15 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში, ევროპის მასწავლებელთა პროფკავშირის (ETUCE) და დანიის სკოლამდელი განათლების პროფკავშირის (BUPL) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება ,,ადრეული განათლების მნიშვნელობა, პერსონალის მოზიდვა, შენარჩუნება და დაფასება“.
შეხვედრა გახსნა ევროპის მასწავლებელთა საერთაშორისო გაერთიანების (ETUCE) ევროპულმა დირექტორმა სუზან ფლოკენმა. მან ევროპის ქვეყნების სკოლამდელი განათლების გამოწვევები განიხილა, რაც ევროპის უმეტეს ქვეყნებში იდენტურია და სოციალური დიალოგით, სამოქმედო გეგმის შემუშავების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფკავშირების აქტიური ჩართულობით უნდა აღმოიფხვრას.
დანიის პროფკავშირის ლიდერმა ლასე იორგენსენმა სკოლამდელი განათლების და პერსონალის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,ბავშვებს ვუქმნით მოსწავლეობის საფუძვლებს, ვასწავლით როგორია კარგი ადამიანი, ვამზადებთ ცხოვრებისთვის თამაშის და სწავლის უნარების განვითარებით“ - განაცხადა ლასე იორგენსენმა.
ევროკომისიის ,,განათლებისა და კულტურის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ჯერალდინე ლიბრეუმ ისაუბრა ევროკომისიის საქმიანობაში-სტრატეგიების შემუშავების პროცესში ,,ევროპის მასწავლებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის“ (ETUCE) ჩართულობაზე, ETUCE-თან ჩამოყალიბებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და პარტნიორობაზე.
ჯერალდინე ლიბრეუმ მსენელებს ევროკომისიის რეკომენდაციების პაკეტი გააცნო, რომელსაც ამტკიცებენ ევროკავშირის ქვეყნები. მან 5 ძირითადი თემა განიხილა: სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულთა და ხელმძღვანელობის მხარდაჭერა, ხარისხიანი სკოლამდელი განათლებისთვის კვალიფიციური კადრების მოზიდვა/დამაგრება, ღირსეული ანაზღაურება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება, პროფესიაში შესვლის ადექვატური მოთხოვნები და პროფესიული განვითარების პროგრამებით უზრუნველყოფა. სკოლამდელი განათლება ევროპის უმრავლეს ქვეყნებში ქაოტურია და ევროკომისია ახორციელებს მონიტორინგს.
ევროკომისიის წარმომადგენელმა სკოლამდელი განათლების დასაქმებულთათვის ერთ-ერთ დიდ გამოწვევად დაასახელა გადატვირთული სამუშაო დღე, საათობრივი დატვირთვა. მათ არ აქვთ პროფესიული განვითარებისთვის თავისუფალი დრო, ასევე, შეხვედრებისა და ინტერვიუებისთვის, რათა მონიტორინგის პროცესში პირველი წყაროებიდან მოისმინონ პრობლემები. კოვიდ-პანდემიამ გამოავლინა, რომ აღმზრდელ-პედაგოგებში და სხვა პერსონალშიც დაბალია ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარები და სჭირდებათ დახმარება.
ევროკომისიის წარმომადგენელმა ისაუბრა ,,შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (ILO) გზამკვლევზე ადრეული განათლების შესახებ და აღნიშნა, რომ ,,თუ საკანონმდებლო ბაზა გამართულია, მხოლოდ მაშინ მიმდინარეობს ეფექტური სოციალური დიალოგი“!
ვრცელი და საინტერესო პრეზენტაცია წარადგინა დანიის უნივერსიტეტის პროფესორმა იან თორჰაუგ ფრედერიკსენმა - ,,საუბარი არაფერს ცვლის: ადრეული და სკოლამდელი განათლების მანკიერი წრე, სტუდენტების დეფიციტი, სტატუსი და სოციალური ფონი დანიაში“.
,,სკოლამდელ დაწესებულებებში იწყება ბავშვთა უნარების ფორმირება და ამიტომ სჭირდებათ საზოგადოების მხარდაჭერა“. ,,რატომ არის დაბალი კვალიფიკაცია სკოლამდელ დაწესებულებებში? რადგან დაბალია ხელფასები.“ ,,სკოლამდელი განათლება ძვირადშესანახი დარგია!“ ,,რა უნდა გაკეთდეს? 1. უფრო კომპეტენტურად ვისაუბროთ ამ დარგის მნიშვნელობაზე, 2. გავზარდოთ ხელფასები, 3. ვუზრუნველყოთ პროფესიული განვითარების ტრენინგებით, 4. შევუქმნათ საჭირო სამუშაო გარემო და პირობები“. ეს იყო დანიელი პროფესორის ძირითადი აქცენტები.
იტალიის მასწავლებელთა პროფკავშირის წარმომადგენელმა ისაუბრა 2010 წლის საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის თანახმად, აღმზრდელ-პედაგოგისთვის სავალდებულო გახდა მაგისტრის ხარისხი. საფრანგეთის წარმომადგენელმა განმარტა ბავშვთა ასაკთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით, 3-წლამდე ასაკის ბავშვებისათვის არ არის უფასო საბავშვო ბაღი და შესაბამისად, საზოგადოების მოთხოვნაც დაბალია. მიღწევაა, რომ 3 წლიდან სავალდებულო გახდა ადრეული განათლება და უფასოა. ჯგუფში არ შეიძლება იყოს 24 ბავშვზე მეტი, მაგრამ არ არის საკმარისი შენობები. პროფკავშირის მოთხოვნაა ბავშვთა რაოდენობა შემცირდეს 20-მდე.
საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა რუმინეთის მასწავლებელთა პროფკავშირის წარმომადგენელმა ალექსანდრა კორნეამ და ადრეული განათლების დარგის განვითარებისათვის გატარებული ღონისძიებები გააცნო მსმენელებს.
საქართველოს საბავშვო ბაგა-ბაღების მდგომარეობის ფართო ანალიზი წარადგინა მაია კობახიძემ. მან ისაუბრა კანონის მოთხოვნების დადებით მხარეებზე და მისი შესრულების ნაკლოვანებებზე, რის შედეგად, ჯერ კიდევ ვერ დამკვიდრდა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის ერთიანი სტანდარტი და მუნიციპალიტეტები სკოლამდელ დაწესებულებებს მართავენ საკუთარი შესაძლებლობებისა და შეხედულებების მიხედვით. მაია კობახიძემ დადებით ტენდენციებში განსაკუთრებით გამოყო, რომ სკოლამდელი განათლება ყველა ასაკის ბავშვისთვის უფასოა, შენდება ახალი საბავშვო ბაღები. ჯერ კიდევ არ არის საკმარისი რაოდენობის შენობები, საზოგადოების მოთხოვნა კი მაღალია. შედეგად, დიდ ქალაქებში ჯგუფებში გადაჭარბებული ბავშვთა რაოდენობა და საგანგაშოდ დაბალი ხელფასები, რთულ პირობებში აყენებს სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულებს. აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსის მინიჭების პროცესი დროში გაიწელა, ჯერ კიდევ არ არის შემოღებული ცვლიანობა ყველა დაწესებულებაში და არ არის შექმნილი ხელფასების ერთიანი სტანდარტი.
ევროპის ქვეყნების ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში არსებული გამოწვევების გაცნობა/ანალიზი და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს პრობლემების აღმოფხვრის მიმართულებით.