა. შუახევის რესურსცენტრის უფროსის ბატონ ედუარდ გოგრაჭაძისა და სკოლების დირექტორების გამართული მუშაობის, მასწავლებელთა საქმიანობის გათვალისწინებით განხორციელებული ღონისძიებების შედეგია, რომ პედაგოგთა შრომითი და სამართლებრივი უფლებების დასაცავად ნაკლები შრომა მჭირდება. იშვიათია სკოლებში კანონდარღვევის შემთხვევები. ჩვენი პროფკავშირები რევოლუციური კატაკლიზმების პერიოდში გვერდით დაუდგა მასწავლებელს. 90-იან წლებში, როცა მასწავლებლის ხელფასი ძალიან მცირე იყო, შევძელით და მათ უფასო მგზავრობის ბილეთები გადავეცით. ერთ ხანს ხელისუფლებამ სკოლების ოპტიმიზაცია და პედაგოგიური კადრების შემცირების კამპანია წამოიწყო. ჩვენ ეს პროცესები შევაჩერებინეთ. თუნდაც ახლა, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის, მათთვის სტატუსის ამაღლებისთვის შემუშავებულ სქემაში, ჩვენი ინიციატივით და ხელისუფლების მხარდაჭერით, ბევრი ცვლილება შევიდა მასწავლებელთა სასიკეთოდ.
– შარშან საზღვარგარეთ იმყოფებოდით. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს გასვლა?
– პროფესიული კავშირების ეგიდით ორი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე ვარ. პირველად, 2007 წლის მაისში, ქალაქ ლვოვში გამართულ განათლების მუშაკთა საერთაშორისო კონფერენციაზე გახლდით, სადაც განიხილებოდა ევროპის ქვეყნებში ერთიანი განათლების სისტემის შექმნის თაობაზე ბოლონიის შეთანხმება, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში 12-წლიან სწავლებას დაუდო საფუძველი. შარშან ბელგიის ქალაქ ლიეჟეში გამართულ ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის კონფერენციაში ვმონაწილეობდი. კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა პროფკავშირების როლზე, ევროპაში ინკლუზიური და ხარისხიანი განათლების სისტემაზე, მთავრობებსა და პროფკავშირებს შორის სოციალური დიალოგის მნიშვნელობაზე. აშკარად გამოჩნდა ევროპაში პროფკავშირების დიდი როლი და ავტორიტეტი, მთავრობებისა და პროფკავშირების კონსტრუქციული ურთიერთობები და თანამშრომლობა, რაც ჩვენი პროფკავშირული საქმიანობისთვისაც მნიშვნელოვანია.
– მოძმე უკრაინა ომის ქარცეცხლშია გახვეული. თქვენი ორგანიზაცია რას აკეთებს უკრაინიდან დევნილი პედაგოგების და მოსწავლეების დასახმარებლად?
– ეს საშინელება რაც შეიძლება მალე უნდა შეჩერდეს. ჩვენმა პროფკავშირმა ჯერ კიდევ გასული წლის მარტში 20 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა ჰუმანიტარული პროდუქტი გაუგზავნა უკრაინელ პედაგოგებს. ლიეჟეში ყრილობის მუშაობაში მონაწილეობდა უკრაინის განათლებისა და მეცნიერების პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტი ოლა ჩაბუნაკი, რომელიც, მცირეწლოვან შვილთან ერთად, ავსტრიაში ლტოლვილად იმყოფება. ჩვენი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ ევროპის პროფკავშირების კონფერენციაზე დააყენა საკითხი – რუსეთის მასწავლებელთა პროფკავშირი გაირიცხოს ევროპის პროფკავშირების გაერთიანებიდან, ვინაიდან პუტინის მხარდამჭერი, პოლიტიზებული პროფკავშირი არ უნდა იყოს ჩვენი დიდი ევროპული ოჯახის წევრი.
– საკმაოდ კარგ წამოწყებას აგრძელებთ – არ ივიწყებთ ამაგდარ პედაგოგებს.
– მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ სრულ მხარდაჭერას ვგრძნობთ სათავო პროფკავშირული ორგანიზაციისგან, პირადად ჩვენი პროფკავშირის პრეზიდენტ მაია კობახიძისგან და აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციის თავმჯდომარე ბატონი ალექსანდრე ბერიძისგან. რომ არა მათი თანადგომა, შუახევში ვერცერთი ჩვენი ინიციატივა ვერ განხორციელდებოდა. მხარს გვიჭერენ და, შესაძლებლობების შესაბამისად, გვეხმარებიან კიდეც.

 

 ესაუბრა ოთარ ცინარიძემ

წყარო: 

http://gazetiajara.ge/2023/01/20/%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%96%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90/?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR2BYxZEobweuLthI9XuzIqwCg7Vs8a93fyUbXU059RgRn7t3fJFLJSAChA_aem_TAHEKtLW9Mp9Uphvw5ZPNw