უკანასკნელ პერიოდში, ასპარეზზე გამოჩნდა პედაგოგთა უფლებების დამცველი რამდენიმე ჯგუფი. რა თქმა უნდა კარგია ცალკეული ჯგუფების საქმიანობა კეთილშობილური მოტივით, რომელიც ემსახურება ჩვენი-მასწავლებლების არსებული პრობლემების გადაწყვეტას. კითხვის ნიშანს აჩენს მასწავლებელთა ასეთი ჯგუფების დამოკიდებულება და კრიტიკა პედაგოგთა პროფკავშირის მიმართ. აღარაფერს ვამბობ, მათ განცხადებებში არსებულ, ზღვარგადასულ პოპულიზმზე.
ამ პოსტის გამოქვეყნება, სწორედ ასეთი ჯგუფების ბოლოდროინდელმა, ხელფასების ზრდასთან დაკავშირებულმა განცხადებებმა განაპირობა. თურმე, 2022 წლის აგვისტოში, მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე წამოყენებული ხელფასის მატების მოთხოვნის გამო მიიღო საქართველოს მთავრობამ 2023 წლის ოქტომბერში გადაწყვეტილება. ახლა კი, ზემოაღნიშნული ჯგუფები, 400 მასწავლებლის ხელმოწერის და პეტიციის საფუძველზე გვპირდებიან ხელფასების გაზრდას იანვრიდან. რაც მთავარია, სვამენ კითხვებს: ,,სად არის პროფკავშირი?“, ,,რას აკეთებს?“, ,,რატომ არ ითხოვს ხელფასების ზრდას?"
ძვირფასო კოლეგებო, როდესაც აკრიტიკებთ ჩვენს ორგანიზაციას, მის ლიდერებს, ელემენტარული ეთიკა მოითხოვს,გაეცნოთ მათ საქმიანობას.
პედაგოგთა პროფკავშირი საბაზო ხელფასის ეტაპობრივი ზრდის მოთხოვნით გამოვიდა 2014 წლის თებერვალში, რის შესახებაც გაკეთებულია უამრავი საჯარო განცხადება, მიმართვები და ა.შ. ჩვენ მივაღწიეთ შედეგს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, 2015 წლიდან მასწავლებელთა საბაზო ხელფასის ზრდის თაობაზე, რაზეც გაკეთდა მკაფიო განცხადებები უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან, 2014 წლის 5 ოქტომბერს. 2014 წლის მიწურულს, მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მასწავლებელთა საბაზო ხელფასი გაიზრდებოდა 2-ეტაპად, 2015-2016 აკადემიურ წელს. 2014 წლის დეკემბერში პედაგოგთა პროფკავშირმა მოამზადა მიმართვა და დაიწყო მასწავლებელთა ხელმოწერების შეგროვება, რომლის ერთ-ერთი ხელისმომწერი მასწავლებელი მე თავად ვარ. უამრავი უხეში ჩარევის მიუხედავად (მასწავლებლებს აუკრძალეს მოთხოვნაზე ხელის მოწერა) პედაგოგთა პროფკავშირმა, ერთ კვირაში მოაგროვა 17000-ზე მეტი მასწავლებლის ხელმოწერა.ვითხოვდით პედაგოგთა ხელფასები გაზრდას არა 2015 წლის სექტემბრიდან, არამედ 2015 წლის იანვრიდან. მივმართეთ ხელისუფლებას და პასუხად მივიღეთ, რომ ბიუჯეტს არ აქვს შესაძლებლობა, ვიდრე არ შეივსება.
პედაგოგთა პროფკავშირს საბაზო ხელფასის ზრდის აუცილებლობა დღის წესრიგიდან არ მოუხსნია გასულ წლებშიც, რაზედაც აქტიურად მუშაობდა. ამას ადასტურებს საჯარო განცხადებები და გადაწყვეტილებაც სახეზეა.
დღეს, თუ თქვენ შეძლებთ 400 ხელმოწერით, საბაზო ხელფასის 2024 წლის იანვრიდან ზრდის გადაწყვეტას, რა თქმა უნდა მივესალმებით!
როგორც უკვე აღვნიშნე, მაშინ განგვიმარტეს, რომ საბიუჯეტო წლის დასაწყისში პრაქტიკულად შეუძლებელია ხელფასების გაზრდა 50 ლარითაც კი, სანამ ბიუჯეტი არ შეივსებოდა.
თუ დღეს არსებობს ამის შესაძლებლობა, ჩვენ, ყველა მივესალმებით. ვფიქრობ, რომ არსებობდეს, ამას მუქარის გარეშეც გააკეთებდნენ, რადგან ხელფასების გაზრდის გადაწყვეტილება მიღებული აქვთ.
ნათია გაბროშვილი, სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდოამრე